შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
დოდონა ნამორაძე:”მინდა დავტოვო ის,რაც სულ იქნება და ეს არის ჩემი შემოქმედება”
12/05/2023
– დოდონა, მომიყევი შენს შესახებ – ვინ არის დოდონა ნამორაძე?
– დოდონა არის 22 წლის. ვსწავლობ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მარკეტინგის ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსზე. დავამთავრე ინგლისური სკოლა „ნინო“, დამამთავრებელი კლასები ვისწავლე საქართველოში, ხოლო მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით ფილიპინებზე ვსწავლობდი.
– ფილიპინებიდან საქართველოში ჩამოსულს გაგიჭირდა თუ არა ადაპტაცია? როგორ ცხოვრობდი ფილიპინებზე?
– თერთმეტი წლის გავხდი თვითმფრინავში და ეს ყველაზე საშინელი დაბადების დღე იყო, რაც კი მქონია. თავიდან გამიჭირდა, რა თქმა უნდა. შემდგომ შემიყვანეს სკოლაში. ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და მომიწია ხელახლა მესწავლა. ფილიპინებზე ყოფნისას, ათი წელი ვთამაშობდი ბადმინტონს, შევისწავლე პროფესიონალურად და დღეს ვარ პროფესიონალი. საქართველოს უნივერსიადაში მეორე ადგილი ავიღე. ასევე, ფილიპინებზე ფრენბურთის გუნდის კაპიტანიც ვიყავი.
– პირველად რა სიმღერა იმღერე და როდის?
– როგორც მეუბნებიან ვიყავი 10 თვის და პირველად წავიღიღინე „მიყვარს ცეკვა თამაში“.
– როგორც ვიცი, მუსიკოსთა ოჯახიდან ხარ. გაიხსენე, როდის და როგორ გაგიჩნდა ინტერესი მუსიკის მიმართ?
– პირველ რიგში, ჩემს ოჯახში მამის მხრიდან, ყველა არის კლასიკოსი. მამაჩემი კლარნეტისტია, ბაბუაჩემი საქართველოს ოპერის ორკესტრში უკრავდა ვიოლაზე და ბებია ათეული წლებია ფორტეპიანოს მასწავლებელია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს არ მიზიდავდა მუსიკა, ვინაიდან არ მიყვარდა ფორტეპიანოს მეცადინეობა და მაინც დაახლოებით 8-9 წელი მაძალებდნენ. ამავდროულად, ნიჭი მქონდა გენეტიკური და ამ დაძალებაში ნელ-ნელა შემიყვარდა. დავამთავრე მეათე მუსიკალურ სკოლა, სადაც ქალბატონი რუსუდან მირზაშვილი-ტაბაღუა იყო ჩემი პედაგოგი.
ამ პერიოდში არჩევანის წინაშე ვიყავი – უნდა ამერჩია კონსერვატორია ან უნდა ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში და ბიზნესის მხრივ მესწავლა. ჩემთვის არცერთი იყო ერთმანეთზე ნაკლები. უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამოვწურე თავი და მეტი აღარ მინდოდა ფორტეპიანოს გაგრძელება. ამიტომ, გადავწყვიტე ბიზნეს-ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩამებარებინა IBSU-ში.
– საქართველოში მონაწილეობა მიიღე კონკურსებში “ნიჭიერი” და “X ფაქტორი“. განვითარების რა პერსპექტივა მოგცა კონკურსებმა?
– როდესაც გავიგე პროექტ „X ფაქტორის “-ის შესახებ, გადავწყვიტე მივსულიყავი კასტინგზე. გადავლახე შესარჩევი ტური და გადამიყვანეს კონკურსის შემდგომ ეტაპზე. მაგრამ ფაქტია, რომ გული დამწყდა, როდესაც არაფერი გამოვიდა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებიდან. მე, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, აღარ მინდოდა სიმღერა “X ფაქტორის” გამო და გადავწყვიტე სიმღერის შეწყვეტა. როგორც კი დამთავრდა პროექტი, წავედი ისრაელში, ფესტივალზე, სადაც იყო 200-ზე მეტი კონკურსანტი 12 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა, ძალიან სერიოზული ჟიური იყო და იქ გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება.
რაც შეეხება “ნიჭიერს”, 2021 წელს დამიკავშირდნენ ამ პროექტზე მომუშავე ადამიანები. მაშინ გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა, როდესაც საერთოდ არ მინერვიულია და ზუსტად ამ დღიდან, სცენაზე საერთოდ აღარ ვნერვიულობ.
“ზუსტად იგივე შესაძლებლობებით, რაც საქართველოში მქონდა წავედი ისრაელში. იქ, გავიმარჯვე და აქ, კონკურსის მეორე ტურსაც ვერ გავცდი.”
– რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი ქუჩის მუსიკოსი?
– მე, დავივიწყე კონკუსები და ვთქვი, რომ აღარ გამოვალ საქართველოში. სიმღერა მინდოდა, მაგრამ აღარ მინდოდა მემღერა კონკურსებში. ქუჩაში სიმღერა, ვინც მომღერალი არის, ყველამ უნდა გამოსცადოს. ეს არის საოცარი გრძნობა.
“ქუჩაში უფრო დიდი თავისუფლება გაქვს და კონკურსზე, უცებ უნდა ჩახედო ჟიურის თვალებში, რომელიც შენ გაფასებს, მაშინ როცა ქუჩაში არავინ არ გაფასებს… უბრალოდ მღერი, რაც გინდა იმას.”
– საბერძნეთის “ვოისში” დიდ წარმატებას მიაღწიე, სადაც მეორე ადგილზე გახვედი. რატომ მაინცდამაინც საბერძნეთის “ვოისი” და როგორ მოხვდი შესარჩევ კასტინგზე?
– ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ჩემს ცხვოვრებაში ერთმანეთს.დღე და ღამე საბერძნეთი ჩამესმოდა, ყველა პოსტი საბერძნეთზე მხვდებოდა. ბებიაჩემი, რომელიც 13 წელი მუშაობდა საბერძნეთში და ადრე იშვიათად საუბრობდა საბერძნეთის შესახებ, იმ დროს ხშირად მელაპარაკებოდა-ხოლმე. ძალიან დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. მახსოვს, მიწურულს შევავსე აპლიკაცია და გავაგზავნე, შემდეგ კი რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ.
– რა იყო ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში?
– პირველ რიგში, თავი ვიგრძენი დაფასებულად, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა ხელოვანისთვის. მომენტებში არც ფული გაინტერესებს, საერთოდ არაფერი არ გაინტერესებს, მთავარია დაგაფასონ, გისმინონ და არ შეწყვიტონ შენი მოსმენა.
“სულ სხვაა, როცა უმღერი ემიგრანტებს, რომლებიც მონატრებულნი არიან ქვეყანას. ვერავინ ვერ მოგანიჭებს იმ გრძნობას, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც გიმღერის ქართულად შენი ქვეყნის გარეთ.”
– რა შესაძლებლობები მოგცა ათენმა?
– გავიაზრე, რომ თავი უნდა დავიფასო განსხვავებულად. ობიექტურად რომ ვუყურებ ჩემს თავს, არის რაღაც ჩემს ხმაში, რაც ძალიან იშვიათია. მე თუ არ დავაფასე ჩემი თავი, შემდგომ არავინ არ დამაფასებს.
– რას ელოდები შენი თავისგან, როგორც არტისტისგან?
– ველოდები იმას, რომ დავტოვო რაღაც, რაც იქნება სულ, ამაზე ნაკლებს ჩემი თავისგან ვერ და არ ავიტან.
– და ეს „რაღაც“ რა არის?
– ეს არის ჩემი შემოქმედება, ჩემივე სიმღერები. დგება დღე მომღერლის ცხოვრებაში, როდესაც გინდა რომ შექმნა შენი სიმღერა, ეს დღეებიც ნელ-ნელა მოდის და აუცილებლად მალე დადგება.
– რას ურჩევდი დამწყებ მუსიკოსებს, რომლებსაც სურთ თავიანთი თავის რეალიზება ფართო აუდიტორის წინაშე?
– პირველ რიგში, ვურჩევდი არა მხოლოდ მომღერალს, არამედ ნებისმიერ ხელოვანს, რომ ჰყავდეს ისეთი წრე, მეორე ოჯახი, იგივე მეგობრები, რადგან სწორედ ისინი უნდა იყვნენ მისი ძალა. როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენზე მეტად უხარია როცა სცენაზე გხედავს, ეს არის ძალიან კარგი გრძნობა. თუ გყავს ისეთი ადამიანი, ვინც არ გგულშემატკივრობს, დამიჯერეთ, ეს უკან დაგხევთ და საკუთარ თავში ეჭვებსაც შეგატანინებთ.
მასალის ავტორი: ლუკა ამბალია
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი