შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მუხრან ფუტკარაძე: “სიამაყეა როცა მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავ”

21/02/2023

მუხრან ფუტკარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმში. მან, 2010 წელს დაასრულა საშუალო სკოლა, 2014 წელს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და 2016 წელს სდასუში დაამთავრა მაგისტრატურა იმავე განხრით. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. არ იმყოფება ქორწინებაში.

 

– რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ სამართალდამცავის პოზიციაზე?

– 2017 წლიდან ვმუშაობ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მაქვს 5 წლის გამოცდილება.

როგორ გრძნობაა, როდესაც საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავ?

– ეს პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე სიამაყეა როდესაც მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ეს სისტემატიურად ხდება, ანუ ერთჯერადი ხასიათი არა აქვს.

– როგორია გამომძიებლის ერთი დღე მოკლედ რომ აგვიხსნათ?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ პოლიციის თანამშრომლის ყოველი დღე არის განსხვავებული, რადგანაც ყოველდღიურად სხვადასხვა პიროვნებებთან გვიწევს ურთიერთობა, ეს იქნება დამნაშავე თუ დაზარალებული, ყველასთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითხოვს ძალიან დიდ პროფესიონალიზმს და გამოცდილებას.

– მოგვიყევით საინტერესო ამბავი რაც სამუშაოს პროცესში გადაგხდენიათ?

– მოკლედ, შეტყობინება შემოვიდა , რომ მოქალაქე ველოსიპედით მდინარეში ჩავარდა, თანამშრომელთან ერთად გავედით შემთხვევის ადგილზე, ისეთი ვითარება დაგვხდა, რომ მოქალაქე იხრჩობოდა, გამოძახებული იყო სამაშველო დეპარტამენტი, მაგრამ აშკარად ჩანდა თუ სამაშველოს დაველოდებოდით, მოქალაქე დაიხრჩობოდა, ჩემმა თანამშრომელმა ზ,რ თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად ჩავიდა მდინარეში და მოქალაქე გადაარჩინა დახრჩობას.

– გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებაში იცვლება ან ყალიბდება თუ არა გარკვეული სტრატეგიები?

– დროის გასვლასთან და გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად იხვეწება კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები, შესაბამისად ყალიბდება გარკვეული სტრატეგიები სხვადასხვა დანაშაულებთან მიმართებაში რაც ძალიან ეფექტურია.

– საქსტატის მონაცემებით სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობას თუ დავაკვირდებით 2016 წლიდან 2021 წლამდე საგრძნობლად მომატებულია კრიმინალი, თქვენი აზრით რის შედეგი შეიძლება იყოს ეს?

– ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გასცეს ანალიტიკურმა სამსახურმა რომელიც ამ ყველაფერს ანალიზს უკეთებს, შესაბამისად კვალიფიციურ პასუხს ეს სამსახური გაგცემთ. ჩვენს მუშაობის რეჟიმს რაც შეეხება დიდი ცვლილება მე არ მიგრძვნია.

– ასევე საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტი დანაშაული 2019 წელს არის დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით?

– ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია და შესაბამისად პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე.

– თქვენ როგორც სამართალდამცავი პირი თქვენი გადმოსახედიდან წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ არა კრიმინალთან ბრძოლა?

– დროის გასვლასთან ერთად იზრდება დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება შესაბამისად კიდევ უფრო ეფექტური ხდება პოლიციის მიერ გატარებული ღონისიებები კრიმინალთან ბრძოლაში.

– კანონის ცვლილების შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რას შეცვლიდით კანონმდებლობაში, კრიმინალის შემცირების მიზნით?

– კრიმინალთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობა, სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რიგ შემთხვევებში თუ გავამკაცრებთ, მოქალაქეს ეს უფრო დაეხმარება მისი ქმედების სათანადო შეფასებაში და შემდგომში მივიღებთ უფრო კანონმორჩილ მოქალაქეებს. მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევების აღმოსაფხვრელად თუ ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ სამართალდამრღვევის დაჯარიმებით  და საერთოდ ავუკრალავთ ავტომობილის მართვას, ამას ექნება პრევენციული ხასიათი და საბოლოო ჯამში კარგი შედეგიც მოყვება. საუბარია ალკოჰოლური და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მიმართ.

 

– თქვენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

ბევრი დადებითის თქმა შეიძლება აქედან შეგვიძლია გამოვყოთ ის, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ხარ და იცავ შენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ხელ გეწიფება თანამოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა რაც საამაყოა

უარყოფითი ის არის რომ როცა ასრულებ სამსახუროებრივ მოვალეობას, ოჯახის წევრები აცნობიერებენ საფრთხეს, შეგვიძლია გავიხსენოთ საგარეჯოს შემთხვევა ,სადაც ერთერთი პოლიციის თანამშრომელი გმირულად შეეწირა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას, მსგავსი მაგალითები რა თქმა უნდა ბევრია.

– თქვენ რომ ყოფილიყავით სამინისტროს ხელმძღვანელი თუ შეცვლიდით რამეს?

– ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისად არსებული დინამიკა მოწონებას იმსახურებს და არაფერს არ შევცვლიდი.

– საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისას დიდ რისკზე მიდიხართ ხოლმე, ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ხართ ამისთვის

– ყველა პოლიციელი გადის სათანადო მომზადების კურსს, სადაც ცხადია მოისაზრება ფსიქოლოგიური მომზადება, შესაბამისად ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, შეიძლება ვთქვათ რომ სამართალდამცავი პირები და მეც ფსიქოლოგიურად მზად ვართ ყოველგვარ სიტუაციაში უზრუნველვყოთ, როგორც ჩვენი ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება.

– რა სახის გადამზადებები გაქვთ ხოლმე თქვენს თანამშრომლებს და რა პერიოდულობით იმისათვის რომ ყოველთვის მზად იყოთ მოვალეობების შესასრულებლად?

– პოლიციის აკადემიაში, სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ ხდება პოლიციის თანამშრომლების გადამზადება თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გასაუმჯობესებლად, რაც გვაძლევს იმის რესურსს და გვეხმარება იმაში რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი.

 

მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე

IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting