შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მარიამ კიპაროიძე: მე და ევროპა
19/05/2023
მარიამ კიპაროიძე: “მე და ევროპა: ევროპული ღირებულებები – ის, რაც გვჭირდება.”
“- რა არის მნიშვნელოვანი ევროპულ ფასეულობებში?
– ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს – პატივი სცეს სხვების ინტერესს, საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ან კერძო პირის ქონებას, გაუფრთხილდეს ადამიანების სიცოცხლეს, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა.
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განცდა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. თანაგრძნობა და საზოგადოების ინტერესების მსახურება კი ნებისმიერი სოციალური სახის ურთიერთობისთვის კეთილდღეობის მომტანია.
ევროპული ცხოვრების წესი ზოგჯერ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაოცებას იწვევს . მაგალითად, მათთვის უჩვეულოა – ფულადი დახმარების აღების შესაძლებლობა, დაფინანსებული მკურნალობა, მაღალი ანაზღაურება, ქველმოქმედება, რიგში დგომაც კი, სადაც არავინ არ არღვევს რიგის ნომერს, მოწესრიგებული სადარბაზოები,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ა.შ.
დღედღეობით, საქართველო განიცდის პირადი პასუხისმგელობის ნაკლებობას, რაც არღვევს ერთობის განცდას ინდივიდსა და კოლექტივს შორის.
საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს რამდენად პრობლემურია საზოგადო საჭიროებების უგულებელყოფა და ფიქრი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე.
სხვაზე აღმატებულობის შეგრძნება, რაც ჩვენ ერს სენივით დაემართა, მტრულ დამოკიდებულობას ბადებს ადამიანებს შორის. შედეგად, არავის სურს შექმნას უკეთესი პირობები გარშემომყოფებისთვის.
ევროპული ფასეულობათა სისტემიდან მნიშვნელოვანია ასევე, დაეჭვების და ახლებური ხედვის უნარი. ევროპელები მუდმივად მზად არიან ნაცადი ხერხის განსჯისა და ცვლილებებისთვის, რაც მათ მუდმივად ამყოფებს დინამიკური განვითარების მუხტში.
ქართველებს გვიყვარს არსებულით ტკბობა, ტრადიციებისა და გენების ქება. ეს ცუდი სულაც არ იქნებოდა, რომ არა თვითკმარად ყოფნის განცდა, რაც განსხვავებულად ფიქრის შესაძლებლობას არ ტოვებს და აქვს მიუღებლობა რაიმე უცხო/განსხვავებულისადმი.
ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებული განხილული ფასეულობები სამართლიან შინაარსს ატარებს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ევროპა არის დემოკრატიულ, ჰუმანურ პრინციპებზე ნაშენები მყარი სისტემა.”
ბლოგის ავტორი: მარიამ კიპაროიძე
მასალა მომზადდა IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა,
“საუნივერსიტეტო მედია პრაქტიკუმი I” -ის ფარგლებში.