შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

სწავლა თუ მუშაობა?

21/02/2023

სწავლა თუ მუშაობა? – საქართველოში ამ დილემის წინაშე უამრავი სტუდენტი დგას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სტუდენტებზე მორგებული სამსახურები, ადეკვატური ანაზღაურებით, სადაც ისინი მუშაობის პარალელურად, სრულფასოვანი განათლების მიღებასაც შეძლებენ.

გაძვირებული ბინებისა და პროდუქტებზე მკვეთრად მომატებული ფასების ფონზე, სტუდენტების უმრავლესობას, სწავლის პარალელურად, მუშაობა უწევს. საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოში სტუდენტებზე მორგებული სამსახურები და როგორ უთავსებენ სასწავლო გრაფიკს. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, საქართველოში სწავლისა და სამსახურის შეთავსება თითქმის შეუძლებელია, რასაც, საბოლოოდ, ლექცია-სემინარების გაცდენამდე და არასახარბიელო აკადემიურ მოსწრებამდე მივყავართ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, 20-24 წლის (სტუდენტური ასაკის) ადამიანთა უმუშევრობის დონე 41%-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (38.3%) მაღალია.

სტუდენტებისთვის ნაკლებად მოიძებნება ანაზღაურებადი სამსახური, სადაც ისინი პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებენ. დიდი კომპანიები, მაღალი ანაზღაურებით, არ იღებენ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალს. ის ერთეული კომპანიები კი, რომლებიც თანხმდებიან ამგვარ ხელშეკრულებას, კარგი ხელფასებით არ გამოირჩევიან. ამიტომ, მათ უმეტესობას დასაქმება მომსახურების სფეროში უწევს, რაც, ძირითადად, კაფე-ბარებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ობიექტებს, სავაჭრო ქსელებსა და ონლაინკაზინოებს მოიცავს. ეს კი იმდენად დიდ ძალისხმევას საჭიროებს, რომ ხშირად სტუდენტებს სწავლისთვის ენერგია აღარ რჩებათ. სწორედ ამ მიზეზით, მაგისტრატურის სტუდენტმა ქეთევან მოსიავამ სწავლის პერიოდში მუშაობაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

ქეთევან მოსიავა: „როცა სტუდენტი ხარ და ეძებ სამსახურს, ცდილობ ისეთი სამსახური იპოვო, რომელთანაც მარტივად შეათავსებ სწავლასა და ლექციებზე სიარულს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სამსახურის მერე, დავალებების შესასრულებლად ენერგია დაგრჩეს. ძირითადად, ბაზარზე სამუშაოები, რომლებიც სტუდენტების მხრიდან მოთხოვნადია, მომსახურების სფეროშია. რაც დაბალანაზღაურებადია და იქ გაწეული შრომის სანაცვლოდ, ვერ იღებ შესაბამის ანაზღაურებას. ბოლოს იღებ გადაწყვეტილებას, რომ სწავლის პერიოდში უარი თქვა სამსახურზე და ცოტა ხანს გაიჭირვო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა”. 

ბოლო კვლევა, რომელიც სტუდენტების დასაქმების საკითხს ეხება, 2019 წელს ჩატარდა, კოვიდ-პანდემიამდე. მას შემდეგ ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლით არავინ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები მუშახელის ნაკლებობაზე აქტიურად საუბრობენ.

პროფესიული კავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ამ სფეროს შესწავლისთვის, 2019 წელს, სუპერმარკეტების ქსელში  კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნულ სექტორში, დასაქმებულთა უმრავლესობა (93%) ახალგაზრდა იყო (18-30 წელი) და მათი დიდი ნაწილი – სტუდენტი. ქსელებში დასაქმებულებს ყოველკვირეულად 50-60 საათი უწევდათ მუშაობა. ამ სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა კი, დაახლოებით, 360 ლარი იყო.

ნუცა გორდაძე მეორე კურსიდან ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში კონსულტანტად მუშაობდა, თუმცა სამსახურის სწავლასთან შეთავსება ვერ მოახერხა და ამის გამო, აკადემიური სემესტრის აღება გადაწყვიტა.

ნუცა გორდაძე: „კვირაში, დაახლოებით, 48 საათს ვმუშაობდი, რის გამოც, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებდი ლექციებზე დასწრებას. პრობლემა იყო ყოველდღიურად თანამშრომლის რამდენიმე საათით გათავისუფლება და უნივერსიტეტში მხოლოდ გამოცდების დროს მივდიოდი. ეს სამსახური იმ დროს ჩემთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს წარმოადგენდა და მასზე უარს ვერ ვიტყოდი, ამის გამო, სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჩემთვის გარდაუვალი იყო“.

მაგდა ჯიქია იმ სტუდენტთა რიცხს განეკუთვნება, რომელთათვისაც ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ერთ-ერთ კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობს, რის გამოც ლექცია-სემინარებზე დასწრებას თითქმის ვერ ახერხებს.

მაგდა ჯიქია: „სწავლისა და მუშაობის შეთავსება ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. საკმაოდ რთულია, იყო წარმატებული სტუდენტი, როდესაც კვირაში 5 დღის განმავლობაში 8 და ხანდახან 12 საათს მუშაობ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ნახევარგანაკვეთური სამსახური, რომელიც გაძლევს იმ პირობებსა და ანაზღაურებას, რაც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის გვჭირდება, ამიტომ, მე არჩევანის გაკეთება წარჩინებულ სტუდენტობასა და ფინანსურ კეთილდღეობას შორის მომიწია. ყველა საგნის ჩაბარება საკმაოდ დაბალ ქულაზე მიწევს, რადგან ხშირად ლექცია-სემინარებს ვერ ვესწრები. კარგად თუ ცუდად მაინც ვახერხებ კუთვნილი კრედიტების მიღებას, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ლექტორისთვის გაუგებარი იყო ჩემი მდგომარეობა და ძალიან ცუდი გარემო შეუქმნია ჩემთვის, იმიტომ რომ მის ლექცია-სემინარებს ვაცდენდი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებებს მაინც ვასრულებდი.“

შედარებით მაღალი ანაზღაურება და მოქნილი გრაფიკია „ევოლუშენ გეიმინგში“ (ონლაინკაზინო), რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია საქართველოში. იქ დაახლოებით 6000-მდე ადამიანი მუშაობს და მათი ძირითადი ნაწილი, სტუდენტები არიან. თუმცა თამაშის წამყვანად მუშაობა დიდ სტრესსთან არის დაკავშირებული, რასაც ყველა ვერ უმკლავდება.

ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია მაგისტრატურის სტუდენტი ქეთი პავლიაშვილი, რომელიც კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მისი თქმით, ძალიან უნდა თავისი პროფესიით დასაქმება და გამოცდილების დაგროვება, თუმცა რაკი ასეთი სამსახური ვერ იპოვა, ფინანსური დამოუკიდებლობისთვის „ევოლუშენში“ დაიწყო მუშაობა.

IPM-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების ძირითად მიზეზად შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება (73.8%) სახელდება, 43.5%-ს კი მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის მიზნით უწევს.

საინტერესოა, როგორ ეხმარება უნივერსიტეტი სტუდენტებს შრომის ბაზარზე პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და დასაქმებაში. ამის გასარკვევად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი გრიგოლაშვილს დავუკავშირდი:

გიორგი გრიგოლაშვილი: ”როდესაც პროგრამა გადის აკრედიტაციას, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია და ინფორმაციის შეჯერება არამხოლოდ დამსაქმებლებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან. ისინი იღებენ კვლევაში მონაწილეობას, რისი შედეგების მიხედვითაც დგება თითოეული პროგრამის სილაბუსი. ჩვენი მხრიდან, სტუდენტებს ყოველთვის ეგზავნებათ შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავისი პროფესიით იყვნენ დასაქმებულები და არა ისეთით, რომელიც აკადემიურ კვალიფიკაციას არ ითხოვს“.

სტუდენტები, უმეტესწილად, კვირაში 48 სააათზე მეტ დროს უთმობენ  სამუშაოს, რაც პირდაპირ აისახება მათი განათლების ხარისხზე და შემდგომში უკვე ქვეყანაში კვალიფიციური კადრების არარსებობაზე.

მიუხედავად ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომებისა, რეალობა ერთია, სტუდენტების უმრავლესობა დილემის წინაშე დგას – კარგად ისწავლოს და არ ჰქონდეს სამსახური, სადაც შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას საკუთარი პროფესიით შეძლებს, თუ იმუშაოს მომსახურების სფეროში და სწავლას სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმოს. რადგან დღევანდელი მონაცემებით, ორივეს ერთად შეთავსება, თითქმის, წარმოუდგენელია.

 

მასალის ავტორი: სოფო კედელაშვილი

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting