შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

თათული სიჭინავა:„სისტემა არ იყო კარგად მომზადებული“

23/02/2023

საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ „დიარჯი სისტემა“ პირველი 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე მენეჯერი თათული სიჭინავა გვესაუბრება.

– მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის დიარჯი სისტემა?

– დიარჯი (DRG) არის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდი. მისი შემუშავების საფუძველი დასაფინანსებელი ხარჯების შემცირება იყო. 1980-იან წლებამდე დაფინანსება ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით, რამაც ჯანდაცვა თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა. ამიტომ, რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო დიარჯის სისტემა, რითაც დააჯგუფა დიაგნოზები და, წინასწარი კვლევების საფუძველზე, ფასები ამ ჯგუფების მიხედვით დააწესა.

– როგორია დიარჯი სისტემა საქართველოში?

– რომ გითხრათ მოქნილია-მეთქი, არ იქნება მართალი. აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

– თუ შეგიძლიათ, გვითხრათ ეს დადებითი და უარყოფითი მხარეები

– საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში აქამდე გარკვეული სახის მომსახურებებს სხვადასხვა კლინიკა სხვადასხვა ფასში აწვდიდა მომხმარებელს. შეიძლებოდა, ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა ქალაქში ან, თუნდაც, სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებული ყოფილიყო. პაციენტი ზედმეტი თანხის გადახდისგან თავს ვერ იცავდა. ამას ემატება რიგი მომსახურებები, მაგალითად, ექიმის ჰონორარი, ან VIP პალატა – რომლის ფასსაც კლინიკა თვითონ ადგენდა და, შეიძლებოდა, პაციენტის ნების გარეშეც დაემატებინა მისთვის ეს ხარჯი. დიარჯის შემოსვლის შემდეგ, კლინიკები ვალდებულები არიან, პაციენტს მხოლოდ და მხოლოდ ის თანხა გადაახდევინონ, რასაც პროგრამა მიუთითებს. ზედმეტის გადახდა გამოირიცხა. ეს ამ სისტემის დადებითი მხარეა. თან, მთელ საქართველოში, ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასია.

რაც შეეხება უარყოფით მხარეს, დიარჯის სისტემის შემოსვლამდე იყო რიგი დაავადებები და დიაგნოზები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებდა, თავისი დაწესებული ტარიფის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ასე აღარ არის. ყველა პაციენტს – რა დიაგნოზითაც არ უნდა მოხვდეს კლინიკაში – გარკვეული პროცენტული თანაგადახდა მაინც უწევს. გამოდის, რომ თუ პაციენტი სოციალურად დაუცველი ან ვეტერანი არაა, ყველა შემთხვევაში იხდის ფულს, 10, 20 ან 30 პროცენტს, ზოგ დიაგნოზზე კი თანაგადახდები 1000 ლარს სცდება. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, რომელთა ჰოსპიტალიზაციის რისკი მაღალია და უფრო ხშირადაც ხვდებიან კლინიკაში, ძალიან უჭირთ ამხელა თანხის გადახდა. მით უმეტეს, იციან, რომ აქამდე არ იხდიდნენ. ცუდი, ასევე, არის ის, რომ კლინიკებმა წინასწარ არ იციან, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს პაციენტს, სანამ მისი გაწერის დღე არ დადგება და შემთხვევა პორტალზე არ დაიხურება. შემდეგ ეს პორტალი წერს გადასახდელ თანხას, რაც პაციენტებში დიდ აგრესიას იწვევს.

– თქვენი აზრით, მზად იყო თუ არა ქვეყანა ამ გამოწვევისთვის?

– ჩემი აზრით, ქვეყანა კი იყო მზად – მოსახლეობაც და კლინიკებიც სიახლეებს მარტივად მივიღებდით – მაგრამ თვითონ სისტემა არ იყო კარგად მომზადებული. ჩემი აზრით, წინასწარ კვლევები უნდა ჩაეტარებინათ; პროგრამის ჩაშვებამდე ბევრ რამეს უნდა დაკვირვებოდნენ; კონსულტაციები გაევლოთ კლინიკებთანაც, ექიმებთან და მოსახლეობასთანაც. ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ახლა ყველა ერთად ვსწავლობთ და, სავარაუდოდ, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ ორივე მხარე, რის შედეგებსაც დრო გვაჩვენებს.

– დიარჯი სისტემისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისია მსოფლიო გაიდლაინით გათვალისწინებული მკურნალობისთვის?

– რიგ შემთხვევაში – კი და რიგ შემთხვევაში – არა. გარკვეული კუთხით, ეს კლინიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, რომელიმე კლინიკამ იმდენად მოინდომოს ტარიფში ჩატევა, რომ ხარისხი საგრძნობლად შეამციროს – რაც აუცილებლად აზარალებს პაციენტს. მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ყველაფერი გაუკეთო პაციენტს და სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა არაფერში გეყოს. არის დიაგნოზები, რომლებშიც არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც სამკურნალოდ არის საჭირო; მაგრამ ბევრი მძიმე დიაგნოზია, რომლებსაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ. როცა პაციენტის მდგომარეობა რთულდება და ტარიფი საკმარისი აღარ არის.

– რას ურჩევდით მოსახლეობას ამ სისტემასთან დაკავშირებით?

– ვურჩევდი, რომ უფრო მეტად გაერკვიონ დაფინანსებებში, კლინიკაში შესვლისთანავე. პაციენტები, რომლებიც უკვე საპენსიო ასაკში ან შშმ პირები არიან (რომელთაც, ასე თუ ისე, დიდი თანხების გადახდა უწევთ), კარგი იქნება, კერძო დაზღვევითაც თუ ისარგებლებენ. ამ შემთხვევაში, კერძო დაზღვევა თავის თავზე აიღებს იმ დაფინანსებას, რაც პაციენტს თავისი ჯიბიდან უნდა გადაეხადა.

 

მასალის ავტორი: ნინო ჯინჭარაძე

IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting