შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
აღმოჩენებით სავსე სახლი
07/11/2023
სახლი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – სოლოლაკში მდებარეობს, “გალერეა 27”-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხელოვანებს და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას.
გალერეა, 2013 წელს მხატვარმა ნინო ყვავილაშვილმა დააფუძნა და სავსეა როგორც მის მიერ, ასევე სხვა ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებით. სივრცის მენეჯერი, ნუცა ერისთავი, გვიყვება, რომ გალერეის დამფუძნებელი ბევრს მოგზაურობს და ძალიან უყვარს სხვადასხვა ქვეყნების სუვენირების მაღაზიები. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც გაიყიდებოდა ქართული წარმომავლობის ქართული ნივთები.
“აქ ძალიან ცოტა იყო ასეთი მაღაზია. ახლაც არის სუვენირების მაღაზიები, სადაც არ არის ქართული წარმოების ნივთები – არის ჩინეთში დამზადებული და დაბეჭდილი; არსებობს ბარბის ტანზე მორგებული ქართული სამოსი, არის უცნაური ფორმის ხინკლები,რომლებსაც აქაურობსთან კავშირი არ აქვთ” – ამბობს ნუცა ერისთავი.
“ნინო ტექსტილზე მუშაობს მრავალი წელია, ასევე ყოველთვის მჭიდრო და ახლო კომუნიკაცია ჰქონდა სხვა ავტორებთან. გაუჩნდა იდეა ისეთი ადგილის სადაც, თავდაპირველად, თავისი ნამუშევრებს და შემდეგ უკვე სხვა ავტორების ნამუშევრებს გამოფენდა. მერე უკვე შემოიკრიბა ბევრი სხვა ქართველი ავტორი, თავდაპირველად იყვნენ 20-მდე, მერე გაიზარდნენ, ახლა კი ლამის თითო ნივთი, არის სხვადასხვა ავტორის და სხვადასხვა სახელოსნოსი”.
ამჟამად “გალერეა 27” 200-ზე მეტი ქართველი ხელოსნისა თუ ხელოვანის ნამუშევრებს უყრის თავს. სივრცის სახელის ისტორია დაარსების წლიდან მოდის, როდესაც ის თავდაპირველად 27 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. გალერეა გაფართოვდა, გამრავალფეროვნდა, მაგრამ სახელი სიმბოლურად დარჩა.
გალერეის მომხმარებლების 90% ჩამოსული სტუმრები ან აქ მცხოვრები უცხოელები არიან, რომლებიც ქართული ეთნო ხასიათის ნივთებს ეძებენ.ძირითადი მასალები, რომლებითაც პროდუქციას ამზადებენ არის ნაჭრები, ტყავი, ხე, კერამიკა და მინანქარი. ბეჭდური სახით წარმოდგენილია ღია ბარათები, პოსტერები, ბარათები ქართული ანბანით და მაგნიტები. “მაგნიტები არის ყველაზე იაფი, იწყება 4 ლარიდან. გვაქვს 3 ლარიანი ბარათები და ქაღალდის სანიშნეები. ფასები იწყება 3 ლარიდან და ადის დაახლოებით 3000 ლარამდეც, გააჩნია პროდუქციას”.
გალერეის მენეჯერი აღნიშნავს, რომ თითოეულ ნამუშევარი დიდი შრომის ფასად მზადდება, შესაბამისად, პროდუქციის ფასები აბსოლუტურად გამართლებულია ხარისხთან მიმართებაში: “ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო ხარისხის ქართულ ხელნაკეთ ნამუშევრებს, რომლებსაც არანაირი წუნი არ აქვს, არის ძალიან მაღალი ხარისხით დამზადებულ. ჩვენთან, გარდა ბეჭდური ღია ბარათებისა და რამდენიმე სახის სუფრისა, არაფერი მეორდება. კერამიკის ნამუშევრები, სამკაულები, რადგან ხელნაკეთია, არის უნიკალური. რაც არ უნდა მოინდომოს ავტორმა, მსგავსს ვერ გაიმეორებს. როდესაც ვინმე იტყვის, რომელიმე ნივთი ძვირიაო, აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის უნიკალური და ავტორის ფანტაზიის, ენერგიის და უდიდესი შრომის შედეგი”.
ერთნო ხასიათის სუვენირებიდან მაღაზიის ყველაზე გაყიდვადი ნივთი არის ლურჯი სუფრა, რომელიც არამატერიალურ მემკვიდრეობად მიიჩნევა და ასოცირებულია ინდიგოსთან. გალერეაში ნატურალურ მასალაზე დამზადებული ლურჯი სუფრები 60, ხოლო პოლიესტერზე დამზადებული 30 ლარიდან ზევით იყიდება.
გალერეის ვიზუალური ასპექტებიდან მნიშვნელოვანია გამოიყოს ლურჯი ფერის დომინაცია. მენეჯერის თქმით, ეს იდეა მათ იმიტომ დაებადათ, რომ ლურჯი ბევრი ავტორისთვის კომფორტული ფერია თავისი მანებით და ქართული სიმბოლიკით. “ადრე სადაც ვიყავით, ვიტრაჟებიან სახლში, რადგან პატარა სივრცე იყო, არ იყო ამხელა საშუალება, რომ ასე თემატურად დაგველაგებინა ნივთები. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ერთი დიდი ლურჯი მაგიდა მოგვეწყო, სადაც მხოლოდ ლურჯი ნივთები გვექნებოდა. ტექსტილის განათებები და ლამპები რაც არის, ასევე ნინოს შექმნილი, საკმაოდ ბუნებრივად გამოვიდა ამ ფერებში”.
გალერეის მენეჯერი ამბობს, რომ ყველა ქართველ ხელოვანს აქვს თვითრეალიზების საშუალება, თუმცა არსებობს გარკვეული სტანდარტები: “პირველ სტანდარტი არის ის, რომ ნივთი უნდა იყოს მაღალი ხარისხით შესრულებული და უნდა მოგვეწონოს ჩვენ, იყოს გამძლე, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ნივთია. თითოეულ ნივთს ვარჩევთ, რომ არ იყოს დაზიანებული, ვინაიდან ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ სტუმრებთან, რომლებიც აქ ცოტა ხნით არიან, ყიდულობენ რაღაცას და მიდიან”.
“ჩვენ გვინდა ხოლმე, რომ უცხოელებმა საქართველოს პატარა ნაწილი წაიღონ, რაც ასოცირდება ქვეყანასთან” – ამბობს ნუცა ერისთავი.
მასალის ავტორები: ანა მაზიაშვილი, მარიამ ქობალია
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები