შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
აქვს თუ არა თბილისს სატრანსპორტო პოლიტიკა?
03/03/2023
თბილისში ყოველდღიურად 500 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალური ტექნიკა, დისტრიბუციის და სხვა მანქანები ემატება. გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანად საქართველოში ავტომობილს ყოველი მესამე მოქალაქე ანუ მოსახლეობის დაახლოებით 30% ფლობს.
როგორც ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, მოტორიზაციის კოეფიციენტი (მანქანის მოხმარება კვირაში ხუთ დღეზე მეტჯერ) ევროპაში 8%-ია, საქართველოში კი თითქმის 35%, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ავტომობილს გაცილებით ხშირად და ახლო მანძილზე მოიხმარენ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს თბილისში ყოველდღიურად მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილზე სწრაფი და კომფორტული ჯერ არ გამხდარა. ავტობუსების და მიკროავტობუსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავტობუსების გადაადგილების ერთიანი სქემის – საავტობუსო ზოლების მოწყობა თბილისში ჯერ არ დასრულებულა და დროში საკმაოდ გაჭიანურდა.
ამას ემატება ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის – ქეთევან წამებულის და მელიქიშვილის გამზირების სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოქმნილი საცობების გამო ავტობუსების გადაადგილება არათუ დაჩქარებული, არამედ შენელებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში დგომის გამო, დაგეგმილი ბრუნების 30%-ს ვერ ახორციელებს. შესაბამისად, დღიურად 100 000-ით ნაკლები მგზავრი გადაჰყავს. სულ ავტობუსით დღეში დაახლოებით 500 000-ზე მეტი ადამიანი მგზავრობს.
საცობის მიზეზი
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საცობებს იწვევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები – ქეთევან წამებულის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის გამოც ბოდიშს უხდის მოსახლეობას. პარალელურად, იგი ამბობს, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო 20 მარშრუტზე/კვანძზე ავტობუსების სიხშირე დაგეგმილზე 30%-ით ნაკლებად სრულდება, რაც იწვევს ლოდინის დროის ზრდასა და ტრანსპორტის გადავსებას. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო, საავტობუსე ზოლების მოწყობა. კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისი ახლა სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ ეტაპზეა და მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, თუმცა რეფორმის დასრულების შემდეგ დედაქალაქში მოძრაობა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ახლა თუ წინა წლებში. (წყარო: ნეტგაზეთი)
საცობი მეტროში
“მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. პრობლემაა მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით, იქაც მხოლოდ შესასვლელში. მეტროს შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო ბაქანზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მგზავრს ემსახურება. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში, ბაქანზე ადამიანები დარჩნენ. ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება“ – აცხადებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი. (წყარო: bpn.ge)
ავტობუსების საკითხი
თბილისის მერის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაში თანმიმდევრულია: „დაპირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლებისა და ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების“ შესახებ შესრულდა: „პირველი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ და ეს მეამაყება… არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება, ასევე, მოცდის დროის შემცირება, რომ არ უწევდეთ ადამიანებს დიდი ხნით ლოდინი“. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ამ მიზანს, საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემური მოწესრიგებით მიაღწევს.
რატომ არ შემოდის 18 მეტრიანი ავტობუსები თბილისში?
ამ ეტაპზე თბილისში მხოლოდ 8 და 12-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდებიან. 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსიდან დედაქალაქში არცერთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი 2021 წლის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქს ახლა ჰყავს 860 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 672 ერთეული დადის ხაზზე და ემსახურება მოსახლოებას, მაშინ როცა წინა წლებში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა 430 იყო, ხოლო რეზერვში დაახლოებით 140 ერთეული იმყოფებოდა. ვტობუსების რაოდენობის მხრივ დედაქალაქს პრობლემა ნაკლებად აქვს. პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტურქტურა, რის გამოც ვერ ვერ ხერხდება ავტომობილების და ავტობუსების გარკვეული რაოდენობის გატარება.
დერეფნები და მიკროავტობუსები
„მთავარი პრობლემა სწორედ აქ არის: სწრაფი საავტობუსე ხაზების 10 დერეფანი, რომელიც უნდა ყოფილიყო ახალი სქემის ხერხემალი, მთავარი გამწევი ძალა, ფაქტობრივად, ტრამვაის ფუნქციის შემსრულებელი, დასრულებული არ არის“, – ამბობს ელენე ხუნდაძე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების ყოფილი უფროსი.
10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი (იგივე TBT ხაზი) საქალაქო და საუბნო ხაზებთან ერთად, EBRD-ის თანადაფინანსებით კომპანია „სისტრას“ ჩატარებულმა ვრცელმა კვლევამ განსაზღვრა. გეგმის თანახმად, ამ დერეფნებზე უნდა დაეხაზათ „ბასლეინები“, სადაც ყოველ 12-15 წუთში დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიდნენ და ექნებოდათ შესაძლებლობა, მაქსიმუმ 150 ადამიანი გადაეყვანათ.
დასკვნა
დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა საგზაო სივრცის ყველა სუბიექტისთვის თანაბარ გადანაწილებას ითვალისწინებს, რომლის საბოლოო მიზანი კომფორტული და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ავტომობილების შემცირება უნდა განაპირობოს. იმისათვის, რომ მოსახლეობამ დათმოს საკუთარი ავტომობილი და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს, არჩევანი უნდა გაკეთდეს მუნიციპალურ ტრანსპორტის მოძრაობის სისტემის განვითარებაზე.
ამამად კი საცობებს ბოლო არ უჩანს, მეტ მანქანას მეტი ავტოსადგომი სჭირდება. თბილისის მერია აცხადებენ, რომ საცობების მიზეზი დედაქალაქში ავტომობილების სიჭარბე და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებია და რეფორმის დასრულებამდე გარკვეული დისკომფორტის ატანა მოგვიწევს. თუმცა, ამ ეტაპზე არავინ ამბობს კონკრეტულად როდის დასრულდება ეს ინსფრაქსტრუქტურული პროექტები, მთ უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მერია ახალი პროექტების დაწყებასაც გეგმავს.
თბილისის მერიის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება სწრაფი და კომპორტული. ამჟამად კი მოცემულობა სრულიად საპირისპიროა – იმ ქუჩებზეც კი, სადაც ე.წ. „ბასლაინების“ დახაზვა და ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც საცობში იჭედება, აღარაფერს ვამბობთ კერძო ავტომობილებზე. არავინ დავობს, რომ თბილისს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ჰქონდეს, თუმცა დედაქალაქში არსებული მუდმივი საცობები და გადაადგილების პრობლემა, მოსახლეობაში რეფორმისადმი არსებულ სკეპტიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის.
მასალის ავტორი: ავთანდილ ზარნაძე
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი