შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ნიკო ნერგაძე:„ქართველებისთვის, მაინც კულტურაა ყველაზე მთავარი, ის, რაც გვაერთიანებს და ქმნის ერს.“

08/05/2023

ნიკო ნერგაძე – განათლებით სოციოლოგი, ხოლო პროფესიით ჟურნალისტი, ბლოგერი და პოდკასტერია. რადიოში მუშაობის დაწყებამდე ქართული Playboy-ის რედაქტორი, „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა კი, რადიო “თავისუფლებაში” „ნიკოს პოდკასტის“ წამყვანია. ასევე, ლექციებს კითხულობს ჯიპასა და კავკასიის უნივერსიტეტებში.

– მოგესალმებით, მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მაინტერესებს, თქვენთვის  რომელ ფერებთან ასოცირდება ბავშვობა?

– ჩემი ბავშვობა ძირითადად 90-იან წლებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ არა მჭახე,  არამედ უფრო მუქ ფერებთან ასოცირდება. დენი არ იყო.. ანუ ჩემი ბავშვობა სახელმწიფოში არსებულ ვითარებასთან იყო კავშირში.

– ამ ვითარების მიუხედავად როგორი ბავშვი იყავით?

– ძალიან საყვარელი, სათვალიანი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი,  სკოლაში კარგად ვსწავლობდი.

– რომელი საგნები უფრო გიყვარდათ?

– უფრო ქართული ლიტერატურა, მათემატიკას დაბალ კლასებში კარგად ვსწავლობდი.. მერე უკვე აღარ.

– ყველაზე მეტად რა გენატრებათ ბავშვობიდან?

–  რავი, რა ენატრებათ ხოლმე?! საჭმელი ახლა უფრო გემრიელია.. არა, მენატრება ის, რომ ბავშვობაში უსაქმურობა უფრო მეტი გაქვს ადამიანს. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები დრო გაქვს, იყო უსაქმური. ადრე ცოტა მეტი დრო გვქონდა მოსაწყენადაც, მაგრამ მაშინ კარგიც იყო.

– განათლებით სოციოლოგი ხართ, რატომ აირჩიეთ ჟურნალისტიკა თქვენს პროფესიად?

– კარგად ვწერდი თავიდანვე და სკოლაში ვიყავი ჯერ კიდევ, როცა შემთხვევით შევხვდი ბიძინა მაყაშვილს, ჟურნალისტს, რომელიც მუშაობდა გაზეთ „7 დღეში“. მან  შემომთავაზა რაღაცები მეწერა მუსიკაზე. დავიწყე წერა და მას მერე ვმუშაობ ამ პროფესიით.

– მუსიკის ჟანრში კარგად ერკვევით, გაქვთ თუ არა ისეთი მუსიკა, რომელიც შერეულ გრძნობებს ბადებს თქვენში?

– კი, ყველაზე კარგი მუსიკა ეგეთია, რომელიც თან გასევდიანებს და თან გამხიარულებს.. ბევრია ეგეთი, ახლა ლანა დელ რეი მახსენდება, საზაფხულოდ სევდიანი მუსიკა აქვს, თან რომ გახალისებს და ნოსტალგიურია.

– თქვენი ცხოვრების „Soundtrack”-ად რომელ მუსიკას დაასახელებდით?

– რთულია, ასე აირჩიო, მუსიკა, რომელიც შენს ყოველდღიურ მოქმედებას უხდებოდეს. ალბათ, რამე ნეიტრალურს და მსუბუქს, ვოკალის გარეშე.. მუშაობაში და სიარულში რომ არ მიშლიდეს ხელს. ჯეი დილლას ალბუმს დავასახელებ.

– პოდკასტების ჩაწერა უფრო გიყვართ თუ ბლოგების წერა?

– ბოლო დროს პოდკასტებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე ბლოგებს. ალბათ, აქ უფრო კომფორტულად ვარ.

– ჩაწერამდე რაიმე ჩვევა ან რიტუალის მსგავსი თუ გაქვთ?

– არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე საღამოობით ჩავწერო ხოლმე, ხალხი რომ არ იყოს, ჩემს გემოზე…

–  რა სირთულეს წარმოადგენს იყო ჟურნალისტი საქართველოში?

– ასე საქართველოში რომ რამე განსაკუთრებული სირთულე იყოს არა, მაგრამ სამუშაო ადგილების სიმცირეა, ხოლო  კონკურენცია დიდი. მედია პოლარიზებულია და ძალიან ცუდია, აირჩიო ერთ-ერთი მხარე. საბედნიეროდ, მე არ მაწუხებს ეგ საკითხი.

– თქვენი ცხოვრების რომელ ეტაპს გამოჰყოფდით?

– მე ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს, არის ერთ-ერთი ჩემი პირველი სამსახური, როცა „დიჯეი“ ვიყავი რადიო „მწვანე ტალღაში“. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და რადიოსაც უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა. თვითონ საინტერესო იყო საერთო ინტერესების მქონე კოლეგებთან ერთად მუშაობაც. მეგობრები ვიყავით, თან ვერთობოდით.. კარგი დრო იყო მოკლედ. არასდროს დამზარებია სამსახურში მოსვლა. ახლა, რასაც ვაკეთებ ეგეც მომწონს.

– რა უპირატესობა აქვს რადიოს?

– რადიოში ისაა კარგი, რომ შეგიძლია გახსნილად ილაპარაკო, თან არ ჩანხარ, რაღაც უფრო ინტიმურია. კამერა რომ გიყურებს, მაინც უფრო იძაბები.

– ჟურნალისტობასთან ერთად ლექტორის ამპლუაც მოირგეთ, ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლექტორობაში?

– ნუ, ლექტორობა ჰობის გამო ნაკლებად ამირჩევია, 15 წელია ვასწავლი და ძირითადად, ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამო.

–  რა მოგწონთ და არ მოგწონთ ახალგაზრდებში?

– ზოგადად, რაც მომწონს არის ის, რომ უამრავი გონებაგახსნილი ახალგაზრდა მოდის, რომელთაც აზრის გამოხატვა, ჩამოყალიბება არ უჭირთ. არ მომწონს ის, რომ  დავალებების ჩაბარების დრო როცა მოდის, უმეტესობა ცუდად წერს. განა ეს მათი ბრალია? უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდათ სისტემის მიერ, სკოლაში ცოტა მეტი ემუშავათ.

– საყვარელი რესპონდენტი თუ გყავთ?

– ჩემი მეგობრები, რომლებიც  ბევრჯერ მომიწვევია პოდკასტში. მაგალითად, დათო გორგილაძე და მარი ნიკურაძე.

– რა არის ქართველების ყველაზე დიდი მიგნება?

– ქართველებისთვის, ვფიქრობ, რომ მაინც კულტურაა ყველაზე მთავარი, ის რაც გვაერთიანებს და ქმნის ერს. მე მგონ,ი „ვეფხისტყაოსანი“ გვკრავს ქართველებს ყველაზე მეტად.

– რამდენად თვითკრიტიკული ხართ?

– მგონია, რომ ვარ თვითკრიტიკული. ყველას ჰგონია, რომ თავის თავს რეალისტურად აფასებს.. ასე ჩაკირკიტება არ მახასიათებს ყველაფერზე, რაც გავაკეთე ან დაეჭვება, ცუდია თუ კარგი.

– რამდენად ითვალისწინებთ სხვის აზრს?

– თუ მე თვითონ მომწონს, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმემ რაღაცა მითხრა, წავეკამათები, ვეტყვი: არა, ასე ვხედავ და ასე მირჩევნია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში რედაქტორმა თუ რაღაცა მითხრა,  ვუჯერებ, რადგან გარე თვალი რომ გიყურებს და გირჩევს, კარგია.

– სად იმოგზაურებდით და რატომ?

– ევროპაში ნაკლებად,  თან ნამყოფი ვარ. ალბათ, სამხრეთ ამერიკაში  ან აფრიკაში. არც ძალიან ტურისტულ ადგილას ჩავიდოდი და არც ისეთ ადგილას, სადაც წყლის ან სხვა ეკოლოგიური პრობლემა, საშიში იქნება.

– ადამიანში ყველაზე მეტად რომელ თვისებას გამოარჩევთ?

– იუმორის გრძნობას. არ არის აუცილებელი ადამიანი კარგად ხუმრობდეს, მთავარია, უბრალოდ ესმოდეს.. თან იუმორის გრძნობა რა არის?!.. არავინ იცის.

– ვინ არის  თქვენთვის სამაგალითო ადამიანი?

– ერთი, ვინც ბავშვობაში მყავდა და ახლაც არის – ჩემი ნათლია ბიძინა მაყაშვილი – ვისთან ერთადაც დავიწყე მუშაობა, უბრალოდ კარგი ჟურნალისტი და მაგარი ადამიანი.

– საბოლოოდ კი, რას ურჩევდით დამწყებ ჟურნალიტებს?

– პირველ რიგში, გადახედონ, ნამდვილად უნდათ თუ არა ჟურნალისტობა. სერიოზულად დაფიქრდნენ.. ჩემმა შვილმა რომ მკითხოს, ჩავაბარო თუ არა ჟურნალისტიკაზე?..  პირდაპირ ვეტყვი, რომ მე მგონი, არა… ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა ტელევიზიაში გადაცემის წაყვანაა. თან ფული არ არის მაინც და მაინც ჟურნალისტიკაში, ამიტომ ბევრი PR-ში მიდის. რთული პროფესიაა და ბევრ პრობლემასთან შეჭიდება გიწევს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე, გიღირს თუ არა.

 

მასალის ავტორი: თეკლა გვარამია

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting