შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
გია ჯაჯანიძე: “ადამიანს პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღვიქვამ“
08/06/2023
ვინც გია ჯაჯანიძეს მხოლოდ ტელევიზორით იცნობთ, დიდი სიურპრიზი გელოდებათ. მრავალი წელია მაყურებელი ტელეეთერით ადევნებს თვალს და მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა მისი გარეგნობითა თუ ქცევებით. მან ჩვენთან ბევრი საინტერესო დეტალი გააჟღერა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა. ვნახოთ, როგორია გია ჯაჯანიძის ეკრანული და ეკრანს გარეთ ცხოვრება, რა კომპლექსები აქვს ტელეწამყვანს, როგორ მიაღწია ასეთ ცნობადობას და გავეცნოთ მის პოლიტიკურ შეხედულებებს.
- ბატონო გია, საკმაოდ ცნობილი ტელეწამყვანი ხართ, თუმცა შესაძლოა გაქვთ ისეთი პროფესიებიც, რომლებზეც ინფორმაცია შეიძლება არ გვქონდეს. შესაბამისად, პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი თავდაპირველი პროფესია რა იყო?
- მე პროფესიით ვარ კინორეჟისორი და ჟურნალისტი. ასევე დაახლოებით 40 წლის ასაკში ჩავაბარე ფილოსოფიურზე, ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორიც. ამჟამად კი 42 წელია ვმუშაობ ტელევიზიაში.
- თქვენზე ამბობდნენ ფსიქოლოგიაო, მეგონა ამასაც იტყოდით.
- არა, როგორც ასეთი, ფსიქოლოგია დამთავრებული არ მაქვს. ეს უბრალოდ „მომაწებეს“ იმიტომ, რომ მეგობრებს კარგ რჩევებს ვაძლევდი.
- და მაინც, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ტელევიზიაში?
- ჯერ ვმუშაობდი კინოსტუდიაში გამნათებლად და მუშად, პარალელურად კი თეატრალურშიც ვაბარებდი. ტელევიზიაში თითქმის ყველაფერზე ვიმუშავე. თავდაპირველად რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, მერე უშუალოდ ჟურნალისტად ვმუშაობდი, ოპერატორად, მონტაჟისტად. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი ტელევიზიაში.
- ძალიან დიდი ხანია ,,სხვა რაკურსის“ წამყვანი ხართ და ეს პროექტი დღემდე დიდი რეიტინგით სარგებლობს. როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ამ გადაცემამ მართლაც რომ დროს გაუძლო?
- ნამდვილად, 10 წელია უკვე არ დავარდნილა მისი რეიტინგი. ამ პროექტის წარმატების გასაღები ის არის, რომ ეს გადაცემა ნამდვილია. არცერთ შოუში არ ხდება, რასაც ახლა გეტყვით. მე ჩემს რესპოდენტებს წინასწარ არ ვხვდები და არ ვეუბნები კითხვებს. უბრალოდ ვიცი რაღაც ამბავი და დამთავრდა, დანარჩენი გადაცემაში ხდება ბუნებრივად. ჩემს შოუს ძირი აქვს ნამდვილი, არ არის დადგმული და ხალხსაც ეს მოსწონს. ასევე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი გადაცემის თემატიკის მრავალფეროვნებაა.
- და გაამართლა ამ გადაცემამ თქვენი მოლოდინები?
- გამაართლა და გადააჭარბა კიდეც. ამის შემდეგ ხალხისგან იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, არ ვიცი.
- მიუხედავად ასეთი წარმატებისა, გარდაუვალია ოდესმე რაღაც გადაცემის დახურვა და ახლის წამოწყება. ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ,,სხვა რაკურსის“ დახურვის შემთხვევაში იცით რასაც გააკეთებთ, თუმცა მაშინ არ გაასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია. იქნებ გაგვანდოთ, რა გაქვთ იდეაში?
- გარანტია არ მაქვს რომ ეს პროექტი განხორციელდება, თუმცა ძალიან მომწონს და გეტყვით. მინდა გავაკეთო ბორბლებზე შემდგარი დიდი ტელევიზორი და შემოვიარო მთელი საქართველო. გავჩერდები ქალაქებში, ამოვიყვან ხალხს, გავესაუბრები. ხალხმა დამარწმუნდა საკუთარ თავში და იმედიც მაქვს, რომ ეს გამომივა. თან ხალისის მომტანიც ვარ, ეს ნამდვილად ვიცი.
- განსხვავდება თუ არა გია ჯაჯანიძე ტელევიზიასა და რეალურ ცხოვრებაში?
- კი, განსხვავდება. ეკრანზე თითქმის სულ ვერთობი, რეალურად კი საერთოდ არ მიყვარს წვეულებები, გართობა და ხალხმრავლობა. მარტოობა უფრო მიყვარს, ამ დროს სულიერად ვისვენებ, რადგან რეალურად დასვენება საერთოდ არ მაქვს გრაფიკის გამო.
- ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, საინტერესოა, რომელ მოგზაურობას გამოარჩევთ?
- არცერთს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოგზაურობა არ მიყვარს. არის ერთი ანდაზა: ,,რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდეს.“
- დიახ, მაგრამ ეკრანებზე რასაც ვხედავთ, საერთოდ არ გეტყობათ, რომ თქვენ მოგზაურობა გეზარებათ
- იმიტომ, რომ საინტერესოა. ბევრ რამეს ნახულობ,მიხარია, მიყვარს რომ ჩავდივარ, თუმცა არაფრით არ ვარ აღფრთოვანებული. ამერიკაში 25-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ მერე რა, საქართველო მირჩევნია. საქართველოს გარეშე ვერასდროს ვერ გავძლებ.
- ძალიან ბევრი სტატიაა დაწერილი თქვენზე, იქიდან გამომდინარე, რომ აქტუალურობას არ კარგავთ. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა თქვენზე დაწერილ სტატიას გაუღიზიანებიხართ?
- ცოტა ვრცელი ისტორიით დავიწყებ. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი ინტერვიუ მივეცი გაზეთს ,,ეკრანის ამბები“. ბოლო სამი დღე ნერვიულობით ვკვდებოდი, არ ვაჭარბებ მართლა. რომ ვნახე ინტერვიუ შოკში ჩავვარდი, უბედნიერესი ვიყავი და ერთი სული მქონდა ყველას ენახა. ჟურნალისტს ინტერვიუს რომ ვაძლევ, შედეგებისთვისაც მზად ვარ. თუ სწორად ილაპარაკებ, ვერაფერს ვერ დაამახინჯებს და თუ მაინც ასე მოიქცა, ესე იგი უნდოდა და გააკეთა, არ დავეძებ, შესაბამისად არც ჩემზე დაწერილ სტატიებს დავეძებ დიდად. ეს კი არა, რომ მლანძღავენ იმაზეც არ ვღიზიანდები. ყველა ისე გხედავს, როგორც უნდა, მთავარია მე ვარ ბედნიერი.
- გეტყობათ, რომ ძალიან თავისუფალი ადამიანი ხართ, მაგრამ თითქმის არასდროს საუბრობთ თქვენს კომპლექსებზე. რა გაკომპლექსებთ, რასაც ვერ ვხედავთ?
- გამოკვეთილად მართლა არ მაქვს რამე კომპლექსი. მაგრამ ხანდახან ჩაცმულობის გამო სადმე წასვლის კომპლექსი მაქვს, ვგულისხმობ ოფიციალურ გარემოს. მაგალითად, უცებ თუ გავიგე ვინმე გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა მივიდე, ვერ წავალ თუ შესაბამისად არ მაცვია იმ მომენტში. კარგად მოგეხსენებათ როგორ მიყვარს განსხვავებულად ჩაცმა. თუმცაღა, ალბათ ყველაზე დიდი კომპლექსი მაქვს მაშინ როცა ადამიანები მირეკავენ და მთხოვენ გადაცემაში მოწვევას.
- ხშირადაა მსგავსი მომენტები?
- ძალიან. სპეციალურადაც დავაპირე ყველა ასეთი ადამიანის მოწვევა, ოღონდ რუბრიკას ერქმეოდა ,,გამომაჩინე ტელევიზორში“ და არავინ აღარ მოინდომა მოსვლა (იცინის).
- რა გაჟღერებულა ხალხისგან თქვენ მიმართ, რამაც დიდი უსამართლობის შეგრძნება დაგიტოვათ?
- ის, რომ ყალბი ვარ. ნახონ როგორ ვზივარ ლილოში და ვსვამ ყავას, როგორ დავდივარ ბაზარში და ვზივარ ჩვეულებრივ გამყიდველებთან. მე უბრალოება მიყვარს და საერთოდ არაა ის ჩახუტება და სიყვარული ყალბი, რასაც ტელევიზორში ხედავთ. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა.
- ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ძალიან გინდოდათ ბიძინა ივანიშვილისგან აგეღოთ ინტერვიუ და სხვა რაკურსით დაგენახებინათ ხალხისთვის. დღესაც გაქვთ ამის სურვილი?
- ეს ისეთი სურვილი იყო, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანთან მენდომებოდა ინტერვიუ. როგორი კუთხითაც იცნობს მას მომხრე, მოწინააღმდეგე თუ ვიღაც სხვა, ვიცი, რომ არის რაღაც ახალი რაკურსი, რომელიც მინდა მაყურებელს ვაჩვენო.
- უფრო რომ დააკონკრეტოთ?
- წარმოვაჩინო მისი უბრალო მხარე, თუნდაც ის ფეხშიშველი რომ დადის და ისიც უბრალოდ ადამიანია. ისეთი მხარე, რომელიც ვერც სხვას და ვერც მე რომ ვერ წარმომიდგენია. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის ნახატი მაქვს დახატული, რომელიც ახლა სახლში მიდევს.
- სახლში რატომ?
- არ მომეცა შესაძლებლობა შეხვედრის.
- ეს უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს?
- ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი ვარ საქართველოში. ყველა პრეზიდენტს უღალატა გარემოცვამ და მე ყველა მტკივა, განურჩევლად. ვფიქრობ, ამ კუთხით ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული ადამიანი ვარ.
- ანუ თვლით, რომ აპოლიტიკურობა და დემოკრატია ერთმანეთის პროპორციულია?
- დიახ, მე ვთვლი ასე. ადამიანს პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღვიქვამ, არ შემიძლია.
- დაბოლოს, რას გვირჩევთ სტუდენტებს?
- ერთადერთ რამეს გეტყვით, იცხოვრეთ საინტერესოდ. მერწმუნეთ, რომ უფრო წარმატებულები იქნებით. და კიდევ, არცერთი ლექტორი არ დაივიწყოთ, კარგიც და ცუდიც, ორივე განგავითარებთ.
მასალის ავტორი: ელენე სავანელი
ინტერვიუ მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის
სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.