შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მარიამ ქობალია: ევროკავშირი – არჩევანის თავისუფლება განათლებისთვის
13/11/2023
8 ნოემბერს ვცდილობდი ახალი ამბებისგან მაქსიმალურად შორს ვყოფილიყავი. არ ვამოწმებდი სოციალურ ქსელებს, ტელევიზორს ხომ რასაკვირველია, არაფრის დიდებით ჩავრთავდი. საკუთარ თავს მიმდინარე მოვლენებისგან დამცავი ველი შევუქმენი, რომ დაზღვეული ვყოფილიყავი უარყოფითი პასუხის სწრაფად გაგებისგან.
ასე იშვიათად თუ მაშინებს რამე. მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან დიდი და გარდამტეხია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის. ეს კი სწორედ ასეთი იშვიათი მომენტი იყო – ამდენი ბრძოლის, პროტესტის, წყლის ჭავლთან ცეკვის შემდეგ, პასუხი რომ ისეთი არ იყოს, როგორიც გსურს, გული დაგწყდება. მეტიც – გაბრაზდები. გაბრაზდები იმაზე, რომ შენი და შენთვის ძვირფასი ადამიანების ღირებულებები არ იქნა გათვალისწინებული და ისევ ჩაებმები ქაოტურ ყოველდღიურობაში, საიდანაც ამოსვლისთვის უკვე ხავსს
თუ მოეჭიდები. დიდი იმედი ხომ გაცამტვერებულია. აზრები თავისით, დაუკითხავად დაქროდნენ გონებაში, როდესაც მწარე ფიქრის პროცესი ტელეფონის ზარმა გაწყვიტა. ახლობელმა დამირეკა, ეს რა ხდება, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და ვერაფრით ვიჯერებ, ტყუილი მგონიაო. არც კი მახსოვს, მგონი, ვერც ვუპასუხე, ვუთხარი ერთი წამით მეთქი, გავუთიშე და მაშინვე გავარღვიე ის დამცავი ველი, რომლითაც თავი შემოვისაზღვრე დანარჩენი სამყაროსგან. ვკითხულობდი ახალ ამბებს და თავი სიზმარში მეგონა, ეს რეალურად ხდებოდა – ყველამ აღიარა, აღიარეს საქართველოს ევროპული მომავალი.
ნათესავს დავურეკე და ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდით ვუთხარი, ეს კანდიდატის სტატუსი კი არა, კანდიდატის კანდიდატის სტატუსია მეთქი. წარმოვიდგინე, “კანდიდატის კანდიდატის სტატუსმა” რომ ასე გაგვახარა, ნამდვილ კანდიდატის სტატუსზე რა რეაქციები იქნება, უკვე გაწევრიანებაზე აღარაფერს ვამბობ.
ყველას რომ განსაკუთრებულად გვიხაროდა, ამაში მთელი დღის მანძილზე დავრწმუნდი – ჯერ Facebook პოსტებზე ყველაზე მეტი რეაქცია, შემდეგ კი ევროკავშირის დროშით გაფერადებული ქუჩები და ეკრანები. ვზეიმობთ დიდ გზას – საბჭოთა კავშირიდან აქამდე, ვადარებთ და ვხვდებით, მაშინ, როდესაც უკეთესი რამის არსებობაზე არ ვიცოდით, რამდენი დაგვიკარგავს.
მარიამ ქობალია: საერთოდ, ასე ხდება ხოლმე – როდესაც რაღაც უკეთესს იგემებ, უკან დაბრუნება აღარ გსურს. ეს არის რეალობა, რომელმაც დაგვანახა, სად და როგორ შეგვიძლია უკეთ, უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრება. ბოლოს უკვე ამის დათმობა გაგვიჭირდა, შეძლებისდაგვარად ყველას ვაჩვენეთ, მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შანსს ხელიდან აღარ ვუშვებდით.
მაშინ, როდესაც ვერ წარმომედგინა სხვა სამყაროს არსებობა, ვსწავლობდი რუსული სახელმძღვანელოებით და ეს აბსოლუტურად ნორმალური მეგონა, თურმე ამ ბადის მიღმა რამდენი რამ ხდებოდა. არც კი ვფიქრობდი განსხვავებულის, უკეთესის არსებობაზე, სანამ გავიზრდებოდი, სანამ დავინახე – ჯერ შორიდან, შემდეგ უკვე ევროპის შუაგულიდან.
გააზრებასთან ერთად მოვიდა ბრაზი, რომ ამდენი წლის მანძილზე რუსეთი არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ კონტროლირებად ნაწილსაც უზღუდავდა არსებობის საშუალებას. არსებობის, თან ელემენტარულ დონეზე. ვფიქრობდი, როგორ ვსწავლობდი რუსულ ყაიდაზე დაწერილ ისტორიას, როგორ გვაყრიდნენ თვალებში ნაცარს და ცოტას თუ გვერგო იმის ბედნიერება, ტყუილი
მართალისგან გაგვერჩია.
მე და კიდევ ბევრმა ახალგაზრდამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასე ცხოვრება ვისწავლეთ. ნებით თუ უნებლიედ, საღი აზრის კორიანტელმა თავზარი დაგვცა, მაგრამ რეალობა დაგვანახა. გავაცნობიერეთ სად ვიყავით, რისი გაკეთება შეგვეძლო და როგორ. ამდენი წლის მანძილზე, ბევრჯერ სვამენ კითხვას – რას ცვლის ეს ყველაფერი?
იმდენ რამეს, რომლის გააზრებაც ამდენ წლიანი ბრძოლის შემდეგაც კი ჭირს. პირველ რიგში, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავისუფლებას. გადაადგილების თავისუფლებას. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას – აქ და სხვა ქვეყნებში. საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებები მიზნებად იქცევა. ახლა რომ ისიც სადარდებელია თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში თანხა როგორ გადავიხადოთ ეკონომიკური კრიზისის დროს, მერე ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის სტიპენდიებზე ვიფიქრებთ და ნამდვილად გვეცოდინება, რომ თუ საკმარისად მონდომებულები ვიქნებით, ვიბრძოლეთ ისე, როგორც
აქამდე ვიბრძოდით და არ დავნებდებით, ჩვენი შრომა დაფასდება.
სწორედ ეს არის ევროპა ჩემთვის – თავდადება, ბრძოლა, შრომა, თანასწორობა ყველგან და ყოველთვის.
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ქობალია გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ბლოგია ავტორი: მარიამ ქობალია
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი