შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
გულიკო ქალდანი: „დავბრუნდებით, აბა რა იქნება“
21/02/2023
გულიკო ქალდანი კოდორის ხეობიდან დევნილი, 75 წლის ქალბატონია. ინტერვიუთი გავიგებთ, თუ როგორი ტრადიციები არსებობდა მის ოჯახში, როდესაც ოჯახი სვანეთში ცხოვრობდა და როგორ გრძელდება ეს ტრადიციები დევნილობის პერიოდში. გულიკო ქალდანი არის უშიშარი ქალი, რომელმაც იძულებით მიატოვა თავისი სახლი, მეუღლესთან ერთად და ჩამოვიდა თბილისში, რათა ცხოვრება ახლიდან დაეწყო.
– კოდორის ხეობას როგორ აღგვიწერდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს მხარე არ გვინახავს?
– კოდორის ხეობა იყო ულამაზესი, ირგვლივ უზარმაზარი ხეებით შემორტყმული ადგილი. ყინულივით ცივი მდინარე კოდორი მოედინებოდა, ყველას ეზოში ყვავილები ყვაოდა. ჩემი ეზოც გამოირჩეოდა მოკლედ გაკრეჭილი ბალახით, ყველა კუთხეში ყვავილებით, გარშემო უზარმაზარი ბაღებით, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. ყველას ჰყავდა საქონელი და ფრინველი, არავის არ უჭირდა. ყიდვა არც გვჭირდებოდა, ყველას ყველაფერი გვქონდა. მე 6 შვილი მყავს და როცა თბილისში წავიდნენ, ექვსივეს ვუგზავნიდი ნობათს – ყველს , ხორცს და ა.შ.
ხალხიც საუკეთესო ცხოვრობდა, დიდებული და ერთმანეთის მოსიყვარულე. შრომა და ჯაფა არავის არ ეზარებოდა. რაც მთავარია, მოთმინება ჰქონდათ, რათა ჰქონოდათ ყველაფერი რაც ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ. ყველას ჩვენი ნაშრომი გვქონდა ოჯახებში.
– როგორც ახსენეთ, 6 შვილი გყავთ. როგორ ანაწილებდით დროს შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს შორის?
– ბავშვები ისე გავზარდე, რომ არც ერთ წამს არ ვაცდენდი უშრომელად. დღისით მეც და ჩემი მეუღლეც მიწასთან ვმუშაობდით, სახლის საქმეებს ვაკეთებდი, საქონელს ვუვლიდი, ყველს და სხვა რძის პროდუქტს ვამზადებდი და ღამე გვიან ვიწყებდი ბავშვების ტანისამოსის მოწესრიგებას. შეიძლებოდა, დამთენებოდა, თუმცა, შვილებს მოუწესრიგებლად არასდროს არ გავუშვებდი სკოლაში. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, გვერდში დამიდგნენ და მეხმარებოდნენ, ყველას თავისი საქმე ჰქონდა განაწილებული. დროს ფუჭად არ ვკარგავდი და ამიტომ არც არასდროს გვიჭირდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საკვები და ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდებოდა..
– იძულებით გადაადგილების შემდეგ როგორ მოახერხეთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია?
– კოდორის ხეობის დატოვება ძალიან გაგვიძნელდა. რაც ნამუშევარი გვქონდა, ყველაფერი ასე უბრალოდ დავტოვეთ. სახლი, შინაური ცხოველები, ყველაფერი რაც გაგვაჩნდა, ამდენი წლის ნაგროვები, დავტოვეთ და ორი ჩანთა ტანსაცმლით წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. მე კიდევ ძლიერად ვიყავი, ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა. მახსოვს, არაფერი არ იყო ხელმოსაჭიდი, ყველა უკან ვიხედებოდით და ცრემლები გვახრჩობდა. რა უნდა გვექნა, მეტი გზა არ იყო. აქ ჩამოსულს ის მამხნევებდა და გულს ის მიკეთებდა, რომ შვილები ახლოს მყავდნენ, სითბოს არ მაკლებდნენ. ნელ-ნელა მივეჩვიე გარემოს. მხნედ ვარ და ვცდილობ, ისეთი გზები გამოვნახო, რაც ცოტათი მაინც დამაახლოებს სვანეთთან. არ ვივიწყებ ტრადიციებს, რასაც სვანეთში ვასრულებდი. ჩემი მეუღლე ჩამოსვლიდან მალევე დაიღუპა, ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვცდილობ, ის სვანური წეს-ჩვეულება, რაც გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სრულდება, მუდმივი იყოს და ჩემი მეუღლის სულისთვის საცხონებელი.
გულიკო ქალდანი: მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ.
– სვანური კულტურა და ტრადიციები მრავალფეროვანია. მინდა, გკითხოთ, რომელი ტრადიცია მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ –
– ტრადიციები მრავალფეროვანი გვაქვს. ყველაზე მეტად გვიყვარს „ლიფაანალი“ – ასე ჰქვია სვანურად. ვითომ, სულები შემოდიან სახლში, სამარხო სუფრას ვუწყობთ 18 იანვარს, რადგან მარხვაა. რაც კი ოჯახში პროდუქტი გვაქვს, ყველაფრით ვაკეთებთ საკურთხის სუფრას. მეორე დღეს ხსნილდება და არასამარხვო საჭმელსაც ვამატებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს ზოგჯერ 1 კვირა, ზოგჯერ 3-4 დღე. 18 რიცხვის მომდევნო ორშაბათს კი სულებს სახლიდან ვაცილებთ და ამ დღესაც ვამზადებთ საკურთხს. რაც რამე გვაქვს, ყველაფერს ვუმზადებთ და ვუშვებთ სახლიდან. ვიცით განსხვავებული ლოცვები სვანურ ენაზე, ვიცით საკლავის შეწირვა, „სეფისკვერის დაცხობა“და ა.შ
– როგორც ვიცი სვანეთში, დიდ ყურადღებას ანიჭებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ლოცვას და განსხვავებული წეს-ჩვეულებები გაქვთ. როგორ ხდება ეს თქვენს ოჯახში?
– როცა ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, დაკრძალვის მერე, მე-9 დღეს „პირის გახსნას“ ვეძახით და საკლავს ვკლავთ, მთელ სოფელს ვეპატიჟებით. იმის შემდეგ, ყოველ შაბათს, 40 დღის განმავლობაში სუფრას ვამზადებთ და სასაფლაოზე მიგვაქვს. ვაკურთხებინებთ და ვლოცულობთ სულის საცხონებლად. 40 დღის შემდეგ კი ყოველთვის საკურთხს ვუკეთებთ და ეს ერთგვარად ჩემს ოჯახში ყოველთვის ხდება, როცა შვილები და შვილიშვილები იკრიბებიან. ყველა, ვისაც შეუძლია, ჩემთან მოდის და ერთად ვაკეთებთ საკურთხს. ვფიქრობ, ერთმანეთის ნახვით ჩვენი გარდაცვლილიც ხარობს და ჭირის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების მაგალითიც არის ეს წესი.
– რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც დღეს იძულებით გადაადგილებული პირია?
მე თვითონ დევნილი ვარ და ყველას მინდა ვუთხრა, რომ უკან დაბრუნების იმედი უნდა გქონდეთ. დავბრუნდებით, აბა რა იქნება. იმედი არ დაკარგოთ. უნდა გავუძლოთ. ღვთის ძალით, ყველა ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდებით. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენს საყვარელ კოდორში და აფხაზეთში დავბრუნდეთ.
ინტერვიუს ავტორი: ანანო სამხარაძე
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი