შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მარიამ ქობალია: მე და ევროპა

06/06/2023

მოგონებები: შესავალი – მარტო უცხო ქვეყანაში

მე ვარ მარიამი, 21 წლის და ეს ჩემი პოდკასტია, რომელიც შეეხება ჩემს ევროპულ გამოცდილებას.

2022 წლის ივნისში გავიგე, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო: ესტონეთი, ტარტუს უნივერსიტეტი და ინგლსური ენისა და ლიტერატურის მიმართულება მელოდებოდა.

ჩემში დიდი უცნაურობა, კომფორტის დახშობა და შიში გამოიწვია პროგრამის აპლიკაციის შევსებამ, შემდეგ უკვე ტესტმა და საბოლოო ჯამში – გასაუბრებამ. ვერც კი ვხვდებოდი, როგორ მეყო იმის ძალა, რომ ყველა ეტაპი გადამელახა.

საბოლოოდ კი, ცოტა არ იყოს დაბნეული, 2022 წლის 22 აგვისტოს თვითმფრინავში ავედი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. გავემგზავრე და არც კი ვიცოდი, სად მივდიოდი, რა მოლოდინები მქონდა, რისი მიღება მსურდა…

ეს პოდკასტი შეეხება ზუსტად ამას – დაბნეულობას, შიშსა და გაურკვევლობას; შესაძლებლობებს, რომლებიც ჩემს წინ უეცრად გადაიშალა, როგორც კი ევროკავშირის მიწაზე დავდგი ფეხი. ეს პოდკასტი შეეხება პატარა გოგონას და მის ოცნებებს მოგზაურობაზე, რომელებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებამ და გადაადგილების შეზღუდვამ არარეალურად უქცია.

და რაც ყველაზე მთავარია, ეს პოდკასტი შეეხება ოცნებებს, რომლებიც სრულდება.

მარიამ ქობალია: “როდესაც პირველად ჩავედი, ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, სად ჩამოვედი, რისთვის… ელემენტარულის გაკეთებაც კი ვერ შევძელი… უცხო ხალხს ისიც კი ვერ ვკითხე, კონკრეტულ ლოკავციამდე როგორ უნდა მივსულიყავი, ვინაიდან თავიდან ესტონური ნომრები არ გვქონდა და შესაბამისად, რუკასაც ვერ ვიყენებდი გარეთ ყოფნის პერიოდში. ეს ყველაფერი სიახლეების შიშმა გამოიწვია… მეორე და მესამე დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად გავიაზრე.

მარიამ ქობალია: “ახალი ადამიანების გვერდში ყოფნის მიუხედავად, საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა და კონტროლი შემძლებოდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში ნებისმიერი საკითხი მაინც ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა…”

 

ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ ვიღებდი გადაწყვეტილებებს, როგორ ვსწავლობდი ტარტუს უნივერსიტეტში, ვმოგზაურობდი ევროპაში, რას ვუსმენდი, რა მიხაროდა და თუ რა გადამხდა ისეთი, რაც არასოდეს განმეორდება.

 

მასალის ავტორი: მარიამ ქობალია 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting