შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მარი ლეთოდიანის რუბრიკის სტუმარია IBSU-ს აზიის კლუბის ხელმძღვანელი თეკლა მამფორია
07/06/2023
IBSU რადიოში მარი ლეთოდიანი სტუდენტური კლუბების შესახებ რუბრიკას ამზადებს. მისი დღევანდელი სტუმარია “აზიის კლუბის” ხელმძღვანელი თეკლა მამფორია.
– მოგესალმები თეკლა, მადლობა, რომ ხართ ჩვენთან. დავიწყოთ თავიდან, როგორ გაჩნდა შენი ინტერესი აზიური კულტურის მიმართ?
– ინტერესი აზიური კულტურისადმი ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მქონოდა შეხება სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან, შედეგად ბავშვობიდან ვეცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებას, სამზარეულოსა და ლიტერატურას. მათ შორის იყო აზიური ქვეყნების კულტურა და ტრადიციები. დავიწყე აზიური ლიტერატურის შესწავლით, როგორიცაა ჰარუკი მურაკამის და იუკიო მიშიმას ნამუშევრები მქონდა შესაძლებლობა რომ დავსწრებოდი კულტურულ ფესტივალებს და აზიელი მხატვრებისადმი მიძღვნილი ხელოვნების გამოფენებს. ამ გამოცდილებამ კი არა მხოლოდ გააღრმავა ჩემი გაგება, არამედ განავითარა ჩემი გატაცება აზიური კულტურების მიმართ.
– რა გამოარჩევს აზიის კულტურას სხვა ქვეყნის კულტურისგან?
– აზიური კულტურის ერთ-ერთი მომხიბლავი ასპექტია მისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნება. იგი მოიცავს უამრავ ქვეყანას, ენას, რელიგიას, ტრადიციებსა და ისტორიებს. შეუძლებელი იქნებოდა აზიური კულტურის რამდენიმე წინადადებით შეჯამება, მაგრამ ვეცდები გაგიზიაროთ ზოგიერთი გამორჩეული ელემენტი, რომლებიც ხშირად ასოცირდება ზოგიერთ აზიურ კულტურასთან.
– აქვს თუ არა ქართულ და აზიურ კულტურას რაიმე საერთო?
– გასაოცარია მაგრამ ქართულ წეს-ჩვეულებებს საკმაოდ ბევრი საერთო აქვს სხვადასხვა აზიური ქვეყნების კულტურებთან. თუ ზოგადად მივუდგებით შეიძლება ვახსენოთ სტუმართმოყვარეობა: როგორც ქართული, ასევე აზიური კულტურები ცნობილია სტუმართმოყვარეობითა და სტუმრების მიმართ პატივისცემით. აქცენტი ოჯახზე: ორივე კულტურა ხაზს უსვამს ოჯახურ ღირებულებებს, უფროსების პატივისცემას, მჭიდრო ოჯახურ ურთიერთობებსა და ოჯახის ერთიანობის მნიშვნელობას. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ არის ტრადიციები რომლებიც შეიძლება ითქვას რომ იდენტურიც კია. მაგალითად კორეული კულტურის მოყვარულებს ალბათ ეცოდინებათ “პანაშვიდის ტრადიცია”, რომელიც ქართულ პანაშვიდს საკმაოდ ჰგავს დაწყებული გარდაცვლილის ოჯახისთვის ფინანსური თანადგომით, გვირგვინითა და გარდაცვლილის ფოტოთი ხელში გასვენების ცერემონიალის გაძღომით, დამთავრებული ქელეხითა და გარდაცვლილის საფლავზე ალკოჰოლის მოსხმით. მსგავსი მსგავსებები არაერთ აზიურ ტრადიციებთან გვაქვს.
– იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში გვაქვს კიდევ კორეისა და იაპონიის კლუბი, კოლაბორაციები თუ ეწყობა ხოლმე?
– აღსანიშნავია ის ფაქტი რომ უნივერსიტეტში იგეგმება მუსიკის ფესტივალი რომლის დაგეგმვაშიც 6 კლუბი ერთობლივად ვიღებთ მონაწილეობას, ასევე ჩართულია კორეული კულტურის კლუბიც. როგორც ცალკეული კოლაბორაცია სამწუხაროდ კლუბებს შორის ჯერ არ შემდგარა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს რომ ახლო მომავალში შევძლებთ მათთან ერთად უფრო მულტიკულტურული ივენთები შემოგთავაზოთ.
– კონკრეტულად თქვენი კლუბი რას სთავაზობს სტუდენტებს?
– კლუბის მთავარი მიზანია საინტერესო ივენთების, საგანმანათლებლო პროექტებისა და სახალისო თამაშების მეშვეობით სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა რომ გაეცნონ აზიურ ტრადიციებს, ისტორიას, ხელოვნებასა და სამზარეულოს.
– რას გეგმავს აზიის კლუბი ახლო მომავალში?
15 ივნისს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ფარნების ფესტივალი.
ფესტივალი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- quizz on asia : მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის სტუდენტები და ლექტორები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ინტელექტუალურად მასტიმულირებელ ვიქტორინაში, რომელიც ამოწმებს მათ ცოდნას აზიური კულტურების შესახებ.
- ორიგამის მასტერკლასი: ორიგამის ოსტატები გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას და შეასწავლიან მონაწილეებს ქაღალდის დაკეცვის ხელოვნებას
- გოს მასტერკლასი: მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გოს გამოცდილი მოთამაშეებისგან შეისწავლონ და აღმოაჩინონ ამ უძველესი სტრატეგიული თამაშის სირთულეები.
- ინდური ჰენით (ხნით) მოხატვის მასტერკლასი: გამოცდილი ინდოელი არტისტები სტუდენტებს გაანდობენ ამ უძველესი ხელოვნების საიდუმლოებებს და ასწავლიან მონაწილეებს როგორ გამოიყენონ ჰენის პასტა დელიკატური დიზაინის შესაქმნელად.
- ტრადიციული იაპონური/ჩინური ჩაის დეგუსტაცია: მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ჩაი იაპონიიდან და ჩინეთიდან
- თამაშები:მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი საინტერესო თამაშები, როგორიცაა ჯენგა, კარტი და ჭადრაკი, რათა ისიამოვნონ მეგობრული შეჯიბრებებით.
- მინი კონცერტი
- ცაში ფარნების გაშვება: ცაში ფარნების გაშვება ღონისძიების მთავარი ნაწილია, მონაწილეები ღამის ცაში გაუშვებენ ლამაზად მორთულ ფარნებს, რაც იმედის, სურვილებისა და ახალი წამოწყებების სიმბოლოა.
– სტუდენტი როგორ იღებს ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ?
-უახლოეს მომავალში დაიდება პოსტები და ასევე მათ პირად სტუდენტურ მეილებზე მიუვათ დეტალური ინფორმაცია და სხვადასხვა მასტერკლასებზე წინასწარ ჩაწერისთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ლინკი: დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კლუბის ფეისბუკ გვერდზე
ან მეილზე ( ibsuasiancultureclub@gmail.com ) ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მე “ფეისბუკზე”
მასალის ავტორი: მარი ლეთოდიანი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი