შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ნინი შაორშაძე: შინ ევროპაში (ბლოგი)
13/11/2023
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეს, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გახსნილი გზაა, რომ “შინ ევროპაში” გაწევრიანებისთვის აქტიურად ვიმუშაოთ.
ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ცალკეულ ქვეყნებს არ შესწევთ ძალა ბაზრებზე ან უსაფრთხოების თვალსაზრისით კონკურენცია გაუწიონ ბლოკებს. მარტო ყოფნა არ არის უსაფრთხო და ხელსაყრელი, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
ნინი შაორშაძე: ევროკავშირში უნდა ვეძებოთ დემოკრატია, ხალხთა უფლებები, დაფინანსების წყაროები განვითარებისთვის; დაფინანსება, რომლის გაცემაც ღირებულებებზეა გადაჯაჭვული და მოსახლეობის კეთილდღეობა.
ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს – პატარა ქვეყანა ვართ და დიდ ბაზარზე გასვლა გვჭირდება, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოება დავიწყოთ. გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა და ჩვენი ადგილის დამკვიდრება. რაც მთავარია, ეს საქართველოს მხოლოდ ელიტებმა და მთავრობამ კი არა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. ევროკავშირს საერთოდაც არ უნდა, რომ მორიგი ღარიბი ქვეყანა მიიღოს, რომელიც მხოლოდ სარჩენი იქნება. პირიქით, ამ პატარა ქვეყნებმა საკუთარი ნიშა უნდა იპოვონ და კონკურენციას სათანადოდ უპასუხონ. სწორედ იმავეს ამბობს 1993 წელს ევროპული საბჭოს მიერ კოპენჰაგენის (დანია) სამიტზე აღიარებული სამი კრიტერიუმი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროპის კავშირში შეერთება სურთ:
- პოლიტიკური – აქვს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე აგებენ პასუხს;
- ეკონომიკური – აქვს მოქმედი ეკონომიკური ბაზარი და ძალუძს, თავი გაართვას კონკურენტულ წნეხსა და საბაზრო ფასებს ევროკავშირის შიგნით.
- სამართლებრივი – იღებს ევროკავშირში დაწესებულ კანონებსა და პრაქტიკას, კონკრეტულად კი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ძირითად მიზნებს.
კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ, ევროკავშირი გვთავაზობს პროგრამებს, ტრანზიტულ პერიოდში გამოყოფს თანხებს. მას ის დაბრკოლებები ესმის, რომლებიც რეფორმების გზაზე წარმოიშობა და ცდილობს, რომ ქვეყნები, რომლებიც გარდამავალ პერიოდში არიან, თავისი ბაზრისთვის და წევრობისთვის მოამზადოს. ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით ხდება და იგი მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებს, გარანტიებსა და ასე შემდეგ.
დღესვე რომ ევროკავშირში მიგვიღონ, ამისთვის ჩვენი ეკონომიკა მზად არ არის. ქართული ეკონომიკა და პროდუქცია ისეთ ხარისხზე უნდა გავიდეს, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს.
ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანება) კიდევ ერთი მიზეზის გამოა განსაკუთრებული.
- ყველა ის ევროპული ქვეყანა, რომელიც 2004 წელს გაწევრიანდა, გამოვიდა კომუნისტური და ტოტალიტარული მმართველობიდან და გაიარა ტრანსფორმაციების რთული გზა.
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს გასცემს გრანტების სახით. ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა „ერაზმუს+“, “ჰორიზონტი 2020“ და „შემოქმედებითი ევროპა“.
ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაშიც ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი სტანდარტებითა და ეფექტურობით, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხდება.
ნინი შაორშაძე 10 თვეზე მეტია ლიეტუვაში ცხოვრობს და აგრძელებს განათლების მიღებას.
ბლოგის ავტორი: ნინი შაორშაძე
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი