შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ნათია შენგელიას პირველი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში (ფოტორეპორტაჟი)
13/10/2023
კავკასიძეების ციხე და ეკლესია რომ წყალმა დაფარა, კიდევ ერთხელ ამიწრიალდა ფიქრი, რომ მოსასწრებია…
ყველაფერი მოსასწრებია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება.
აქამდე, გონებაში უამრავჯერ გავლილი გზა, ახლა რეალობად იქცა და ტაო-კლარჯეთისკენ გადაიკლაკნა.
თურქი მესაზღვრეები, 90-მდე ქართველი ახალგაზრდის დანახვისას, ზუსტად ხვდებიან სად მივდივართ და რატომ… ლოდინის დრო უსასრულოდ გაიწელა თითქოს, მერე ისევ გზა და დაღლილობა…
გიდის ხმა გვაფხიზლებს: “პირველი გაჩერება – ხანძთა”.
ტყეში პატარა ბილიკი ადის, ანჯარა წყარო კი ჩვენს დასარწყულებლად მოედინება თითქოს…
ავედით და პირველი, რასაც ვხედავ – ცაა, რომლის ქვეშეთშიც დანგრეული ტაძარიც კი მშვენიერია…
გარშემო ფერდობებზე ამაყად ფრიალებენ თურქული დროშები, უხმო მოწმეები იმისა, ახლა ვისად ქცეულა, ბაგრატოვანთა ისტორიისა და საქართველოს სულიერების კერა…
მაგრამ,
ვიღაცას ჩვენამდე და ჩვენზე ურჩად ჯიუტს, ჩვენივ სამშობლოსავით პატარა და მაინც ლამაზი- ქართული დროშა დაუტოვებია ტაძრის სარკმელზე.
მეორე დღე არტანუჯის დალაშქვრით იწყება…
ამ მწვერვალებს ცამდე კიბე მიუდგამს და ციხის ნანგრევებამდე მისვლა გადაულახავ დაბრკოლებად მეჩვენება. თუმცა ერთმანეთის დახმარებით და ხელის ჩაკიდებით, ყველანი მაღლიდან გადმოვცქერით სილამაზეს, სადაც ასფალტდაგებული გზაც კი ბუნებრივად ერწყმის გარემოს.
დოლისყანამ არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ბროწეულითა და კარალიოკითაც გვიმასპინძლა
სიცოცხლის გასაგრძელებლად გზა რომ იპოვა და ტკბილი ნაყოფი აქვს გამოწვდილი ფრესკებწაშლილი კედლებიდან…
შემდეგ, ხავსიან კედლიდან ოშკის ანგელოზი გვეგებება…
აქაურობა ყველაზე მეტ სევდას იტევს…
შემურული კედლები, ბალახმოდებული შიდა სივრცე, გულამოცლილ ადამიანს მაგონებს თითქოს…
ხახული ყველაზე მოვლილი დაგვხვდა, მეჩეთად ფუნქციონირების გამო…
ადგილობრივი მოლა კეთილ ნებას ავლენს, ტაძარს გვიღებს და დათვალიერების საშუალებას გვაძლევს.
ჩვენც, მათ ადათს ვემორჩილებით, ფეხზე ვიხდით და ისე შევდივართ…
აქ, პირველად მომდის ცრემლები…
ოთხთავის ნახვისას, ერთხელ სითამამენაპოვნ ცრემლებს აღარ ერიდებათ – არც ჩემი თავშეკავებულობის და არც გარშემომყოფების…
ისეთი ფერებია, ვანდალურმა წარწერებმა თუ წლების ნადენმა წვიმამაც რომ ვერ გააქრო ბოლომდე…
იშხანი რესტავრაციის გამო დაკეტილი, თუმც ყველაზე იმედიანად დაგვხვდა….
არანაირი ნანგრევები…
დგას და თვალს გჭრის ვერდაძველებული სილამაზით…
ბოლო გაჩერება ბანაა…
გიდმა, შოკისმომგვრელ ბოლო ლუკმად რომ მოიტოვა უდავოდ.
ფერად ბორცვებში გადაშლილი უდაბნო და მის გულში ამოწვერილი ბანა…
უცნაური განცდა იმისა, რომ ეს ყველაფერი შენი ნაწილია და იქ ჩატოვებული ფესვი, საუკუნეებს აქეთ, გულში გაქვს ამოწვერილი…
მოვდივარ და ვფიქრობ, როდის დავბრუნდე ისევ…
ბლოგის ავტორი: ნათია შენგელია
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი