შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მარიამ მეხრიშვილი: “გასწავლის სირთულეებთან ბრძოლას, საკუთარი თავის განვითარებას და პრიორიტეტების გადახარისხებას”

01/02/2024

მარიამ მეხრიშვილი, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ამერიკისმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამჟამად იგი Erasmus-ის გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრით პოლონეთში იმყოფება და მაზოვიის უნივერსიტეტში სწავლობს. 

– როგორ გაიგე უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლა (უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)?

– საკმაოდ პატარა ასაკიდან დავისახე მიზნად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება და სხვა ქვეყანაში სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდმა ამ გეგმის განხორციელებაში ძალიან შემიშალა ხელი, საბოლოოდ მაინც მომეცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში. ამაში რა თქმა უნდა IBSU-ს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან სწორედ უნივერსიტეტიდან გავიგე პროგრამის შესახებ რის შემდეგაც, დაუფიქრებლად გადავწყვიტე საბუთების გაგზავნა.

– რა პროცესები გაიარე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის?

– ჩემთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა, ვინაიდან მთლიანი ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი და სტრესული იყო, თუმცა წარმატების მომტანი ისევ და ისევ ჩემი აკადემიური მოსწრება და აქტიურობა აღმოჩნდა, შესაბამისად დადებითად შეაფასეს ჩემი დოკუმენტები და ინტერვიუც წარმატებით გავიარე, რის შემდეგაც შემატყობინეს რომ შემეძლო ამ პროგრამის მონაწილე გავმხდარიყავი.

– რაიმე რთული ბარიერი ხომ არ ყოფილა, ამ დროს შენთვის?

– ყველა წარმატებას აქვს თავისი რთული ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს პროცესიც საკმაოდ სტრესული იყო. ამ დროს გამოვიარე ნერვიულობა, გაურკვევლობა, დაბნეულობა და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა და ჩემი გაწეული ეს შრომაც დაფასდა.

მარიამ მეხრიშვილი: თუ სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამა ოცნებაა, ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის.

– როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა?

რა თქმა უნდა IBSU ამ დროს ძალიან დამეხმარა. როგორც გამოუცდელი სტუდენტი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამ პროცესების შესახებ, უნივერსიტეტი სრულიად მხარში დამიდგა და ეს პროცესი საკმაოდ გამიმარტივა.

– რამდენად მარტივი ან რთულია IBSU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა?

– ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი მარტივია, თუმცა მიზანი და ამ მიზნისთვის თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის სარგებლიანია.

– რისი მომტანია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, სტუდენტისთვის?

– პირველ რიგში გასწავლის სირთულეებთან ბრძოლას, საკუთარი თავის განვითარებას და პრიორიტეტების გადახარისხებას. ამ ყველაფრის კეთება კი დამოუკიდებლად გიწევს, რაც ცხოვრებისეულად გზრდის და გაძლიერებს. ამ ყველაფერთან ერთად, დარწმუნებული ვარ ჩემს კარიერულ წინსვლაში ეს პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს.

– რამდენად განვითარდა შენი ცოდნა და კარიერული წინსვლები? გაგვიზიარე შენი გამოცდილება.

– ამ პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა როგორც კარიერულად ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, აქ ყოფნამ საკმაოდ განმავითარა და დამარწმუნა იმაში რომ ახალ გამოწვევებს უარი არასდროს უნდა უთხრა.

– რა აღმოაჩინე ყველაზე საინტერესო საზღვარგარეთ, იმ უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად სწავლობ?

– ჩემთვის ბევრი რამ აღმოჩნდა საინტერესო სხვა ქვეყანაში სწავლისას. ალბათ გამიჭირდება ერთი კონკრეტულის გამორჩევა, ძალიან საინტერესოა ლექციების განრიგები, რითაც სტუდენტები სარგებლობენ. გამოცდების წყობა, და ზოგადად მათი სტუდენტური ცხოვრება.

– არის თუ არა განსხვავებები, ზოგადად სწავლის სისტემისადმი?

სწავლის სისტემაში რა თქმა უნდა იყო განსხვავებები, თუმცა არა ისეთი სერიოზული, რომ ამას რაიმე სირთულე მოეტანა ჩემთვის. არის პატარა განსხვავებები როგორებიცაა: ლექციების სტრუქტურა, მათი დილით ადრიანად დაწყება, გამოცდების თარიღები და ასე შემდეგ.

– არის ისეთი რამ, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურს ჩვენთან, IBSU-ში?

– ვფიქრობ IBSU ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. შესაბამისად,  ვერ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტში ამჟამად რაიმე ახლის დანერგვის საჭიროება არსებობს

– საინტერესოა სტუდენტური ცხოვრებაც, რა აქტივობები ხორციელდება ამ მხრივ უნივერსიტეტში და როგორი არის შენი ჩართულობა?

სტუდენტური ცხოვრება ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა ამ პროგრამის ფარგლებში. საერთო საცხოვრებელი კი ამაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან უამრავ სხვა უცხოელ თუ პოლონელ სტუდენტთან ერთად ვცხოვრობ. შესაბამისად სტუდენტური აქტივობები არც უნივერსიტეტში და არც მის გარეთ არ გვაკლია. ყოველდღიურად ვერთვებით სხვადასხვა აქტივობებში რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი კიდევ უკეთესად გავიცნოთ და დავახლოვდეთ.

– რას ურჩევ სტუდენტებს, რომლებსაც სამომავლოდ სურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა?

– პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად, რადგან სხვა ქვეყანაში მარტო ცხოვრება არც ისეთი მარტივია როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება დაინახო.  მიუხედავად ყველაფრისა, თუ ეს მათი ოცნებაა ამისთვის დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, აქტიურობა და მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება მათთვის.

 

ავტორი: ლუკა ამბალია 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting