შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

კალობნობა -2023

16/05/2023

საქართველო ყოველთვის გამოირჩევა თავისი ისტორიით, კულტურითა თუ ტრადიციებით. მოსახლეობაც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ფეხი აუწყოს ტრადიციებს და არ დაკარგოს ის, რაც საუკუნეების წინ დაარსდა. დღეს, 14 მაისია, აღდგომის მეხუთე კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეჯოს რაიონის სამი სოფელი, მანავი, თოხლიაური და გიორგიწმინდა ხალხურ დღესასწაულს, კალობნობას აღნიშნავს.

არსებობს ვარაუდი, რომ ამ დღესასწაულს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელშიც აღნიშნავენ, თუმცა დღეს საგარეჯოს რაიონში ვიმყოფებით და ერთად დავათვალიეროთ, თუ რა ტრადიციებია და რა ღონისძიებებია გამართული „კალობნობასთან“ დაკავშირებით და სხვ.

„კალობნობა“ და როგორც უფროსი თაობა უწოდებს, კალოუბნობა, აღდგომის მეხუთე კვირას აღინიშნება საგარეჯოს რაიონ სოფელ თოხლიაურისა და მანავის გასაყარზე მდებარე წმ. გიორგის და ღვთისმშობლის ეკლესიების ტერიტორიაზე. როგორც თოხლიაურის ერთ-ერთი მცხოვრები გივი ჭიკაძე გვიყვება: „ ეს დღე ჩემი მამა- პაპადან მოდის, იქეთ მაგიდას რომ ხედავთ ჩემი ოჯახი სულ მანდ ქეიფობდა, ცხვარი იკვლებოდა და აღვნიშნავდით. ისე, როგორც მე ვიცი მუსლიმების შემოსევების დროს, მე- 11 საუკუნეში, როცა შაჰ-აბასი საქართველოში შემოვიდა, კახელებმა თავიანთი ცოლ-შვილი მთაში გახიზნეს, მაგრამ ალბათ, როგორც ახლა გვყავს მოღალატეები, მაშინაც ასე იყო და თათრებმა მოაგნეს. ამ ვაკე ადგილას კალო ილეწებოდა, მათაც დააყენეს ბავშვები მწკრივად და მშობლების თვალწინ, როგორც კალო ილეწებოდა, ისე გალეწეს ბავშვებიც. მერე აქაურებმა დაღუპულების საპატივსაცემოდ ორი ეკლესია ააგეს. ერთი ღვთისმშობლის, რომელიც თოხლიაურის ტერიტორიას ეკუთვნის, ხოლო მეორე, წმ.გიორგის, – მანავს. ამიტომ ძირითადად ეს ორი სოფელი აღვნიშნავთ, მაგრამ აი გიორგიწმინდელები კი ამ დღესასწაულს თავიანთი მორთული ცხენებით ალამაზებდნენ. რა ვიცი, ეს არის სულ, მერე აქედან გამომდინარე დაარქვეს ამ დღეს კალობნობა.“

საინტერესოა ამ დღის ისტორია, თუმცა, ვფიქრობ უფრო მეტად საინტერესოა აღნიშვნის პროცესი. კალობნობას მოსულ ადამიანებს, რაც არუნდა გასაკვირი იყოს მუდამ დახვდებათ წვიმა და ტალახიანი ასავლელი მთაზე, გადმოცემის მიხედვით კალობნობა წვიმის გარეშე არ ჩაივლის. გარდა ამისა, აქ შეხვდებით სხვადასხვანაირად მორთულ-მოკაზმული ცხენების დოღს, რომლებიც სოფელ გიორგიწმინდაში იკრიბებიან და ჯგუფად, ჭენებ-ჭენებით მიდიან დღესასწაულის აღსანიშნად. მანქანებით გადატვირთული პატარა მოედანი მთის ძირას, აღმართზე მდგარი ბებოები სანთლებით ხელში, უამრავი სათამაშოებით გაძეძგილი დახლი, რომლებიც ბავშვების მოლოდინშია და, რა თქმა უნდა, ბამბის ნაყინი – ესაა სურათი, რომელიც აქ მოსულებს გადაეშლებათ თვალწინ. ანზორ დიღმელაშვილი ერთ-ერთი სტუმარი ამ დღისა და ამავდროულად, მკლავჭიდელი, გვიყვება: „ შარშან და წინა წლებშიც უფრო მრავალფეროვანი იყო დღევანდელი დღე, ბავშვები ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მახსოვს მკლავჭიდის შეჯიბრიც გაიმართა,სადაც მეც მივიღე მონაწილეობა, პირველი ადგილი ავიღე, როგორც მახსოვს რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, სანამ ფინალამდე არ მივედით, თანაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში. წელს, არ ვიცი რატომ, არც ჭიდაობაა,არც მკლავჭიდი ალბათ, უამინდობის გამო. მე დოღსაც ვერ მოვუსწარი და ცოტა გულდაწყვეტილი ვარ“ ხალხის მატებასთან ერთად შეინიშნება ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალიც, ძირითადად, ცხვრის. წესის თანახმად შემწირველმა ტაძარს სამჯერ უნდა შემოატაროს ცხვარი და მხოლოდ ამის შემდეგ შესწიროს.

რუმინელი სტუმარი გოგონა, რომ3ლიც წელს პირველად იყო „კალობნობის“ დღესასწაულზე ამბობს: „მე მომწონს დღევანდელი დღე, ძალიან ლამაზია აქაურობა. გული მწყდება, რომ ბევრი არაფერი ვიცი ამ დღესთან დაკავშირებით. რაც ვიცი ისაა, რომ ცხენები ეჯიბრებიან ერთმანეთს და ახლა შევნიშნე, რომ კლავენ ცხვრებს, რაც ძალიან არ მომწონს.“

„კალობნობის“ დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში ელის აქ მოსულ სტუმრებს და სტუმრებიც დიდი აღფრთოვანებით ელიან ამ დღეს. სოფელ დიდი ჩაილურის ერთ-ერთი მცხოვრებიც გვეუბნება, რომ მას თითქმის არცერთი წელი აქვს ჩაგდებული და ახარებს ის ფაქტი, რომ ყოველ წელს მატულობს ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ წელს უამინდობის გამო, არც ჭიდაობა იყო და არც მკლავჭიდი, ფიქრობს, რომ ის მუხტი მაინც არ დაკარგულა.

დღის დასასრულთან ერთად, სტუმრების რაოდენობამაც იკლო, რადგან საღამო ხანს მაცხოვრებლები სახლებში ინაცვლებენ და სუფრასთან იწყებენ დღის აღნიშვნას. იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო მეტი აქტივობებით დატვირთული დაგვხვდება „კალობნობა“.

 

მასალის ავტორი: სალომე კევლიშვილი 

რეპორტაჟი მომზადდა სასწავლო კურსის „ინტერვიუსა და რეპორტაჟის მომზადების“ ფარგლებში.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting