შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ჰაერის როგორი ხარისხია გლდანში?

23/02/2023

წლებია გლდანის მოსახლეობა უსიამოვნო სუნს უჩივის და მისგან გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობს. ამ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, გლდანის ნაგავსაყრელზე სამშენებლო მასალები და ტოქსიკური ნარჩენები იწვის. მეორე ვერსიით არსებობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აგროვებს და წვავს საბურავებს, რომლის შედეგად მიღებულ ნარჩენს ჯართში აბარებს. საბურავების წვის პროცესში გამოყოფილი სუნი კი მთელს გლდანში ვრცელდება.

გლდანის ნაგავსაყრელი კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზეა მთასავით ამობურცული, რომელიც ამჟამად შემოღობილია. ამ ნაგავსაყრელიდან გავრცელებული მძაფრი სუნი განსაკუთრებით შესამჩნევია სიცხის დროს, ზაფხულში. მიზეზი შესაძლოა სამშენებლო ან მეტალოპლასტმასის მასალები იყოს, რომლებსაც მაღალ ტემპერატურასა და უნალექობაში ცეცხლი მარტივად უჩნდება. დიდი ნაგვის გორების გამო რთულია, სახანძრო მანქანა ტერიტორიაზე შევიდეს. საბოლოოდ კი, თავისით უნდა ჩაქვრეს.

სალომე ცეცხლაძე, მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად, დაახლოებით 4 წლის წინ გლდანში, მეხუთე მოკრორაიონში გადავიდა საცხოვრებლად. აქ დასახლებიდან მალევე ისინი ისე შეწუხდნენ უსიამოვნო სუნით, რომ ნაგავსაყრელი მოინახულეს, რომელიც მათი კორპუსიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს.

სალომე და მისი მეუღლე, თაზო კუპრეიშვილი, რომელიც „ნეტგაზეთის“ რედაქტორია, საკითხით სიღრმისეულად დაინტერესდნენ. „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნდა მასალა აღნიშნულ პრობლემაზე, ახალგაზრდა წყვილმა დააორგანიზა აქცია და რამდენჯერმე მიმართეს გლდანის მაჟორიტარს – კონსტანტინე ზარნაძეს.

სალომე ცეცხლაძე:წინასაარჩევნო პერიოდში, კოტე დადიოდა და ამბობდა, რომ პრობლემა მოვაგვარეთ და ნაგავსაყრელი შემოვღობეთო. რა თქმა უნდა, მე არაფერს არ ვუკარგავ. გააკეთეს ძალიან ბევრი კარგი პარკი, სავაჭრო სივრცე, მაგრამ პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა.

ეს არ იყო სისტემური მიდგომა. მაჟორიტარის თქმით უნდა შემოეღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებდა პრობლემას, თუმცა ეს კანონი ჯერ არ გვინახავს. ამ ეტაპზე არსებობს იდეა, რომ ვიჩივლოთ სასამართლოში. ადამიანის უფლებაა ცხოვრობდეს უსაფრთხო გარემოში და იქნებ სასამართლოს გზით მაინც მივიღოთ პასუხები, იმაზე თუ რას აპირებს სახელწმიფო. ახლა ვართ, მხოლოდ კვლევის ეტაპზე და ვაგროვებთ მასალას თუ ვის მივმართოთ სამომავლოდ“.

მოსახლეობა პროტესტს, სოციალურ ქსელშიც აქტიურად გამოხატავს. საზოგადოებისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რამდენად მომწამლავია დაბინძურებული ჰაერი და რა არის რეალურად ამის გამომწვევი მიზეზი.

სალომე ცეცხლაძე: „ჩვენი პრიორიტეტი საცხოვრებელი უბნის არჩევის დროს იყო მეტი საბავშვო სივრცე, სიმწვანე და სიმშვიდე. სამწუხაროდ, აღმოვჩნდით ადგილას სადაც ჰაერიც კი არ არის სუფთა.

ამ ზაფხულს, აივნის კარი, ღამით ღია გვქონდა. გამთენიისას ძალიან მძაფრმა სუნმა გამაღვიძა, ვერც კი აღვწერ ისეთი საშინელი სუნი იყო. გვერდით 2 წლის შვილს ეძინა და მართლა არ ვიცოდი რა მექნა. რთულია, როცა 2 წლის ბავშვი გიწევს გვერდით და იცი, რომ ამას სუნთქავს. ამ დროს, რა უნდა ქნა?! ძალიან უსუსური ხარ. შეიძლება ბავშვს რაღაც აუკრძალო, აქ არ მიხვიდე, აქ არ ითამაშო, ეს არ გააკეთო და ა.შ მაგრამ არ ისუნთქოო, ხომ ვერ ეტყვი! მახსოვს, უცბად წამოვხტი, კარი დავკეტე და ვითომ თავის დაცვის მექანიზმი მქონდა, მაგრამ ეს ჰაერი ხომ უკვე შიგნით იყო დაგროვებული… რას უზამ ამ ჰაერს?! უბრალოდ, ვერ შეაჩერებ“.

გლდანის ნაგავსაყრელის პრობლემის შესახებ იცის ყველამ – გარემოს დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ თუ რაიონულმა გამგეობამ. მდგომარეობის გამოსასწორებლად, უწყებებში რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა.

ცნობილია, რომ გლდანის ნაგავსაყრელზე გასულ წლებში გამოვლინდა საბურავების დაწვის 7 ფაქტი. რაიონულმა გამგეობამ, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ, მიაგნო კომპანიას, რომელიც წვავდა არა მხოლოდ საბურავებს, არამედ სამედიცინო ნარჩენებსაც.

გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ინფორმაციით, შ.პ.ს. „ეკომედს“ კლინიკებთან და საავადმყოფოებთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რათა  არასაჭირო ანტიბიოტიკები თუ სხვა სამედიცინო ნარჩენები გაენადგურებინა, რომელთაც გარე წესით წვავდა. მისი თქმით, მუნიციპალურმა ინსპექცამ ეს კომპანია 25 000 ლარით დააჯარიმა და ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა.

კონსტანტინე ზარნაძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ვიდეო ხაფანგები დამონტაჟდა, ხოლო კონკრეულ ადგილებში მიწა ისე ამოთხრესს, რომ უცხო მანქანებმა ნაგავსაყრელის გარკევულ ტერიტორიებამდე მისვლა ვერ შეძლონ.იგი  სამომავლოდ  გეგმავს, აიკრძალოს ე.წ „ვიაზანი“ მავთულის  ჩაბარება, რომელიც გამომწვარი საბურავის შედეგად მიიღება.

კონსტანტინე ზარნაძე:გლდანის შემოვლით გზაზე არსებობდა ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც 10 წელზე მეტია დაილუქა. ტერიტორიაზე, მიწისქვეშ 5-6 მეტრზე არის ძველი ნარჩენები, რომლებიც დიდი დროის განმავლობაში ალდებოდა. დღესაც კი გლდანის ნაგავსაყრელზე იმდენი ნაგავია ჩამარხული, რომ შიდა წვები დღემდე მიმდინარეობს. მეც რომ ვიყავი ლოკაციაზე მისული, ძალიან ცუდი სუნი იდგა. რესპირატორის გარეშე გაჩერება რთული იყო… დამეწყო ყელის და ცხვირის საშინელი წვა. 

ჩემი დიდი სურვილია, რომ ნაგავსაყრელი გადავიდეს გლდანიდან, თუმცა რომც გადავიდეს არსებული ნაგავი დარჩება, რისი      მოვლა-პატრონობაც გახდება პრობლემა.  აუცილებლად უნდა დაკონსერვდეს, მაგრამ თავისი ექსპლუატაციიდან გამომდინარე სწორად ვერ დააკონსერვებ“. 

სახელმწიფო უწყებები გლდანში არ ზომავენ ჰაერის დაბინძურების დონეს. თუ მოქალაქეს აქვს სურვილი, შესაძლებელია მიმართოს უწყებას, რომელიც შეამოწმებს ჰაერის ხარისხს.

ირინე ქურასბედიანი: „წლებია, რაც ეს სუნია, გასულ ზაფხულს კი განსაკუთრებით შემაწუხა. აგვისტოში დილის 4-5 საათზე აუტანელი სუნი მაღვიძებდა-ხოლმე. იმდენად ბინძური იყო ჰაერი, სუნთქვაც კი მიჭირდა. ისედაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ჩემს მდგომარეობაში ასეთ გარემოში ცხოვრება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ვფიქრობდი, საცხოვრებლის შეცვლასაც კი.

მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ ჰაერს.  ვიმედოვნებ, რომ პრობლემაზე რეაგირება ახლა მაინც ექნებათ“. 

სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოსთვის, აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თავჯდომარე, მანანა ქოჩლაძე საუბრობს იმ საფრთხეებზე, რასაც გლდანში არებულ ნაგავსაყელზე მიმდინარე პროცესები იწვევს.

მანანა ქოჩლაძე: „როგორც ვიცით გლდანის ნაგავსაყრელი არის დახურული, სადაც ხდება აალება და მეთანის გაზის გამოყოფა. ეს არის მძიმე პრობლემა, რადგან მეთანი არის მომწამლავი გაზი. შესაბამისად, როდესაც ზაფხულში თვითაალება ხდება, იქმნება არა მხოლოდ ცუდი სუნი და დისკომფორტი, არამედ ეს ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთეობაზე. რეალური რისკები ჯერ არავის არ შეუსწავლია, არადა მოსახლეობა მუდმივად ჩივის თავის ტკივილებსა და უჰაერობაზე. პრევენციისთვის საჭიროა, რომ დაიწყონ მეთანის გამოყოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება.

თბილისში, რამდენიმე ავტომატურად ჰაერის მზომი დგას. სამწუხაროდ, გლდანში არ არის მსგავსი არაფერი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა რადგან არ ვიცით გლდანში რა ჰაერის ხარისხია“.

 

მასალის ავტორები: ანი აბუსერიძე, თიკა სიბოშვილი 

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

 

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting