შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

კამპანია “არ დარეკო უმიზეზოდ”

18/03/2023

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტებმა მოამზადეს კამპანია “არ დარეკო უმიზეზოდ”. კამპანიის შექმნაში მონაწილეობდა შვიდი სტუდენტი: ლიკა გოცაძე, სოფო კედელაშვილი, ანანო რუხაძე, ნინო ჯიჭარაძე, ანა მოსაშვილი, გურამ აბაშიძე და კოკა კობალაძე. მასალა მომზადდა საგნის “სოციალური მედიის სტრატეგია და PR კამპანიების” ფარგლებში. ლექტორი: სოფიო მგალობლიშვილი 

2021 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, 112-ში შესული 5 მილიონამდე ზარიდან 34% არამიზნობრივია.

ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი და ჩვენი, ყველას ვალია გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე სხვების სიცოცხლეს. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც უშუალოდ ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული.  ამიტომ, იმისათვის რომ მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რამდენს შეიძლება ნიშნავდეს მათი არამიზნობრივი ზარი სხვისთვის, დავიწყეთ სოციალური კამპანია #არდარეკოუმიზეზოდ.

არა ერთი კვლევა, ექსპერიმენტი ან მაგალითი გვიჩვენებს, რომ 112-ში ხშირად ისეთ საკითხებზე რეკავენ, რაც საერთოდ არ შედის მათ კომპეტენციაში, ამ დროს შეიძლება სხვას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდეს და საბედისწერო აღმოჩნდეს თითოეული არამიზნობრივად დაკავებული წამი.

აღნიშნული კამპანიის პირველი ეტაპი შეიძლება ატარებდეს საინფორმაციო ხასიათს, იმის შესახებ, რომ 112-ზე უნდა დარეკონ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს, მაშინ როცა ესაჭიროებათ პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. არამიზნობრივი ზარის განხორციელებით, 112-თან დაკავშირების საშუალებას არ ვაძლევთ მათ, ვისაც რეალურად ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება და თითოეული წამი გადამწყვეტი შეიძლება იყოს მისი სიცოცხლისთვის.

თუმცა, ერთჯერადად მიწოდებული თეორიული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საჭიროა კამპანიის ფარგლებში სისტემატიური აქტიურობა რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი და ერთგვარად ავამაღლოთ თვითშეგნება იმაზე, რომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ სხვის სიცოცხლეს.

ყველას კარგად გვახსოვს 112-თან დაკავშირებული წინამორბედი კამპანია, #გაატარესასწრაფო, რომელმაც შთამბეჭდავი ემოცია გამოიწვია საზოგადოებაში და შედეგებმაც გაამართლა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კამპანიის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში სრულიად რეალურია პოზიტიური შედეგების მოლოდინი.

ჩვენი ძირითადი მიზანია მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლება, რომ არ უნდა დარეკონ არამიზნობრივად 112-ში და იფიქრონ სხვის სიცოცხლეზე. ამისთვის, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა კამპანიის ორ ნაწილად გაყოფა:

  1. საორგანიზაციო ფაზა, სადაც ჩვენი გუნდი შეიმუშავებს საჭირო და მარტივად აღსაქმელ გზავნილებს;
  2. ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბარათების, პოსტერების, ე.წ. სტიკერების, ასევე, ემოციურად დატვირთული ვიდეოკლიპების გადაღება და გავრცელება.

რაც მთავარია, კამპანიის გაწერილ ვადებში სისტემატიურად უნდა ხდებოდეს საზოგადოებისთვის საჭირო გზავნილების მიწოდება.

ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ კამპანიის იდეა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამიტომ სწორად გაწერილი გზავნილებით შევძლებთ მის პოპულარიზებას და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.

სამიზნე აუდიტორია

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არის ფართო და მისი ინტერესის ქვეშ შეიძლება იყოს ყველა ასაკის ადამიანი, ჩვენი პირველადი სამიზნე აუდიტორია  განსაზღვრულია  40-55  წლის ასაკის ხალხისთვის, რადგან როგორც კვლევები გვიჩვენებს, ამ ასაკის ადამიანები ყველაზე ხშირად ახორციელებენ არამიზნობრივ ზარებს.

როგორც ცნობილია, 35-40 წლიდან იწყება ე.წ. შუა ხნის კრიზისი, რაც იწვევს შფოთვებს, ნერვული სისტემის არასტაბილურობას, ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურას და ა.შ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის ხშირი ამ ასაკის ადამიანების მხრიდან არამიზნობრივი ზარების განხორციელება. ამიტომ, კამპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია არის სწორედ 40-55 წლის ასაკის ადამიანები და ჩვენი მიზანია პირველ რიგში აღნიშნული სეგმენტის აუდიტორიისთვის კამპანიის ძირითადი გზავნილების მაქსიმალურად მიწოდება, ყველა გზით.

თუმცა, კამპანია, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სხვა ასაკობრივი ჯგუფების ინფორმირებას და მეორე კატეგორიის სამიზნე აუდიტორიაში მოვიაზრებთ 14-18 წლის ასაკის მოზარდებს, რომლებსაც აქტიურად, შეუზღუდავად აქვთ წვდომა სმარტფონებთან, არიან გარდატეხის ასაკში და ხშირად გართობის მიზნით, არასერიოზული მიზეზებით რეკავენ 112-ში. კამპანიის მიზანია პოზიტიური, მათთვის მიმზიდველი ე.წ. „ტრენდული ჰეშთეგებით“  მათი დაინტერესება კამპანიის იდეით და გარკვეული პოზიტიური გავლენის მოხდენა მათზე. ამ კატეგორიის მოზარდები ძირითადად სკოლაში სწავლობენ, ახალი კანონიდან გამომდინარე შეიძლება დასაქმებულები იყვნენ და წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა, ისეთი ასაკის არიან, როდესაც გართობის მიზნით შეიძლება ბევრი არასასურველი ქმედება განახორციელონ, მათ შორის ყოფილა გასართობად ზარების განხორციელება 112-ში.

მესამე კატეგორიის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი – 65-75 წლის ასაკის მოხუცები, რომლებიც, საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფია, მარტივად უშინდებიან ორგანიზმში ასაკის მატებასთან თანმხლებ ნებისმიერ მარტივ ცვლილებას და შესაძლოა, უმნიშვნელო მიზეზიც კი ჩათვალონ საგანგაშოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება მათთვის გასაგები და მარტივი ენით. გარდა ამისა, აღნიშნული ასაკის აუდიტორია ნაკლებად არის დასაქმებული, სხედან სახლში და მათთვის ყოველგვარი ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს პანიკის დაწყების საფუძველი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ასაკობრივი  ჯგუფის ინფორმირებაც.

კამპანიის იდეა ყველასთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა მისი ქვეყნის მასშტაბით გაშლა, თუმცა ვფიქრობთ, ძირითადი ყურადღება დაეთმობა დედაქალაქს და დიდ ქალაქებს, რადგან ბოლოს ჩატარებული 2020 წლის კვლევებით აღმოჩნდა, რომ უმეტესწილად თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან შემოსული ზარები იყო არამიზნობრივი.

კვლევის ანალიზი

ჩვენი გამოკითხვის მიზანია, შეისწავლოს საზოგადოების დამოკიდებულება 112-ში არამიზნობრივად განხორციელებული ზარებისადმი.

კვლევის შედეგები ასეთია: გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 73 ადამიანმა. აქედან, უმეტესობა, 37% არის 36-45 წლის ასაკის ადამიანები, 23.3% კი – 46-55 წლის, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კამპანიის სამიზნე აუდიტორია წარმოადგენს 40-55 წლის ასაკის ხალხს.

კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ 112-ის მომსახურებით, 42.5% პასუხია – ხშირად, ეს პასუხი საფუძვლიანი მიზეზია ვიფიქროთ, რომ კამპანია იქნება აქტუალური, რადგან გამოკითხულთა უმრავლესობას ხშირად უწევს 112-ის მომსახურებით სარგებლობა და საჭიროა მათი ინფორმირება ამ საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემების შესახებ.

მესამე კითხვაზე, დაურეკავთ თუ არა 112-ში განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, 56.2% გვპასუხობს, რომ დიახ, დაურეკავთ. ეს არის მყარი არგუმენტი და მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც კამპანიის ჩატარების აუცილებლობაზე მიგვითითებს. საზოგადოებას სჭირდება საფუძვლიანი ინფორმაციის მიწოდება 112-ის არამიზნობრივი სარგებლობის შესახებ.

კვლევის შემდეგი ორი კითხვა, თვლიან თუ არა საჭიროდ 112-ში დარეკვას 37° ტემპერატურის დროს და დარეკავდით თუ არა 112-ში ინფორმაციის მისაღებად, იმ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ რაიმე კონკრეტული მისამართი ან გსურთ, გაარკვიოთ რომელიმე ორგანიზაციის საკონტაქტო ნომერი,  გამოკითხულთა უმრავლესობა, 45.2% და 42.5% გვპასუხობს, რომ არ იცის.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იკვეთება აუცილებლობა, საზოგადოებას გავაცნოთ ერთგვარი მიზეზების ჩამონათვალი, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი 112-ში დარეკვა.

კვლევის შემდეგი კითხვა ეხება ზარის საფასურს, (იმ შემთხვევაში, თუ 112-ში ზარი ფასიანი იქნება, იგივე ინტენსივობით დარეკავდით?) გამოკითხულთა უმრავლესობამ, 52.1%-მა არ იცის დარეკავდა თუ არა იგივე ინტენსივობით 112-ში თუ ზარი ფასიანი იქნებოდა. ეს შედეგი შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ ბერკეტად, რომ ზარი თუ გახდება ფასიანი, შეიძლება ადამიანი უფრო მეტად დაფიქრდეს, ნამდვილად აუცილებელია, თუ არა 112-ში დარეკვა ამა თუ იმ საკითხზე.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია ერთგვარი ბერკეტი, არამიზნობრივი ზარების შესამცირებლად, რაც გულისხმობს ფულად ჯარიმას და ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა როგორც ჩვენი კვლევიდან ვიგებთ, ამის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 60%-ს არ აქვს. ვფიქრობთ, კამპანიის ფარგლებში საჭიროა ამ მიმართულებითაც მუშაობა და საზოგადოების ინფორმირება.

დასკვნა: კვლევის შედეგები ნათლად გვიჩვენებს, რომ საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია 112-ის მომსახურების მიზნობრიობის შესახებ. ამიტომ, ვთვლით, ჩვენი კამპანია იქნება სწორედ ის ბერკეტი, რაც საშუალებას მოგვცემს ადამიანების ინფორმირებით პოზიტიური გზავნილებით ავამაღლოთ ცნობიერება ამ საკითხის ირგვლივ და შევამციროთ არამიზნობრივი ზარები, რაც აუცილებლად გადაარცენს ბევრ სიცოცხლეს.

საკომუნიკაციო გეგმა

ჩვენი კამპანიის მთავარი მესიჯი, მისი შინაარსიდან გამომდინარე იქნება: #არდარეკოუმიზეზოდ.

სლოგანები:

  • „გადაარჩინე სხვისი სიცოცხლე“
  • „ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლეზე“

კამპანიის ჩასატარებლად გვაქვს რამდენიმე საკომუნიკაციო არხი, რომელიც გათვლილია შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის სამიზნე აუდიტორიაზე:

40 – 55 წლის ასაკობრივი კატეგორია,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევების მიხედვით (საქსტატი) საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ აღნიშნული ასაკის ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის აზრით, ეფექტური იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ჩვენი კამპანიის ბანერების განთავსება, სადაც იქნება მთავარი მესიჯბოქსი და ლოგო. ეს იქნება ერთ-ერთი კარგი გზა, ადამიანის მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს კამპანიის იდეა. ამისათვის შეირჩევა ისეთი გაჩერებები, სადაც დიდი რაოდენობის ადამიანი გადაადგილდება, მეტროში ბანერები, ავირჩევთ ძირითადად ახმეტელის მეტროს, სადგურის მოედანს, დიდუბის მეტროს.

თუმცა ეს საკმარისი არ არის. საჭიროა სოციალური ქსელების აქტიურად ათვისება და სარეკლამო კამპანიის გაშვება, რაც გულისხმობს პატარა ვიდეოებს, სახალისო პოსტერებს, ფეისბუქ გამოკითხვებს და ა.შ.

ჩვენი კამპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა 40-55 წლის ასაკის ადამიანები. საკომუნიკაციო არხი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ მათთან კომუნიკაციისათვის პირველ რიგში ეს არის სოციალური ქსელები, რომლებსაც აღნიშნული ასაკის ადამიანები ხშირად იყენებენ. სამსახურში შესვენებაზე ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც ადამიანს თავისუფალი დრო გაუჩნდება პირველ რიგში სქროლავს ტელეფონს და აკონტროლებს საკუთარ სოციალურ ქსელს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ჩვენი კამპანიის ლოგო, სლოგანი თავისი #-ები ხვდებოდეს ამ სქროლვის დროს თვალში ადამიანს, რომ მათთვის ცნობიერის დონეზე დავიდეს, ის, რომ უმიზეზოდ 112-ზე დარეკვამ შეიძლება სხვა ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. მთავარი სოციალური ქსელი, რომელიც ჩვენს რეალობაში არის პოპულარული ესაა Facebook, სწორედ ფეისბუქზე განთავსდება ჩვენი აქტივობები, მოკლე ვიდეოები, რითაც ჯერ პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე აუდიტორიის მოთხოვნები, რომ ყველაფერი სწრაფად და მარტივად აღსაქმელი იყოს.

ვიდეოებში ძირითადად გამოყენებული იქნება რეალური ისტორიები, რომლითაც ერთის მხრივ აუდიტორიას ვაჩვენებთ უარყოფით მხარეს უმიზეზო ზარის, მეორეს მხრივ კი დადებითი შინაარსის შემცველ ვიდეოებს ჩავწერთ, სადაც საუბარი იქნება თუ რა მოჰყვება ერთ არამიზნობრივი ზარისგან თავი შეკავებას. დღეს ვფიქრობთ, საზოგადოება დადებით ემოციებს არის მოკლებული, ირგვლივ ძირითადად ნეგატივია, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სწორედ პოზიტიური შინაარსის მქონე ვიდეოებით.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა თანამდროვეობის ახალი „ტრენდია“ ე.წ QR კოდების გამოყენება, ამ კოდების საშუალებით, როდესაც ადამიანი დაასკანერებს მას გამოუჩნდება ინფორმაცია კონკრეტული მაგალითები, თუ რა სავალალო შედეგებით სრულდება თითოეული არამიზნობრივი ზარი სხვა ადამიანისათვის. აგებული იქნება რეალურ მაგალითებზე, რადგან ადამიანზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ სიტყვები არამედ ისტორიები, ის რაც ერთხელ უკვე გადახდა სხვა ადამიანს თავს. ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ კი ის იწყებს ფიქრს რა მოყვება მის არასწორ ქმედებას.

კიდევ ერთი სოციალური ქსელი, რომელსაც საკომუნიკაციო არხად გამოვიყენებთ, ეს არის Instagram, ადამიანებს შევთავაზებთ „სთორის“ სახით რამდენიმე წამიან ვიდეოებს, სადაც ისაუბრებენ რეალური 112-ის ექიმები და არამარტო ისინი. ძირითადად ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ მათი ცნობიერება უნდა ამაღლდეს ამ მხრივ და შემდეგ სხვა დანარჩენი საზოგადოების. როდესაც ადამიანი ცუდად ხდება ექიმი, ერთადერთი ადამიანია, ვისაც ენდობა, ამიტომ ავტორიტეტი, რომ გესაუბრება უფრო დამაჯერებელია და მეტად გიჯდება გონებაში. ისაუბრებენ ექიმები, ექთნები, მოუწოდებენ, ურჩევენ ადამიანებს არამივნობირივი ზარისგან თავი შეიკაონ, გააჟღერებენ ჩვენს სლოგანებს.

რაც შეეხება 14-18 წლის ასაკობრივ კატეგოიას, მათთვის ძირითადად გამოვიყენებთ ახალ მედია საშულებებს  ინსტაგრამის და ტიკტოკის სახით.

ინსტაგრამზე ძირითადად ფოტოებით და ინსტაგრამ პოსტერებით მივიქცევთ მათ ყურადღებას, განვათავსებთ ქარდებს, კოლაჟებს, ინფოგრაფიკებს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება გააკეთო, ამ შინაარსით.  რაც შეეხება ტიკტოკს, აქ დაგვჭირდება თინეიჯერებისთვის პოპულარული ინფლუენსერების დახმარება. მათ მიერ კამპანიის შესაბამისი მოწოდებების გაჟღერება და ერთგვარი გამოწვევების გაკეთებ, რათა ვიდეოები უფრო აქტუალური და მასშტაბური გახდეს. თან დღეს აქტუალურია, როდესაც ბავშვები მიმბაძველები არიან ისეთი ადამიანების, რომლებსაც მეტი „ფოლოვერი“ ჰყავთ.

ერთ-ერთი მათთვის მიმზიდველი გზა შეიძლება აღმოჩნდეს ე.წ. მოდური „ჰეშთეგების“ გამოყენება და მაქსიმუმ 15 წამიანი პოზიტიური ვიდეორგოლების გავრცელება სოციალურ ქსელებში. ვიდეო უნდა იყოს იმდენად მიმზიდველი და ახალგაზრდული რომ მოახდინოს ერთგვარი მანიპულაცია და გაუჩნდეთ მისი გაზიარების სურვილი საკუთარ კედელზე.

გარდა ამისა, აღნიშნული ასაკის მოზარდებში გამოვიყენებთ საკომუნიკაციო არხად სკოლებს. ყველა სკოლას ჰყავს თავისი „ცნობილი“ , აქტიური ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით თუ მიზნით არიან პოპულარულები სკოლაში, ზოგიერთი გარეგნოს გამო, ზოგიერთი რეპუტაციის გამო, ზოგიერთი მაღალი მოსწრების გამო, ამაზე ინფორმაციას კი ყველა სკოლის ადმინისტრაციის წევრი ფლობს. ასეთ ბავშვებს სხვები ბაძავენ, შესაბამისად მათ სოციალურ ქსელში მეტი გამომწერიც ჰყავთ და მათ თვალს ადევნებენ, აქედან გამომდინარე თუ დავუკავშირდებით ამ ბავშვებს და გავავრცელებინებთ ჩვენი კამპანიის სლოგანს #-ს, მისი ასაკის ბავშვები მეტად დაინტერესდებიან და შესაბამისად კამპანიის მთავარი იდეა, რომ ცნიბიერება ავამაღლოთ ადამიანებში შესრულდება.

ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს 65-75 წლის ასაკის ადამიანები, რომლებიც თითქმის სულ სახლში სხედან. მათთან ხმის მიწვდენა შესაძლებელია ტრადიციული მედიით. საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენი კამპანიის პრეზენტაციის გაშუქება და კამპანიის მთავარი გზავნილის გაჟღერებით აღნიშნულ აუდიტორიამდეც მივიტანთ სათქმელს.

საღამოს, როდესაც ოჯახი თავს იყრის ტელევიზორთან ყველა ცდილობს ისეთ რამეს უყუროს, რაც ყველას ინტერესებს აკმაყოფილებს. გვიან საღამოს რუსთავი 2-ზე გადის გადაცემა „პოლიციის ფაილები“, სადაც ხდება რეკონსტრუქცია და აღდგენა დანაშაულების ქრონოლოგიის. ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ საღამოს საათებში კვირაში რამდენჯერმე, საღამოს საინფორმაციო გადაცემის შემდეგ ასეთივე შინაარსის მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტი უნდა გავიდეს, სადაც აღწერილი იქნება კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული ფაქტები, როგორ მოხდა 112-ში ზარის განხორციელება, რა მიზეზით და პარალელურად მეორე მხარესაც ვაჩვენებთ, სადაც აღწერილი იქნება ამ ზარის შემდეგ გამოწვეული საფრთხეები. ვიდეოში გმირები იქნებიან არაცნობილი ადამიანები, 112-ის ექიმები, რადგან ვთვლით, რომ როდესაც „შენიანი“ გესაუბრება და მოგიწოდებს თავი აარიდო რაღაცის გაკეთებას, მეტად სარწმუნო ხდება, უფრო მეტად მიგაქვს გულთან. ტელევიზიებს გამოვიყენებთ ერთ სახელისუფლებო არხს „იმედს“ 8 საათიანი გამოშვების შემდეგ, მეორე ტელევიზია რასაც ვფიქრობთ რომ აქვს რეიტინგი არის ოპოზიციური არხი „ტვ პირველი“, შაბათს ნოდარ მელაძის გადაცემის შემდეგ გავუშვებთ ვიდეოს.

ასევე, აუცილებელია ქუჩის აქტივობები. ვგულისხმობთ, ბანერების განთავსებას გაჩერებებზე, ბილბორდის გაკვრას მტკვრის მარჯვენა ან მარცხენა სანაპიროზე, ამ ლოკაციაზე არის ყველაზე დიდი საცობი საღამოობით, ადამიანები საცობში დგომისას ათვალიერებენ და კითხულობენ გაკრულ ბილბორდებს, ამიტომ ვფიქრობთ აღნიშნული ლოკაცია იქნება სტრატეგიული კამპანიისთვის.

მოსალოდნელი შედეგები

  • ჩვენი აზრით, თუ ყველაფერი ისე განვახორციელეთ, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ეს საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩება. როდესაც დასჭირდებათ სასწრაფოს გამოძახება და აკრეფენ 112, დაფიქრდებიან, მართლა სჭირდებთ თუ არა იმ დროს სასწრაფოს დახმარება, ჯერ ხომ არ სჯობს ვინმე ახლოს მყოფს დაეკონტაქტოს, ან თვითონ დალიოს წამალი და თუ არ დაეხმარება შემდეგ დარეკოს დახმარებისთვის. საზოგადოებას, ვფიქრობთ, პოზიტიური მესიჯებით მივახვედრებთ, რომ გართობის მიზნით არ უნდა დავრეკოთ 112-ში, რადგან ამის ყველაზე ხშირი შემთხვევები არსებობს, ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა საჭიროების გამო შეუძლია დარეკოს 112-ში, მაგალითად:
  • რაიმე მისამართის გაგება;
  • საჭმლის გამოძახება;
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა
  • ლოკაციის დადგენა
  • რაიმე ნივთის დაკარგის გამო

აქედან გამომდინარე, სწორად ინფორმაციის მიწოდება გვგონია, რომ თვითშეგნებას და შემდგომ ქცევას შეუცვლის ადამიანს. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ გვქონდეს საშუალება მოქალაქეებისგან უკუკავშირის მიღების და 112-იდან იმის გარკვევის, რამდენად შემცირდა არამიზნობრივი ზარები, რომ ამის მიხედვით განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები და თუ რამე ხარვეზი გვაქვს გამოვასწოროთ, რომ შემდეგ უკეთეს შედეგზე გავიდეთ.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting