შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მეწარმე ქალი, რომელმაც გურული ოდა ჩირის საწარმოდ აქცია
25/01/2024
დაკა ბერძენიშვილი: “დიდი სურვილი მქონდა ჩემს ეზოში ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც საშუალებას მომცემდა ქალაქი საბოლოოდ დამეტოვებინა და სოფელში დავრჩენილიყავი. ამიტომ,პროგრამა “აწარმოე საქართველოში” განაცხადი შევიტანე და მოვიგე კიდეც. ასე დაიწყო ჩირებისა და ჩემი თანამშრომლობა”.
– დაკა, როგორ დაიწყო თქვენი გურული თავგადასავალი?
– თავიდან, არც მქონდა გააზრებული რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა იყო ბიზნესი და როგორ კეთდებოდა ის. „ქალი მეწარმე“ – ამ ფრაზის წარმოთქმაც კი მეხამუშებოდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, ერთგვარი სპორტული ინტერესი გამიჩნდა რას და რამდენს შევძლებდი და ამ პროცესში ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. მანამდე, თბილისშიც და ჩოხატაურშიც, ოფისში ვმუშაობდი და ვიყავი კარგი თანამშრომელი. მაგრამ ახალი წამოწყების პროცესში, აღმოვაჩინე რამდენად მეტი შემეძლო, ბევრი ახალი თვისება დავინახე საკუთარ თავში და დავიწყე ზრუნვა განვითარებაზე. დავდიოდი ტრენინგებზე, ვეცნობოდი ქალების მხარდამჭერ პროგრამებს და პარალელურად პრაქტიკული ცოდნის ზრდას ახალი გამოცდილებებიც მოსდევდა და ახლა უკვე, თამამად ვამბობ ხოლმე – მე ვარ მეწარმე ქალი!
– აწყდებოდით თუ არა, სკეპტიკურ დამოკიდებულებას?
– რა თქმა უნდა, აქაურები გურულად მეუბნებოდნენ, რამ გაგააბდლა ამხელა ქალი, რა ჩირი და საწარმოო, მაგრამ მერე ყველამ დაინახა შრომაც და შრომის შედეგიც, გვერდში დამიდგნენ და ბევრ რამეს საერთო ძალისხმევით ვაკეთებთ.
დაკა ბერძენიშვილი: “რაც უფრო მეტი ძლიერი ოჯახი იქნება, მით უფრო ძლიერი ქვეყანა გვექნება”.
– რატომ მაინცდამაინც ჩირი, საიდან წამოვიდა ეს იდეა?
– წინაპრების დანატოვარი ეს სახლი, იყო ძველი და დიდი რესურსი სჭირდებოდა მის აღდგენას. სინამდვილეში, სახლი იყო ერთგვარი ტვირთი, რომელიც მინდოდა აქტივად მექცია. მე, მიყვარს ხელსაქმე, მიყვარს მიწა… აქ, ხეებს ასხია ხილი, რომელიც ბიოპროდუქტია, უწამლია. ჩამოვწერე პლუს-მინუები და მივხვდი, რომ ჩირითაც შევძლებდი არა მხოლოდ გემოვნური, არამედ ესთეტიკური სილამაზის შექმნას.
– დაკა, ამ იდეამ ისე გაამართლა როგორც ფიქრობდით და გეგმავდით?
– უფრო მეტადაც. აქ უკვე კოტეჯებიც შეემატა, თითოეულს თავისი სახელიცჰქვია: კენკრა, ციტრუსი და კურკა (იღიმის). ამ ყველაფრის დაგეგმვა, მის განვითარებაზე ფიქრიც კი სიამოვნებას მანიჭებს. ის რუტინა,რაც ჩირის დამზადებას სჭირდება – კარალიოკის გათლა იქნება, ვაშლის დაჭრა და ა.შ. უკვე სხვების კომპეტენციაა. ახლა ვფიქრობ, როგორ გავაფორმო ახალი შეკვეთები, რა სიახლეები შევიტანო გურულ სამზარეულოში… პურსა თუ კექსშიც ჩირს ვიყენებ და ტრადიციული, შემწვარი წიწილის შეზავებისასაც. თავდაპირველი იდეაც ხომ ეს იყო: გურულ ოდაში სიმინდის ფუჩეჩში შეხვეული კანფეტი.
მე, მართლაც არაფერი ვიცოდი ბიზნესის, არ მქონდა აქტივი და ამ დროს დავწერე პროექტი USAID – თვის. მომაგებინა სწორედ იდეამ, რომ 200 წლის გურულ ოდაში ყოფილიყო ჰასპის სტანდარტის ჩირის საწარმო – სოფლად გაკეთებულიყო საქმე, რომელსაც ექნებოდა ევროპული სტანდარტი.
– ახლა, როცა ქალაქის აჩქარებულ ტემპსა და რუტინაში აღარ ხართ, ბევრი რამ გადააფასეთ?
– არაერთი. 1989 წელს რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, მას მერე ვიდექი რუსთაველზე გამართულ აქციებზე და ვიძახდი “საქართველოს”. 50 წლის ასაკში მივხვდი, რომ ყველაზე დიდ საქმე ვაკეთებ აი, აქ და ახლა. იმიტომ რომ თუ წერტილს დავსვამ და შევქმნი პრეცენდენტს, რომ არაფრისგან შეიძლება ნახევარმილიონიანი აქტივის შექმნა, შემდეგ ამ მაგალითს სხვებიც გამოიყენებენ.
ჩვენ მალე, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნება. ჩვეულებრივი ადამიანი როცა შეძლებს თავისი მიწა-წყალი, მისი ეზო აქციოს აქტივად, მერე კაციშვლი ვერ მოვა ჩემთან და ვერ მეტყვის – 5 ლარს მოგცემ და ხმა მომეციო.
– ახლა უკვე უცხოელ ტურისტებსაც მასპინძლობთ, მათ შორის რუს ტურისტებს. როგორია მათი დამოკიდებულება?
– მთავარია ღირსებით დახვდე, ქართული სტუმარ-მასპინძლობით, მაგრამ ღირსებით. ამის გაკეთება შესაძლებელია. ძველ სახლში რო შეხვიდეთ, ნახავთ აჭრელებულ კედელს. თავის დროზე, შპალერის ფული რომ არ გვქონდა, ტურისტებს ვთხოვდით შთაბეჭდილებები მიეწერათ და ახლა, ყველაზე ნამდვილი და ყველაზე ლამაზი შპალერი სწორედ მათი წარწერებია. ამერიკის დროშა რომ მიფრიალებს აქ, შეიძლება არც სიამოვნებთ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეტყვის. და თუ შენით ჩამოხსნი დროშას ვინმეს საამებლად, მაშინ თავად მისცემ უფლებას აქ ჩამოგიდგეს და საკუთარი წესები გიკარნახოს, შენივე სახლში.
დაგეგმილად აქ, მხოლოდ უცხოელი სტუმრები მოდიან,რუსები ყოველთვის დაუგეგმავად მოყავთ და არ ვკადრულობ იმას, რომ ვინმე უკან გავაბრუნო და ის გიდი ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში. ჩემი კაცთმოყვარე ბუნება არ მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ვაღიარებ, ისეთივე მოქცევა არ გამომდის მათთან, როგორც ვთქვათ იაპონელებთან თუ გერმანელებთან. მთავარია, დახვდე ღირსეულად და არა ტაშ-ფანდურით. მე მათ ვუყვები ჩემს ქვეყანასა და ღირსებაზე, მაგრამ არ ვყიდი ცეკვა-თამაშს, შაბაშზე ვერ ვუმღერებ რა.
– და ბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს ან სურს საკუთარი საქმის დაწყება?
– მთავარია, საკუთარ თავს არ აუკრძალო გამბედაობა, არ თქვა, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია. თუკი შეგიძლია სცადო და გააკეთო მეტი და არ დასჯერდე ნაკლებს, წარმატებაც აუცილებლად მოვა. როცა ყველაფერში შინაარსი დევს, ყველაფერში შენი სული და გულია და ამას აკეთებ შენი ოჯახისთვის, შენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ვერავინ დაგიდგება წინ, ვერცერთი ხელისუფალი, რაც არ უნდა განსხვავებულად ფიქრობდე. როცა ადამიანი გიყვარს, შენი საქმე გიყვარს, შენი ქვეყანა გიყვარს და ამას გამოხატავ არა ფუჭი ლაპარაკით, არამედ საქმით, მაშინ ყველაფერი გამოდის!
ავტორი: ნათია შენგელია
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
მასალა მომზადდა საგნის “ახალი მედია” ფარგლებში.