შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ნოვრუზ ბაირამი მედინასთან
31/05/2023
გაზაფხული დგება, ზამთრის თრთვილს ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ცვლის მორცხვი, ჯერ კიდევ სითეთრეში ჩაფლული ია, შემდეგ კი მწვანე ბალახიც წამოიშლება.
ეს უამრავი ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ხო, რა მოხდა, გაზაფხული მოვიდა. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველ წელს ერთი და იგივე.
მაგრამ რატომ? განა რა არის იმაზე უკეთესი, თუ ყოველ გაზაფხულს სიცოცხლის საწყისად, ბნელი, ცივი დღეების გამახალისებლად მივიჩნევთ. ეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობა, ახალი დღის და ახალი სიცოხლის დასაწყისი, რომელიც აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი დღის შესწავლა განვიზრახეთ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა. ჩვენი მიზანი პრაქტიკუმის საგნის ფარგლებში იუნესკოს არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და შემდგომ საზოგადოებისთვის გაზიარებაა, ნოვრუზ ბაირამი კი ერთ-ერთი პირველია , რომლითაც დავიწყეთ.
უფრო ახლოდან რომ გვენახა თუ როგორ აღინიშნება ეს დღესასწაული, 21 მარტს, ნოვრუზის დასრულების დღეს, გვიმასპინძლა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ასისტენტმა მედინა ოზლამი მამედოვამ და საშუალება მოგვცა შეგვესწავლა ეს დღე, ტრადიციები რაც მას ახლავს და რაც მთავარია პრაქტიკაში გამოგვეყენებინა ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ : ვიდეოს გადაღების ტექნიკა, დეტალებზე აქცენტირება, რესპოდენტთან მუშაობა, კომუნიკაცია, ფოტოს გადაღება, კონცენტრირება…
პროცესში კიდევ უფრო გავაცნობიერე რა სირთულეებთან გვქონდა საქმე. სურათი ასეთია: ქალბატონი ეკა მითითებებს გვაძლევს. ერთ კადრს სხვადასხვა მხრიდან ვიღებთ. სახლი საკმაოდ საინტერესოა. რესპოდენტის თქმით, ძალიან ძველია და არც შეიძლება მისი რეკონსტრუქცია. კედლებს ვათვალიერებ და ყურანის ენას ვცნობ, ნაცნობი ასოები იკვეთება და გონებაში ვფიქრობ, რომ ალბათ ყურანიდან რომელიმე ამონარიდი წერია.
მე ფოტოებს ვიღებ და ვცდილობ კარგი მომენტები დავიჭირო. ეთა მედინას მეგობრის როლს ასრულებს, ვცდილობთ აღვბეჭდოთ მომენტი, როგორ აღნიშნავს მედინა ამ დღესასწაულს თავის მეგობრებთან ერთად.
ნოვრუზ ბაირამში, ვხედავ, რომ გაერთიანებულია ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციები. როგორებიცაა: კვერცხების შეღებვა, ერთმანეთზე მირტყმა – ეს ხომ ჩვენთვის აღდგომაა, ასევე როგორიცაა კარებზე დაკაკუნება და ტკბილეულის ჩაყრა ქუდში – ეს კი ბერიკაობაა.
პარალელს ვავლებ გონებაში და ვხვდები, რომ არც ისეთი უცხო არაა ეს ტრადიცია ჩვენთვის. კითხვაც კი მიჩნდება რატომ მხოლოდ მუსულმანები?. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტრადიციას რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ რა გვიდგას წინ, რომ ვიზეიმით? – ალბათ არც არაფერი. პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ლუკა კამერასთან მუშაობს, გადაღების სირთულეებს ეჭიდება, ქალბატონი ეკას რჩევებს ითვალისწინებს, გიორგი ლუკას ეხმარება, ყველანი ჩართულები ვართ. მედინა გვაჩვენებს ხახვის ფოთლებით როგორ ღებავენ კვერცხებს.
მკითხაობის მსგავსი ღონისძიებებიც აქვთ. ჭიქაში ძაფზე ჩამოკიდებულ ბეჭედს დებენ და ითვლიან სანამ არ გაჩერდება. როცა გაჩერდება გავიგებთ რამდენი წლისას გათხოვდება. ჩვენც მოვსინჯეთ, ანკამ და მარიამმა ბედი სცადეს და ძალიან სახალისო იყო.
ბოლოს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა და დაგვეგემოვნებინა ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული კერძიც. საკმაოდ სინტერესო, შემეცნებითი და მრავლის მომცველი დღე გამოვიდა. ამ ერთ დღეში გამოვიმუშავე ის უნარჩვევები, რომლებიც ყველა ჟურნალისტისთვის აუცილებელია.
მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ამავე თემაზე:
ნოვრუზ ბაირამი – IBSU-ს “მედია ცენტრის” პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე