შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ქეთი ფაქველაშვილი: სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების ხმა ადმინისტრაციაში

12/12/2023

ქეთი ფანქველაშვილი IBSU-ს ეკონომიკის (ინგლისურენოვანი) პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. იგი ფიქრობს, რომ 2023 წელი, უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო და იმ ღონისძიებებზე საუბრობს რაც დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. მასთან ინტერვიუ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ეთა სულუხიამ ჩაწერა. 

– მეც ისეთივე სტუდენტი ვარ როგორც ყველა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი მოვალეობები მაკისრია ვიდრე ჩვეულებრივ სტუდენტს. ჩემი ერთი დღე იწყება IBSU-ში მოსვლით, სტუდენტებთან უშუალო კონტაქტით, მათ პრობლემებზე საუბრით და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებით. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობაც მაგას ნიშნავს, რომ ყველანაირად სტუდენტზე მიმართულები ვარ და ჩემი სამუშაო დღის ძირითადი გეგმაც სწორედ ეს არის.

– ყველაზე ხშირად, რა სახის პრობლემების გამო მოგმართავენ სტუდენტები?

– ყველაზე ხშირად პრობლემები უკავშირდება გრაფიკს, ლექტორებს… ამ ბოლო დროის კი ყველაზე აქტუალური პრობლემა ინგლისური ენის წიგნებს უკავშირდება. წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს სტუდენტებისთვის და ყიდვის შემდეგ ვლინდება ტექნიკური ხარვეზებიც.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიდი ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის მეორე ნახევარში, შეიცვალა უნივერსიტეტის მენეჯმენტი და რექტორი. როდის და რა გარემოში გაიცანით ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა?

– IBSU-ში მომხდარმა ცვლილებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სტუდენტებში. პირველად, ახალი რექტორი, ბატონი კახა შენგელია, სტუდენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე გავიცანი, შემდეგ კი მასთან უშუალო კონტაქტიც მქონდა.

– რამდენად ჩართულია ახალი მენეჯმენტი სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში?

– ჯერ მაინც ახალი პერიოდია, დიდი ხანი არც გასულა რაც IBSU-ს მენეჯმენტი შეიცვალა. ჯერ-ჯერობით ადაპტაციის პერიოდი გვაქვს.

– სემესტრის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი ამ პერიოდში?

– ჩანიშნულია შეხვედრა, რომელსაც განათლების დეპარტამენტი ჩაატარებს. შემდეგ კვირაში კი გაიმართება “რა? სად? როდის?” – გართობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით. შემდეგ ღონისძიებებზე კი ინფორმაციას ეტაპობრივად გავავრცელებთ.

– გარდა აღნიშნული აქტივობებისა, რაც უნივერსიტეტის კამპუსში ტარდება, გარე აქტივობებიც გაქვთ? 

– დიახ, ბოლოს ვიყავით 2 დღიან ექსკურსიაზე ვარძიაში, 50 სტუდენტი.

– მსგავს აქტივობებს ადრე IBSU აფინანსებდა და რას გვეტყვით ახალ მენეჯმენტზე?

– ჯერ-ჯერობით დაფინანსების თემა ანალოგიურია წინა მენეჯმენტისა. ნაწილს აფინანსებს უნივერსიტეტი, ნაწილს კი სტუდენტები იხდიან, რადგან ეს არის ექსკურსია და არა უნივერსიტეტთან დაკავშირებული აქტივობა.

– საახალწლოდ რას გეგმავთ?

– 23 დეკემბრისთვის იგეგმება სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან საახალწლო ღონისძიება არაოფიციალურ გარემოში.

– მინდა შევეხო IBSU-ს აკრედიტაციას 2024 წლისთვის. რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე? 

–  ამ საკითხზე ინფორმაცია კარგა ხანია მაქვს და ადმინისტრაციის დიდი სურვილი ჰქონდა ამ პროცესში სტუდენტური თვითმმართველობა ჩართულიყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების ხმა ადმინისტრაციაში და სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისას ჩვენ აქტიურად დავეხმარეთ ადმინისტრაციას იმ კითხვებზე პასუხების მოპოვებაში რას სტრატეგიულ გეგმას უკავშირდებოდა.

– როგორ შეაფასებ 2023 წელს და რას გეგმავთ 2024 წლისთვის?

– 2023 წელი ნაყოფიერი, იღბლიანი და ბევრი წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დატვირთული ბევრი ღონისძიებითა და ივენთით. დამეთანხმებით, რომ სტუდენტებისთვის აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მომავალ 2024 წელსაც, ასე გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და IBSU ყოველთვის იქნება გამორჩეული ყველაზე აქტიური სტუდენტური თვითმმართველობით.

 

მასალის ავტორი: ეთა სულუხია

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting