შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
IBSU-ს პროდუქტიული აფილირებული პროფესორი
21/12/2023
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2023 წელს „სამეცნიერო აქტივობებში წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. მისი ხელმძღვანელობით, მიმდინარე წელს, ზემოთაღნიშნული სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო, რომლის მიზანი მაგისტრანტებისთვის ხარისხიან ინტერნეტმედიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ხოლო პროფესორებისთვის – ტრენინგების შეთავაზება იქნება.
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა მაზიაშვილმა ინტერვიუ ჩაწერა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან.
– როგორია იყოთ წარმატებული ლექტორი?
– უპირველესად გამოვეხმაურები იმას, რომ სასწავლო წლის დასაწყისში დამაჯილდოვეს ტიტულით ,,იბსუს ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ის მომენტი, როდესაც მშობლიური უნივერსიტეტისგან მერგო ეს ჯილდო. ამავდროულად მოულოდნელი და ამაღელვებელიც, რომ ხუთეულში მოვხვდი. ეს ჯილდო მერგო გასული წლის სამეცნიერო აქტივობების გამო. ვფიქრობ, ეს ცერემონიალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი იყო, რაც განმიცდია ცხოვრებაში…
– თქვენს სამეცნიერო აქტივობებზე, კონკრეტულად კი, კვლევებსა და პროექტებზე რომ მოგვიყვეთ დაწვრილებით.
-2010 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთი კვლევითი სტიპენდია თუ კვლევითი ჯილდო მაქვს მიღებული. ყველაფერს ცხადია, ვერ ჩამოვთვლი…
რაც შეეხება გასული წლის აქტივობებს, მოკლედ რომ გავიხსენო ისინი, განვახორციელე რამდენიმე კვლევა: ერთი, რომელიც წარვადგინე ევროპის კომუნიკაციის და კვლევის ასოციაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მედიამკვლევარების სექციის კონფერენციაზე. ჩემი ეს კვლევა ეხებოდა – ახალგაზრდებში სოციალური მედიის გამოყენების რისკებსა და განვითარების შესაძლებლობებს. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამ კონფერენციისა, მონაწილეობა მივიღე კიდევ ერთ კონფერენციაში, რომელიც ბერლინში გაიმართა და ერქვა სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენცია. ამ კონფერენციაზე წარვადგინე მოხსენება, რომელიც ასევე სოციალურ მედიას ეხებოდა, ჩემი მოხსენების თემა იყო – ,,სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო ახალგაზრდებისთვის”. ეს კვლევაც გამოქვეყნების პროცესშია. გარდა ამისა, 2023 წლის ზაფხულში კიდევ ერთ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. ოღონდ ონლაინ, რადგან ფიზიკურად ვერ შევძელი ჩასვლა. ,,ჟურნალების მომავალი” – ასე ერქვა ამ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც პირველად გაიმართა ლისაბონში. ამ საერთაშორისო კონფერენციაზე იწვევდენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს, რომლებიც საჟურნალო ჟურნალისტიკის თემაზე მუშაობენ. ჩემი კვლევის თემა იყო – ქართული ჟურნალების გამოწვევები ბეჭდურიდან ციფრულზე გადასვლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ წასვლას ვერ ვახერხებდი, ორგანიზატორებმა ონლაინ ჩართვა შემომთავაზეს. ამ კონფერენციის შემდეგ, სპეციალური სამეცნიერო ჟურნალი დაფუძნდა. იქ უნდა გამოვაქვეყნო ჩემი პუბლიკაცია და გარდა ამისა, ამ ჟურნალის რეცენზენტობა და სამეცნიერო საბჭოს წევრობაც შემომთავაზეს. მონაწილეობა მივიღე ასევე იბსუ-ში გამართულ ტრადიციად ქცეულ ამერიკათმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ამერიკაში 3 საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ მივიღე მონაწილოება ბოლო 2 წლის მანძილზე და წარვადგინე ჩემი კვლევის შედეგები ჩიკაგოში, ტეხასისა და ოკლახომას უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს გამოვყოფდი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ჟურნალისტური განათლების ასოციაციის კონფერენცია იყო, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. იქ წარვადგინე კვლევა, რომელშიც საქართველოს ათი მედიასკოლის პროფესორების 18 ნახევრად-სტრუქტურული ინტერვიუ გავაანალიზე. ეს კვლევა პოლონეთში გამოვაქვეყნე 2022 წელს.
ასევე პოლონეთში გამოვაქვეყნე ორი კვლევა 2023 წელს. ერთი ეხებოდა დეზინფორმაციის გავრცელებას როგორც კოვიდის, ისე პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს კვლევა უკვე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, 2 წლის წინ მივიღე ტიტუს ფილიპოვიჩის კვლევითი ჯილდო და მის ფარგლებში მოვამზადე კიდევ ერთი კვლევა, რომელიც პოლონეთში გამოვაქვეყნე და იბსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (SilkroadConference2023 ) წარვუდგინე ქართველ კოლეგებს – პოლონეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სოციალური მედიის ანალიზის მიხედვით. გარდა ამისა, კიდევ ერთი თემა მოვამზადე ფილიპოვიჩის სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის თემას პოლონურ მედიაში.
– თქვენი აღნიშნული წარმატებები პროფესიისთვის და უშუალოდ სტუდენტებისთვის რა მნიშვნელობისაა და განთლების სისტემაზე როგორ მოქმედებს?
– გავიხსენებ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, რაც ბოლო წლებში განვახორციელე სწორედ სტუდენტებისთვის. აშშ-ს საელჩოს ქართული მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში იბსუსთვის მოვამზადე „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედიის პროგრამის ანალოგიით, მისი დირექტორის პროფ. რიშელ როჯერსის ჩართულობითა და კონსულტაციებით. პროგრამის შექმნას ჩვენი, ქართველი პროფესორების ვიზიტი უძღვოდა ჩიკაგოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. სამაგისტრო პროგრამამ 2021 წელს მიიღო წარმატებული აკრედიტაცია და წელს უკვე მესამედ გამოვაცხადეთ მიღება.
რაც შეეხება კვლევით საქმიანობას, კვლევები განყენებულად არ დგას და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ვგულისხმობ, რეკომენდაციების ნაწილს. მგონია, რომ ძალიან საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით ის კვლევის შედეგები, რაც წარმოვადგინე. მაგალითად, კოვიდის დროს, კვლევა ჩავატარე როგორც ლექტორებში, ისე სტუდენტებში იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები ხვდებოდათ სტუდენტებსა თუ პროფესორებს ონლაინ სწავლების დროს და როგორ წარმოედგინათ, კოვიდის შემდგომ პერიოდში ელექტრონული სწავლების დანერგვა, იქნებოდა თუ არა მათი აზრით დასაშვები. რეკომენდაციებით, რაც ამ კვლევების შედეგად დავდე, გამოიკვეთა, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი თეორიული კურსების ონლაინ გავლას ანიჭებდნენ უპირატესობას. იგივე გამოიკვეთა პროფესორების გამოკითხვის ნაწილშიც, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ პრაქტიკის გაგრძელება თეორიულ კურსებში, განსაკუთრებით, სამაგისტრო საფეხურზე. უბრალოდ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დაშვებული არ არის დისტანციური სწავლება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ დადებითად გადაწყდება. ჩემი კვლევის პრაქტიკული შედეგი ისიც იყო, თუ რომელი კურსის დამატებას ისურვებდნენ როგორც ლექტორები, ისე სტუდენტები, მაგალითად საუბარი იყო იმაზე, რომ უნივერსიტეტების კურიკულუმს დაემატოს მედიაწიგნიერება, რაც ჩვენს უნივერსიტეტს აქვს. ასევე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხების გაშუქების სწავლება. კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ქართველ ჟურნალისტებს აკლიათ ამ მხრივ ცოდნა, მაშინ როცა ბევრ დასავლურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი საინტერესო კურსია
– ჩვენ ვამბობთ, რომ წარმატებული ხართ, რაც თითქოს მარტივად ჟღერს და მარტივადაც მოდის, თუმცა, რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი?
– მთავარი გამოწვევები დაკავშირებულია კვლევების დაფინანსებასთან. წინა ადმინისტრაცია ზრუნავდა კვლევების ხელშეწყობაზე, კვლევების განვითარებაზე. მუშაობდა აკადემიური წახალისების პროგრამა, რისი მიხედვითაც აფილირებული პროფესორი, რომელიც უცხოეთში გამოაქვეყნებდა ნაშრომს, ჰონორარს იღებდა. რაც მატერიალური წახალისება იყო. რამდენ სტატიასა თუ კვლევას გამოაქვეყნებდა, იმდენ თანხას იღებდა. ასევე ხდებოდა საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსებაც, რაც სტიმული იყო აფილირებული პროფესორებისთვის. უნივერსიტეტს წელიწადში ერთხელ შეეძლო დაფინანსება, დანარჩენს კი, პროფესორი თავისი ხარჯით ფარავდა. იმედი მაქვს, აკადემიური მიზნით პროფესორების მატერიალური წახალისების პრაქტიკა, იგივე ან კიდევ უფრო გაუმჯობესებული ფორმით გაგრძელდება ჩვენი უნივერსიტეტის ახალი მენეჯმენტის პირობებშიც.
– დასავლური უნივერსიტეტები ახსენეთ, ვიცით, რომ გიწევთ უშუალოდ ამ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, კონფერენციებში მათთან ერთად მონაწილეობის მიღება და საინტერესოა, როგორ შეადარებთ იქაურ სისტემას საქართველოს უნივერსიტეტებში არსებულ სისტემასთან?
– როგორც ევროპის კომუნუკაციისა და მედიის კვლევების ასოციაციისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაციების წევრს, მიწევს-ხოლმე დასავლელ კოლეგებთან ურთიერთობა, როცა ამ ასოციაციების ორგანიზებულ კონფერენციებში ვმონაწილეობ. როგორც მათან ვიცი, დასავლურ უნივერსიტეტებში ჩვენგან განსხვავებით, ცოტა სხვაგვარი სისტემაა კვლევების დაფინანსების, არაერთი საერთაშორისო ფონდი თუ პროგრამაა ამისთვის და გარდა ამისა, თავად უნივერსიტეტებიც სთავაზობენ თავის პროფესურას მცირე თუ მასშტაბურ საგრანტო პროექტებს
– ახლა რა ეტაპზე ხართ?
– ახლა ვმუშაობ 3 სტატიის დასრულებაზე და გარდა ამისა წარდგენილი მაქვს სამი დაგეგმილი საერთაშორისო პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან მინდა, რომ სამივეში გავიმარჯვო. თუმცა, კონკურენციაც დიდია სხვა ქვეყნების მონაწილეებს შორის. თავს იმედით ვიიმედებ, რომ მინიმუმ ერთი პროექტი ხომ მაინც გაიმარჯვებს?
ვგეგმავ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასაც, როგორც იბსუ-ში, ასევე უცხოეთშიც, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოურ კონფერენციებში მონაწილეობა, კოლეგების გაცნობისა და კონტაქტების გაღრმავების თვალსაზრისითაც
– რას ურჩევდით სხვა ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც ცდილობენ წარმატებულები გახდნენ?
– კოლეგებს რა უნდა ვურჩიო, უხერხული იქნება ჩემგან, მაგრამ სტუდენტებს კი ვურჩევდი, ბევრი იშრომონ და ბეჯითად ისწავლონ, რათა მიზანს მიაღწიონ და წარმატებულნი იყვნენ პროფესიაში. ვურჩევდი, რომ სტუდენტობისას აუცილებლად სცადონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევით სტიპენდიებში, რომლებსაც დასვლური ქვეყნები აცხადებენ-ხოლმე. ახლა მითუმეტეს, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების შემდეგ, მგონია, რომ ამის კიდევ უფრო მეტი შანსები იქნებათ.
მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი