შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ნინი შაორშაძე: “ევროპაში აუცილებლად დავბრუნდები”
30/01/2024
ნინი შაორშაძე “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ნინი, თითქმის ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, IBSU-ს” მედია ცენტრი” აქვეყნებდა ნინის ბლოგებს “მე და ევროპა” და მკითხველს უზიარებდა მის შთაბეჭდილებებს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. განათლების მიღების პარალელურად, მან იმოგზაურა ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში და დღევანდელ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორია იყო ევროპის ნაწილი.
– როგორ დაიწყო შენი წარმატების გზა ლიეტუვაში?
– “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლის პარალელურად ყოველთვის ვეძებდი ინფორმაციას გაცვლით პროგრამებზე. იმ ეტაპზე მთავარი იყო არ გამეწყვიტა კავშირი ჩემს პროფესიასთან და დავიწყე ისეთი პროექტების ძებნა, რომლებიც არ დამაშორებდა ჟურნალისტიკას. ჩემთვის არც ის იყო მნიშვნელოვანი, რომ აკადემიური წლის აღება მომიწევდა და მაინცდამაინც 4 წელიწადში ვერ დავამთავრებდი უნივერსიტეტს. გასულ წელს რამდენიმე სხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ამ პროგრამაზე არჩევანი სწორედ იმიტომ შევაჩერე, რომ რადიოში მუშაობის შესაძლებლობას მაძლევდა. როდესაც მასპინძელ ორგანიზაციას CV და სამოტივაციო წერილი გავუგზავნე, რამდენიმე დღეში მომწერეს, რომ შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდი და გასაუბრება მექნებოდა. გასაუბრებიდან მეორე დღესვე მივიღე დასტური, რომ საქართველოდან მე ამირჩიეს და ერთი წლით ლიეტუვაში უნდა მეცხოვრა. ეს დღეები კარგად მახსოვს და ალბათ სწორედ ამ დროიდან იწყება ჩემი წარმატების გზაც ლიეტუვაში.
– რა შესაძლებლობებს აძლევს ერასმუსი სტუდენტებს და გამართლდა თუ არა შენი მოლოდინები?
– მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც ერასმუს+ პროგრამის ნაწილია, გვთავაზობს შთამაგონებელ და გამაძლიერებელ გამოცდილებას, ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას და ცვლილებების მოტანის შანსს. აუცილებლად უნდა ვახსენო “European Solidarity Corp” – ევროპული სოლიდარობის კორპუსის პროგრამა, რომლის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორაგნიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას.
ნინი შაორშაძე: “ევროპაში ერთფეროვნების ადგილი არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვს სათქმელი რამე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს”
ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის დაფინანსების პროგრამა ახალგაზრდებისთვის. დაფინანსება გათვალისწინებულია გრანტების სახით ორგანიზაციებისთვის, რომელსაც მართავს ევროკომისია. სწორედ ამიტომ, ჩემი ლიეტუვაში ცხოვრების განმავლობაში, ყველა ხარჯი (საცხოვრებელი, კომუნალურები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვა ხარჯები.) იფარება ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტით. ახალგაზრდული საშვი (სერთიფიკატი), რომელსაც ჩემი გრძელვადიანი პროექტის დასრულების შემდეგ შევავსებ, მოიცავს შვიდ კომპეტენციას, რომლებიც განვივითარე:
- მრავალენოვანი კომპეტენცია;
- პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია;
- მოქალაქეობის კომპეტენცია;
- მეწარმეობის კომპეტენცია;
- კულტურული ცნობიერებისა და გამოხატვის კომპეტენცია;
- ციფრული კომპეტენცია;
- მათემატიკური კომპეტენცია და კომპეტენცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში;
- წიგნიერების კომპეტენცია. რაც შეეხება მოლოდინებს, ზოგადად არ მახასიათებს წინასწარი განწყობების შექმნა. არ ვარ არც არაჯანსაღად ოპტიმისტი, არც უკიდურესად პესიმისტი, ყოველთვის მირჩევნია ვიდგე რეალისტურ პოზიციაში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შანსი არ უნდა დამეკარგა და კარგია, რომ ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მოხდა.
– როგორია იყო ევროპის ნაწილი, შეისწავლო ევროპული კულტურა, ხალხი და გქონდეს ურთიერთობა სხვა ეროვნების ხალხთან?
– არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. მართალია სამუშაო გარემო ერთია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომ ერთფეროვნების ადგილი აქ არ არის. ერთი ადამიანის გაცნობა გაძლევს უამრავ საინტერესო ფაქტსა და თავგადასავალს. ყოველთვის აქვთ სათქმელი რაიმე ისეთი, რაც საინტერესოდ ჟღერს. კომუნიკაციისთვის ყველა მზად არის, რადგან თავადაც აქვთ ინტერესი სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. ერთი სიტყვით, ინტერესი ორმხრივია. იყო ევროპის ნაწილი გულისხმობს იმის გაგებასა და პატივისცემას, თუ როგორ ხდება იდეებისა და მნიშვნელობის შემოქმედებითად გამოხატვა და კომუნიკაცია სხვადასხვა კულტურაში. სხვა კულტურებთან შეხვედრა და მათი გამოხატვის ხერხების გაცნობა კი ამ პროგრამების გულშია. მონაწილეებმა უნდა ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ განსხვავებულ კულტურებს, ენებს, ტრადიციებს, ღიად და მონდომებით. ეს ხშირად იწვევს საკუთარ კულტურაზე დაფიქრებასა და ახალი შეხედულებების ჩამოყალიბებას. ბევრ პროექტში გამოიყენება შემოქმედებითი და მხატვრული ტექნიკის და მიდგომის სხვადასხვა ფორმა საკუთარი თავის გამოხატვისთვის. მე პირადად, აქტიურად ვარ ჩართული კულტურული და/ან მხატვრული ღონისძიებების ორგანიზებაში (როგორებიცაა: ფესტივალები, გამოფენები და ა.შ.)
– შენს სხვადასხვა ბლოგინად ვიგებთ, რომ ლიეტუვა ძალიან მოწესრიგებული და ეკონომიური ქვეყანაა. რითი გამოარჩევდი ამ ქვეყანას საქართველოსგან?
– წესრიგი და საქმისადმი დამოკიდებულება უდრის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ჩვენც უამრავი სახასიათო და საამაყო რამ გვაქვს, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობის, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებისა და დისციპლინის ხარისხი აქ უფრო იგრძნობა. ქვეყანა ასევე ცნობილია განათლებისა და სწავლების მაღალი ხარისხით. ლიეტუვა მუდმივად მაღალია ცხოვრების ხარისხშიც, რადგან ამაყობს დაბალი დაბინძურებით, შესანიშნავი ჯანდაცვის სისტემით და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით დაბალ ფასად, ვიდრე დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში.
– როგორია შენი ერთი დღე სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად?
– საინტერესო. ხშირად ვწერთ რადიო გადაცემებს, ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის განსხვავებებზე, ვიზიარებთ ერთმანეთის პიროვნულ თუ პროფესიულ წარმატებებსა და გამოცდილებებს. მახსენდება ჩემი პირველი დღეები ლიეტუვაში, როცა ძალიან უცხოდ ვგრძნობდი თავს. ერთი სტუდენტი მოვიდა და შემომთავაზა, რომ ქალაქს დამათვალიერებინებდა. არც კი ვიცნობდი, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მაშინ, როცა ეს მეც ძალიან მჭირდებოდა. ყველა დადებითად არის განწყობილი; კონფლიქტური სიტუაცია არასდროს შექმნილა. გარდა ლიეტუველი სტუდენტებისა, გავიცანი სტუდენტები მინიმუმ 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთან კომუნიკაციის პერიოდიც სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემს ცნობიერებაში.
– რა უნდა გაითვალისწინონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ერასმუს პროგრამით საზღვარგარეთ წავიდნენ?
– შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება. ალბათ, უნდა დაფიქრდნენ თავიანთ პრიორიტეტებზე. თუ მათთვისაც მნიშვნელოვანია გამოწვევები, რომლებსაც მართლაც კარდინალური ცვლილებები მოსდევს, უნდა მიიღონ. თუ უნივერსიტეტის დასრულება განსაზღვრულ დროში უნდათ და ეს შანსი დროის კარგვად მიაჩნიათ, მგონი – ცდებიან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მადლოერებას ამ პროექტისა და ყველა ორგანიზაცია/ორგანიზატორის მიმართ, ჩემი პიროვნულად გაზრდის ხელშეწყობისა და იმ უნარების აღმოჩენისთვის, რომლებზეც არასდროს მიფიქრია. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც ავთენტურად მისია. ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, ჩვენ ვიცით, რაც გვჭირდება, უბრალოდ ხანდახან გვეშინია, რომ სიახლე მივიღოთ. არავინ მოვა და შენს ოცნებებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. როცა მე შევწყვიტე შესანიშნავი დროის, შესანიშნავი გეგმისა და მომენტების ლოდინი და მიიღონ რისკი, შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც. გავხდი ჩემი ამბის მთავარი გმირი. ვალიდაცია არ არის საჭირო წარმატებისთვის, ბედნიერებისთვის და კონტროლისთვის.
– ფიქრობ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი დაგეხმარა იმაში, რომ შენი ცოდნა ევროპაში უფრო გაგეღრმავებინა
– ვფიქრობ, რომ საკმარისად კარგი თეორიული ცოდნით წამოვედი. პრაქტიკული მეცადინეობები სულ ახალი დაწყებული გვქონდა უნივერსიტეტში, თუმცა რაც მთავარი და ძირითადი იყო, ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპის მადლობელი ვარ, მათ შორის უნივერსიტეტში გატარებული წლების, ყველა დრომ რაღაც ხელჩასაჭიდი მომცა.
– აპირებ თუ არა სამომავლოდ ევროპაში დაბრუნებას და პროფესიის შეცვლას?
– ევროპაში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პროფესიის შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავ. ვინ იცის, იქნებ ჩვენც ვიცხოვროთ ერთ დღეს ევროპულ საქართველოში.
ავტორი: მარიამ ეგაძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მასალა მომზადდა საგნის “საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი II”-ის ფარგლებში.