შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

გიორგი სოსიაშვილი:”თითო ადამიანი თითო წიგნია”

30/05/2023

,,თითო ადამიანი თითო წიგნია’’იორგი სოსიაშვილი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი, რამდენიმე პროზაული კრებულისა და არაერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორია, რომელმაც გასულ წელს, კრებულისათვის ,,ოთხი მოთხრობაპრემია ,,საბამიიღო, ნომინაციაში – 2021 წლის საუკეთესო პროზაული კრებული. გარდა ამისა, 2019 წლიდან იგი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია. ამ ინტერვიუში წარმოდგენილი მისი, როგორც მწერლის პორტერეტი და ასევე საუბარია რექტორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

 

მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით.

ბატონო გიორგი, თქვენ გორის უნივერსიტეტში ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას, ხართ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, კითხულობთ ლექციების ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი ხართ და პარალელურად წერთ წიგნებს, ამიტომ ჩნდებ ასეთი კითხვა, თუ როგორი არის თქვენი წერის პროცესი, დღის რა მონაკვეთს უთმობთ შემოქმედებით საქმიანობას?

-პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, , რომ მე შემარჩიეთ ინტერვიუსთვის. წინასწარ ვერასოდეს განვსაზღვრავ, რა დროს ვწერ. სამეცნიერო ნაშრომები იქმნება გეგმიურად. თავდაპირველად უნდა წარმოიდგინო ეს სტატია, მონოგრაფია თუ ნაშრომი როგორი სტრუქტურის იქნება და შემდეგ ვიწყებ წერას. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ეს ცოტა რთული პროცესია, ვერ განვსაზღვრავ, როდის უნდა დავწერო, ვინაიდან ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. წერის პროცესი ასევე დამოკიდებულია განწყობაზე, ხან გადის თვეები, როდესაც საერთოდ ვერ ვწერ და ხან ყოფილა შემთხვევა, როდესაც  ორიოდე კვირაში მთელი წიგნი დამიწერია.ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა გონებაში მთლიანი წიგნი მქონია დაწრილი და მისი მხოლოდ ფურცელზე გადმოტანაღა იყო საჭირო.

განსაკუთრებული წელი და მოვლენა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენი, როგორც მწერლის ბიოგრაფიაში, რომელია?

ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა ჩემი პირველი წიგნის გამოქვეყნებამ. მაშინ ძალიან ახალგზარდა ვიყავი, ცხრამეტი ან ოცი წლის. აგრეთვე ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი მაშინ, როდესაც მოულოდნელად გადმომეცა პრემია ,,საბა’’. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს წიგნს იწონებენ და აფასებენ. თავდაპირველად მითხრეს, გადაცემიდან არიან ჩამოსული გორში და შენგან ინტერვიუს აღება უნდათო, მივედი იმ განწყობით,  რომ მათ დასმულ კითხვებზე პასუხი გამეცა. თუმცა იქ მისულს რატი ამაღლობელი დამხვდა და გადმომცა ჯილდო. მაშინ სიხარულის სტრესიც კი მივიღე.

როგორც თავადვე ახსენეთ, ტვმონიტორინგისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში, თითქმის ყველა მწერლის ცხოვრებაში დგება ,,შემოქმედებითი კრიზისი’’, როცა თითქოს ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული და შენ ყოველი დაწერილი წინადადება სიყალბედ გეჩვენება, მაინტერესებს, თქვენ როგორ უმკლავდებით ასეთ მომენტებს?

-ძალიან ბევრი მწერლის ცხოვრებაში დგება შემოქმედებითი კრიზისი, როდესაც იდეები გაქვს , მაგრამ ისინი ფურცელზე ვერ გადმოგაგქვს. ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი დამიწერია, ძალიან ბევრი მიმუშავია და მერე ჩემი ნაწერები ჩემივე ხელით გამინადგურებია. ძალიან უმოწყალო ვარ ხოლმე ამ ნაწერების განადგურებაში, არ მიყვარს მათი შენახვა. ის ნაწარმოები, რომელიც ჩემი არ არის, მე არ მეკუთვნის და ძალით დაწერილია თითქოს, არასოდეს უჯრაში არ შემინახავს.

თუ გინანიათ რომელიმე ნაწარმოების განადგურება?

-ამ პროცესს ძალიან კარგი ნაწერები, მათ შორის მეტაფორები გაუნადგურებია, თუმცა არასოდეს მინანია მათი განადგურება, არადა სრულიად შესაძლებელია , ის კარგი ნაწერები ამოკრიფო და სხვა ნაწარმოებში გამოიყენო, მაგრამ მე ასეთი ჩვევა მაქვს. ჩემი ნაწარმოებები იქმნება მხოლოდ ფურცელზე, ტუშიანი კალმით ან სულაც ფანქრით.

ახლა კი მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთ უმძიმეს თემას, 2008 წლის აგვისტოს ომი, თემა , რომელიც თქვენს შემოქმედებაში ბევრგან ფიგურირებ . მაინტერესებს, რამდენად რთულია ომის კადრების გახსენება და იმ ემოციათა და განცდათა ფურცელზე გადმოტანა, რასაც წერის დროს განიცდით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სოფელ დიციდან ხართ და თქვენთვის ეს თემა ორმაგად ახლობელი გამოდის?

თავდაპირველად საერთოდ არ ყოფილა ეს თემატიკა ჩემს შემოქმედებაში. 2008 წლამდე გამოცემული მქონდა არაერთი კრებული, მათ შორის ,,ძმათა მახვილი,, , ,,ახლოა მონასტრამდე’’, საქმე იმაშია, რომ 2008 წლის ომმა ითამაშა გარდამტეხი როლი. ძალიან დიდი ტკივილები შემოვიდა ჩემში და ამან მოიცვა მთლიანად ჩემი აზროვნება, მთელი ფსიქიკა , მთელი ცნობიერი და ქვეცნობიერი პირდაპირ აივსო ამ განცდებით. პირველი მოთხრობა ომის დროს დაიწერა , როცა პირდაპირ ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქში, ეს იყო ,,წერილი კაცობრიობას’’. ომის გარდა სხვა რაღაცებზე ვერ ვფიქრობდი, ბოლოს შევკარი მოთხრობები და ერთ კრებულად გამოვეცი, რომელსაც ჰქვია ,,2008 წლის შვებულება’’. ეს შვებულება ყველასთვის იყო თავზარდამცემი და ტრაგიკული. ამას მოჰყვა სხვა წიგნები, გამოვიდა ,,ჩვიდმეტნი’’, ,,გამორთული მთვარე’’,  ,,მავთულხლართი’’, ამ კრებულში შევიდა მოთხრობა, რომელმაც რევაზ ინანიშვილის პრემია მიიღო. შემდეგ დაიწერა ,,გოდების კედელი’’, ძალიან დიდი ხანი მომიწია ამ რომანზე ფიქრი. პირველი გვერდები ფანქრით დავწერე და ახლაც მეშინია იმ დღეების გახსენება , თუ რას ვეჭიდებოდი, თუმცა ფაქტია, კარგ რამეს შევჭიდებულვარ.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ მწერლებს?

-პირველი და უმთავრესი, რასაც მათ ვეტყოდი ეს არის საკუთარი სამწერლობო ენის შექმნა, დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა. მე ქართლური მეტყველების გავლენას განვიცდი, ვინაიდან იქ ვცხოვრობ. რა ენაც მესმის დედაჩემისგან სახლში, იმ ენით ვწერ მეც. ეს არის ჩემი სტილი და მიდგომა. აგრეთვე ვიტყოდი იმასაც, რომ თავგადასავლები და მოგზაურობა არის მწერლისთვის ყველაზე მთავარი ამბავი. ყველაზე კარგად გამოგდის ის , რასაც განიცდი, მისი გადმოტანა ქაღალდზე. მწერალი აგრეთვე უდიდესი მსახიობია, გარდასახვას ახდენს ათასნაირ გმირში,მათ გრძნობებს განიცდის. მოგზაურობა მწერლის შთაგონების წყაროს მკვებავია, ამ დროს ბევრ ადამიანს წააწყდები, ბევრთან ისაუბრებ. ჩემი აზრით, თითო ადამიანი თითო წიგნია. აგრეთვე დამწყებმა მწერლებმა ბევრი უნდა იკითხონ, ძალიან ბევრი. ინსპირაციის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ თავგადასავალი, არამედ კითხვა. მე დამიწყია კითხვა და პროცესში გამჩენია იდეა ამ ამბავზე დამეწერა მოთხრობა. როგორც სპორტსმენს სჭირდება მუდმივი ვარჯიში და ფორმაში ყოფნა, იგივე არის მწერალი და შემოქმედი. სულ უნდა საკუთარ თავზე იმუშავო , მწერლობას მიუძღვნა საკუთარი თავი.

გიორგი სოსიაშვილი: “დღეს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან ესა თუ ის წიგნი თუ მოთხრობა ვისი დაწერილია. იწერება ძალიან ბანალურად, ძალიან ჩვეულებრივად. მწერლობა ხომ ზოგადად ენაა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა”. 

 როგორც ვიცი, თქვენ მიერ დაფუძნდა ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ და  ხართ ამ კონკურსიის კოორდინატორი, მოკლედ რომ მოგვიყვეთ ამ შესანიშნავი პროექტის შესახებ, გაგვიზიაროთ მომავლის გეგმები და მიზნები.

– ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი’’ დავაფუძნე სამი წლის წინ და ის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს. წელს უკვე მესამედ  ტარდება და უკვე ხუთი ნომინაცია გვაქვს წლის საუკეთესო ლექსების კრებული, წლის საუკეთესო პროზაული  მოთხრობა, წლის საუკეთესო  თარგმანი, საუკეთესო ესეისტიკა – დოკუმენტური პროზა და წლის საუკეთესო  -პიესა. ასე რომ , საკმაოდ ბრენდულ კონკურსად გადავაქციეთ ,,მაჩაბელი’’, რომლის დაჯილოდებაც წელს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდება .

ბატონო გიორგი, დღევანდელი თაობისთვის, ჩემი თაობისთვის ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი გახდა ევროპული განათლების მიღება, ჩემ გარშემო უამრავ მოწადინებულ და მოტივირებულ ახალგაზრდას ვხედავ, რომლებსაც უცხოური განათლების მიღება სურთ. რა სთავაზობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს ამ მხრივ?

-პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა სამ საფეხურიანი, ავტორიზაცია წარმატებით გავიარეთ და მესამე საფეხური დაგვემატა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე გაგზავნის. ჩვენს უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მზარდი მაჩვენებელი აქვს, ასზე მეტი სასწავლებელი გვყავს დამეგობრებული . ჩვენი ბავშვები სწავლობენ იტალიაში, ესპანეთში , პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. თუ სტუდენტს სურს უცხოეთში სწვლა , მთავარია, მან შეიტანოს განაცხადი და ჩვენ მის ხელშესაწყობად ყველაფერს გავაკეთებთ.

როგორც ვიცით, საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა. მან დიდი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე, მათ შორის განათლების სექტორზეც. დაიკეტა არაერთი უნივერსიტეტის, აკადემიისა თუ სკოლის კარები. როგორ გადაიტანა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პანდემიის პერიოდი?

ძალიან მძიმედ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პანდემიაზე წიგნსაც კი დავწერდი. ცუდად გადავიტანეთ, იმიტომ რომ არ იყო მარტივი ყველაფრის დისტანციურად გადაწყობა. რთული ამბავი იყო, შესაბამისად მოგვიწია გარკვეული ტრენინგების ჩატარება, პლატფორმა ვიყიდეთ, ლექცია არ გაცდენილა , ყველაფერს ზუმით ვაგვარებდით. თუმცა ყველაფერს ალღო მალევე ავუღეთ და მალევე ავუწყეთ ფეხი პანდემიურ პროცესებს.

ინტერვიუს ბოლოს კი მინდა გკითხოთ, რა განსხვავებაა მწერალ გიორგი სოსიაშვილსა და რექტორ გიორგი სოსიაშვილს შორის?

-რა გითხრათ, საერთოდ სხვა რაღაცაა მწერალი, მე ვგრძნობ, რომ როცა იქ ვზივარ, მთლიანი გარდასახვა ხდება. თუმცა, მწრალი გიორგი სოსიაშვილი არ სცდება რექტორ გიორგი სოსიაშვილის. მე საერთოდ, როგორი ცხოვრებისეული პრინციპებიც მაქვს, ის არის ჩემი რექტორობის პოზიციაშიც განსხეულებული, მწერლობაშიც, მეგობრობაშიც და ყველაფერში, ასე რომ , მე ვერ წარმომიდგენია, რომ კაცმა დაწეროს ტექსტი და სამსახურში რადიკალურად სხვანაირად იქცეოდეს. თუმცა განსხვავება ის არის, რომ იქ მთლიანად მწერალი ხარ,საერთოდ სხვა სამყაროში მოგზაურობ , თუმცა რექტორობაში მეხმარება შემოქმედებითობა , ძალიან ბევრი იდეა, რომელიც განსხეულდა და განხორციელდა უნივერსიტეტში,  ეს ჩემი შემოქმედებითი უნარებიდან გამომდინარე არის.

დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, საინტერესო ინტერვიუსთვის.

პირიქით, მადლობა თქვენ.

 

მასალის ავტორი: მარიამ ჩალაური

ინტერვიუ მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის

სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting