შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

აქციის მონაწილე და სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომელი

18/03/2023

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაინტერესდნენ საპროტესტო აქციაზე “არა, რუსულ კანონს!” მომხდარი ერთი ფაქტით, რომლის ამსახველი რამდენიმეწამიანი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. რადიო “თავისუფლების” მასალაში ჩანს ასეთი მომენტი – ახალგაზრდა ქალი მიდის ერთ რიგად ჩამწკრივებულ სპეცრაზმელებთან, ეხება ერთ-ერთ “ფარს” და მომენტალურად სპეცრაზმის რიგიდან მას ასხამენ სპრეის. მასალაში აღწერილია რა მოიკვლიეს სტუდენტებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით. 

7 მარტი, საღამო. ერთ მხარეს აღჭურვილი სპეცრაზმი, მეორე მხარეს – თამამი, ამბიციური და თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობის წარმომადგენელი. საქართველოს პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც ძირითადად სტუდენტები და ე.წ. Gen-Z თაობა წარმოადგენს. სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო იძაბება, რაც პარლამენტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით იღებს. პარლამენტთან ჩნდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც. აქციაზე შეკრებილების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებენ. ვრცელდება ასობით ფოტო თუ ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირება.

რადიო “თავისუფლების” ვიდეო მასალა აქციიდან “არა რუსულ კანონს!”

როდესაც რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებული ვიდეო გავხსენი, პირველივე შთაბეჭდილება ნეგატიური იყო. ვხედავ, როგორ ასხამს წიწაკის სპრეის  სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომელი გოგონას, რომელიც მასთან ახლოს მიდის და შეხებას ან რაღაც მოქმედებით თავისი პროტესტის გამოხატვას ცდილობს. საკმაოდ აგრესიული სურათია. სულ რაღაც 3 წამი გრძელდება, თუმცა ჩემს გონებაში საკმაოდ ღრმად იბეჭდება. ამ ვიდეოთი კიდევ უფრო მას შემდეგ დავინტერესდი, რაც საგნის “მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის ფარგლებში” ლექტორმა დაგვავალა მისი სიღრმისეულად განხილვა – რამდენად კანონიერი იყო როგორც გოგონას, ისე სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომლის საქციელი.

მართლაც დავიწყე  თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება. აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად ტელეკომპანია “ფორმულას” ინსტაგრამის გვერდზე ვნახე. დავინტერესდი ხალხის მოსაზრებითაც. რა თქმა უნდა უმრავლესობა სპეცრაზმელს აკრიტიკებდა და ემოციურ დონეზე აფასებდა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე საპირისპირო კომენტარიც. ვიდეო საკმაოდ უხარისხო იყო და ეს კიდევ უფრო ართულებდა რეალობის დანახვას.

შემდეგ აღმოვაჩინე, რომ რადიო თავისუფლებას ჩასმული ჰქონდა საპროტესტო აქციების ვიდეო კოლაჟში სწორედ ეს ვიდეო, სადაც გამოსახულება ბევრად უკეთესი ხარისხის იყო. აქ უკვე გავარჩიე, როგორ მიდის ახალგაზრდა ქალი სიგარეტით ხელში სპეცრაზმელისკენ, მანამდე კვამლს უშვებს პირიდან და შემდეგ სიგარეტს აწვავს სპეცრაზმელს ფარზე, ისე რომ ნაპერწკლებსაც კი ვხედავთ. თუმცა, აქციის მონაწილე ბოლომდე ვერ ასრულებს თავის მიზანს, რადგან სახეში წიწაკის სპრეი ესხმება.

აღნიშნული ვიდეოს რამდენჯერმე ნახვის შემდეგ, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად ჯდებოდა აქციის მონაწილის ქმედებები კანონის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით საჭირო იყო ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების მოსმენა. მე, ვესაუბრე იურისტ თაკო გობეჯიშვილს, რომელმაც კანონის ენით ამიხსნა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

იურისთვის თქმით ,,სამართალდამცავების პარლამენტის შენობასთან მობილიზების მთავარი მიზანი და იდეა, როგორც პირთა უსაფრთხოების დაცვა, ისე საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ემსახურებოდა თუ არა სამართალდამცავების ქმედება აღნიშულ მიზანს და იყო თუ არა მათ მიერ პროპორციული ძალა გამოყენებული?! ამ შემთხვევაში გამოყენებული ძალის პროპორციუობის საკითხი ეჭვქვეშ დგას. ცალსახაა, რომ წიწაკის სპრეის გმოყენება მშვიდობიანი აქტივისტის მიმართ, რომელიც თუნდაც ფარზე ცდილობდეს სიგარეტის ჩაქრობას, არის არაპროპორციული და შეუსაბამო ძალის გამოყენება”.

თაკო გობეჯიშვილი, იურისტი: “წიწაკის სპრეის გმოყენება თავისი იდეით საჭიროა მაშინ, როდესაც აშკარა და შეუჩერებელ შეტევაზე გადადის საზოგადოების ნაწილი, ხოლო მაშინ როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების წინ შეუიარაღებელი გოგონაა, რომელიც ისეთი საფრთხის მატარებელი არ არის, რომ მის მიმართ წიწაკის სპრეი იყოს გამოყენებული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და სხვა არაფერი.“

ჩემს გარდა იმავე მასალაზე იურისტს ესაუბრა თანაკურსელი სოფო ლოლაძე, ვისთან საუბრისასაც ელენე ქიმშარიამ აღნიშნა შემდეგი: “იმ საღამოს შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ თუ აქციაზე შეკრებილები არ დაემორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევდნენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს. ამ განცხადების მიუხედავად, იმ კონკეტულ სიტუაციაში მშვიდობიანი აქტივისტის მიმართ მსგავსი ზეწოლა დაუშვებელი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპეცრაზმელის ხელით შეხება და მასთან ახლოს მისვლა ასევე დაუშვებელია გარკვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება ახალგაზრდას,რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა და მათთან ახლოს მივიდა, ვფიქრობ, რომ ეს პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო. ერთი შეხედვით, ამ კონკრეტულ სიტუაციაში რთულია გაიგო,რომელი მხარე იყო დამნაშავე,მაგრამ თუ დავუკვირდებით – სპეცრაზმელმა, რომელმაც წიწაკის სპრეი გამოიყენა და რომელსაც ამის არანაირი ბრძანება არ ჰქონია ზემდგომისგან, პროტესტის ამ ფორმით გამომხატველი ახალგაზრდის მიმართ მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა”.

იმავე მასალაზე მუშაობისას, ჩემი თანაკურსელი,  ლუკა ამბალიაც ესუბრა იურისტს, რომელმაც განმარტა: “მოგეხსენებათ, პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით სპეციალური საშუალების სახე და ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწიებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება N 26, მუხლი 5, სპეციალური საშუალებების გამოყენება -ის მიხედვით, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი. შედეგად, იმწუთიერი საფრთხიდან გამომდინარე, რასაც ვერ ვხედავთ ვიდეოში, მაგალითად თავდასხმას, ძალადობას, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სპეცრაზმელის დამოკიდებულება აქციის მონაწილისადმი არაპროპორციულად დ არაადეკვატურად ჩანს.“

ასევე, ჩემი თანაკურსელი ეთა სულუხია ესაუბრა სხვა ადვოკატს, რომელმაც კანონის ენით კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა რეალური სურათი: “აზრის გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითად უფლებად მოიაზრება და მინიჭებულია თვით კონსტიტუციის მიერ. კერძოდ, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გოგონას ქმედება მისი პროტესტის გამომხატველი ჟესტი იყო. მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა სპეცრაზმელისთვის ხელის შეხებით. შესაბამისად, შეიზღუდა მისი აზრის გამოხატვის და პროტესტის გზის არჩევის თავისუფლება.“

ჩემი კიდევ ერთი თანაკურსელი გიორგი ერაძეც ესაუბრა კიდევ ერთ იურისტს, რომელმაც განაცხადა: ,,როდესაც ასეთ საკითხს აფასებ, სხვა დეტალებთან ერთად უნდა განვიხილოთ, ამ გოგონას ქმედება როგორი იყო აღქმის თვალსაზრისით სპეცრაზმელისთვის. ასეთ დროს რთულია შეაფასო სწორი და არასწორი მხარე განსკუთრებით მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი გადასულია მზადყოფნაზე და მასთან მოქალაქე მიდის.“

ამ კონკრეტული ფაქტის გაანალიზებისას, სტუდენტებმა აღმოვაჩინეთ, რომ იურისტების თუ ადვოკატების უმეტესობა, რომლებიც გვთანხმდებობდნენ კვალიფიციური კომენტარის გაკეთებაზე, საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირებას ერიდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კონკრეტული კანონების მითითებით აფასებდნენ ჩვენს მიერ დასახელებულ ფაქტს.

თავად მომხდარ ფაქტს რომ დავუბრუნდეთ, სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც აღჭურვილია და სრულიად მზადყოფნაშია ნებისმიერი ვითარებისთვის, სიტუაციის გამძაფრებისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის დამოუკიდებლადაც წყვეტს რა ვითარებაში როგორ იმოქმედოს, ასეთ დროს მისი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ არაპროპორციული იყო. კონკრეტულ სპეცრაზმელს, კანონის მიხედვით, შეეძლო სხვა გამაფრთხილებელი ან მსუბუქი ,,დამსჯელობითი“ ფორმისთვის მიემართა, თუმცა სასტიკი, პირდაპირ სახეში დიდი რაოდენობით სპრეის მისხმა აირჩია. ეს პირველ რიგში არაჰუმანური და მეორე მხრივ მის მთავარ დანიშნულებას, იდეასა თუ მიზანს აცდენილი გადაწყვეტილებაა, რაც  მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას გულისხმობს.

მასალის ავტორი: ანა მაზიაშვილი 

თანაავტორები: ლუკა ამბალია, ეთერ სულუხია, სოფო ლოლაძე, გიორეგი ერაძე 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting