შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
კერამიკის ოსტატის ერთადერთი სახელოსნო-მუზეუმი შიდა ქართლში
26/01/2024
გიორგი (გივი) ტატულაშვილის მშობლიური სახლი, გორში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მოჭიქული კერამიკის ოსტატი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ცოდნას მომავალ თაობებს უსასყიდლოდ უზიარებს.
გარდა იმისა რომ თიხისგან დამზადებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, როგორც ოსტატი ამბობს, შექმნის პროცესიც არანაკლებად ჯანსაღი და სასარგებლოა. „კარგი იქნება, თუ თიხასთან მუშაობის, როგორც არტ-თერაპიის პოპულარიზაცია მოხდება“ – ამბობს გივი ტატულაშვილი.
ასწლოვანი ისტორიის მქონე სახელოსნო, ტატულაშვილების სახლის ნულ სართულზე, 2019 წლის მიწურულს, გორის მერიის ხელშეწყობითა და ევროკავშირის კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით მუზეუმად იქცა და დღეს, უკვე ტურისტული ობიექტების ნუსხაშია შეტანილი. 2021 წლის ივლისში კი სახელოსნო-მუზეუმი ტურიზმის განყოფილების გაციფრულების ექსპედიციამ ,,გუგლის“ რუკაზე განათავსა.
გივი ტატულაშვილის სახლში, მე-19 საუკუნის თიხის გამოსაწვავ უნიკალურ ღუმელს ნახავთ, რომლის ანალოგი საქართველოში არაა.
კერამიკოსის ნამუშევრები მრავალფეროვანია, ის ამზადებს ფიალებს, დოქებს, სამქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს, თეფშებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელთა ღირებულება 15-დან 300 ლარამდე მერყეობს. მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო მარანზე, ღვინის ორსართულიან სასმისზე, მუშაობის პროცესია, როგორც ქართულ კულტურასთან და ღვინის ტრადიციასთან გაიგივებულ სუვენირზე.
მარანის ყველა ჭურჭელს, რომლისგანაც ის შედგება, ერთი საერთო ხვრელთა სისტემა გააჩნია და სმის დროს ერთიანად იცლება.
ამჟამად, გივი ტატულაშვილი თიხას თანამედროვე დანადგარის გამოყენებით ამუშავებს. წარსულში კი მამასთან და ძმასთან ერთად თიხას ფეხით ზელდა. ტატულაშვილების ოჯახში თიხაზე მუშაობის ტრადიცია გივის პაპისგან – ნესტორისგან მოდის და მამიდან შვილზე გადადიოდა. გივის მამა და ძმა პროფესიით კერამიკოსები იყვნენ. მართალია, ბავშვობიდან მასაც იზიდავდა საოჯახო ხელობა, თუმცა პროფესიით მშენებელი ინჟინერი, იქამდე არ დაკავდა მეთუნეობით, ვიდრე სამსახური არ დაკარგა და მამისა და ძმის დასახმარებლად თავისუფალი დრო არ გამოუჩნდა.
თეთრ ჭიქურზე მწვანე საღებავით შესრულებული ორნამენტები – ქართლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მოხატვის ტექნიკა, მისი ოჯახის ხელწერად იქცა. როგორც გივი ამბობს, ამავე ტექნიკის გამოყენება არც კახეთისთვისაა უცხო, თუმცა იმერეთში ნივთებს თიხისგან მოჭიქვის გარეშე აკეთებენ.
ალავერდის ფრესკის ანალოგი – „ქართული ჭიდაობა“
ყვითელ ჭიქურზე მომწვანო ფერის ორნამენტებით გაფორმებული ზოომორფული სასმისები.
გივის მამის, ისააკ ტატულაშვილის ნამუშევრების კუთხე
სამუზეუმო ექსპონატებს შორის არამხოლოდ ოჯახის სამი თაობის ნამუშევრებს, არამედ გივი ტატულაშვილის შეგირდების ნამუშევრებსაც იხილავთ. მათ შორის, როგორც ადგილობრივი ბავშვებისა და მოზარდების, რომლებიც თიხასთან მუშაობის ხელოვნებას ყოველ შაბათ-კვირას, დღეში საათ-ნახევარს უთმობენ, ასევე „Georgia Today”ს ჟურნალისტის, საქართველოზე შეყვარებული, ქეით დეივისის ქართული კულტურული თემატიკით მოხატული თიხის ჭურჭელსაც.
ქეითმა თიხის ჭურჭელი თვითნასწავლი მხატვრისთვის საკმაოდ რთულად შესასრულებელი ქართული ტრადიციული კომპოზიციებითა და ფრესკებით მოხატა, თუმცა როგორც მისი მასწავლებელი – გივი ამბობს, თავი შესანიშნავად გაართვა.
ტატულაშვილების კერამიკა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს, სახელოსნო არც ახლა ღალატობს ამ ტრადიციას, იმ განსხვავებით, რომ გლობალიზაციის პროცესში მისი სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნიდან ჩამოდიან, ეს სივრცე ასევე ეთმობა კულტურულ ღონისძიებებსა და ხელოვანთა შეხვედრებს.
მასალის ავტორი: გვანცა გოგიშვილი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში