შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ანო ტვილდიანი: ქალებმა საკუთარი თავის და სხვა ქალების გაძლიერება უნდა ვისწავლოთ
11/10/2023
ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია, პირველი საერთაშორისო კონკურსი და პირველი საერთაშორისო გამარჯვება მიგრანტი ქალების თემაზე შექმნილ მასალას უკავშირდება.
ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, მათი ტკივილები და პრობლემები, საქართველოში მწვავედ დგას. საზღვარგარეთ 3-4 წლით წასული ქალები იქ საბოლოოდ 10-15 წელი რჩებიან და ბევრი მიზეზის გამო, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
ანო ტვლიდიანი: “ჩვენი ქვეყანა გენდერულად ძალიან მგრძნობიარეა, განსაკუთრებით რეგიონებში, საიდანაც თითქმის ყოველთვიურად ვრცელდება ინფორმაცია ფემიციდის, ნაადრევი ქორწინების, უთანასწორობის თუ ჩაგვრის შესახებ. ეს თემები ძირითადად მაშინ ხდება საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როცა ყველაფერი ტრაგედიით სრულდება. ამის შეცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კი ცნობიერების ამაღლებაა. საჭიროა საუბარი, მსჯელობა, ანალიზი და მოქმედება. ქალებმა საკუთარი თავის და სხვა ქალების გაძლიერება უნდა ვისწავლოთ”.
არის ხოლმე რაღაცები, რაც შენს ცხოვრებაში სწორ დროს და სწორ ადგილას ჩნდება. საერთაშორისო სემინარზე წასვლის შანსი IBSU-ს ლექტორის და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ოლიკო ცისკარიშვილისგან მივიღე. სწორედ მან შემომთავაზა კონფერენციაში მონაწილეობა.
სექტემბრის დასაწყისში, ბათუმში, ქალ რეპორტიორთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, „გენდერული სამართლიანობის ჟურნალისტიკა კონფლიქტის დროს“, სამი არაჩვეულებრივი დღე გავატარე.
პირველ რიგში, შეგვიქმნეს მეგობრული, სანდო და კომფორტული გარემო, რაც უმნიშვნელოვანელია მსგავსი შეხვედრებისთვის.
ქართველ და უცხოელ ორგანიზატორებთან ერთად, კონფერენციაში 60 ჟურნალისტი მონაწილეობდა. დავესწარით სემინარებს, შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები და მონაწილეობა მივიღეთ აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების ხელშეწყობა, ყალბი ამბები, მანიპულირება და პროპაგანდა. გაყინული კონფლიქტები, ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და სხვა.
ასევე ძალიან საინტერესო იყო პრაქტიკული დავალებები, როდესაც რამდენიმე გუნდად დავიყავით და მოვამზადეთ პრეზენტაციები ქალთა უფლებებზე, მათ როლზე და გაძლიერების გზებზე.
ეს დასკვნითი კონფერენცია იყო. იქამდე მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ამ ინიციატივის მხარდამჭერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალთა უფლებების გაძლიერებით.
პუბლიკაციების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა 9 ოქტომბერს, 9 გამარჯვებული, 3 საპრიზო კატეგორიაში. კონკურსში სულ 130 კანდიდატი მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის თითო წარმომადგენელი ესწრებოდა.
მომავალში, თითოეული მათგანი საკუთარ სათქმელს იტყვის, აღმოაჩენს გმირებს, გააცნობს მათ ფართო აუსიტორიას და იბრძოლებს იმისთვის, რომ სემინარებზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა საკუთარი ხალხის დასახმარებლად გამოიყენოს.
მათ შორის ვიქნები მეც, ვინც ამ შეხვედრების შემდეგ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებისთვის საჩუქრად პროფესიონალური ფოტოკამერა მიიღო, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ფოტოგრაფიის მოყვარულისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
ანო ტვილდიანის მიერ კონკურსისთვის მომზადებული მასალა:
უდედოდ დარჩენილი საქართველო ანუ ემიგრანტი ქალების ამბავი
ბლოგის ავტორი: ანო ტვლიდიანი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული