შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ფოტორეპორტაჟი – ჩემი სევდიანი ბაბუა
17/02/2023
ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, ყოველ დღე სანამ სკოლაში წავიდოდი, მთელ ვაჟა-ფშაველას გაივლიდა, რომ ჩემთვის ცხელი კრემიანი “პონჩიკები” მოეტანა, რადგან იცოდა, რომ დილით ჩაისთან ერთად ასეთი საუზმის მირთმევა მიყვარდა. არაფერს იზარებდა, რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მომიტანდა, თუმცა ახლა, როცა ერთი ფეხი დაკარგა, იძულებული გახდა, ცხოვრების წესი შეეცვალა. მუდმივად გამოთქვამს გულისტკივილს იმის გამო, რომ ოჯახს ვერ ემსახურება, თავის ძველ მეგობრებთან თავად ვერ მიდის სტუმრად. ვცდილობ ვანუგეშო ხოლმე, როლები გავცვალეთ – ახლა მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ყოველ დილით ცხელი საუზმე შეაქვს მასთან. ვცდილობ ისე გავანებივრო, როგორც თავად მანებივრებდა წლების წინ.
ეს ბაბუაჩემის ფოტოებია, ყველა ფოტოში ჩანს სევდა, რომელიც მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, ყველაფერი აქვს, რაც ამ ასაკის ადამიანებს სჭირდება, მაგრამ არავინ ვიცით მის გულში რა ხდება. სულ ფანჯარაში იყურება, ენატრება გარე სამყარო, საკუთარი ფეხით გარეთ დამოუკიდებლად სიარული, ქუჩაშუ ყურებით კი ცდილობს ეს სურვილი ცოტათი მაინც დაიკმაყოფილოს.
საწოლის გვერდზე პატარა ბლოკნოტები უდევს, სადაც დღე და ღამე რაღაცებს წერს. რამდენჯერაც ვკითხე, სულ იმას მეუბნება, რომ როცა დრო მოვა, მერე გავიგებ ბლოკნოტებში რა წერია. მრავალი ბლოკნოტი შეავსო, უკვე აღარც ვითვლით, ძალიან მაინტერესებს შიგნით რა წერია, მაგრამ წაკითხვის უფლება არვის გვაქვს. ვფიქრობ, წერისას გადმოაქვს მთელი ის მწუხარება და გულის ტკივილი, რასაც ხმამაღლა არ ლაპარაკობს.
თუკი მკითხავთ, ყველაზე მეტად რა გამახარებს, გეტყოდით, რომ ბაბუაჩემის კარგად ყოფნა, ნეტავ, შესაძლებელი იყოს მისთვის ძველი ცხოვრების დაბრუნება. ბაბუაჩემი ზოგჯერ საკუთარ მშობლებზე უკეთ მიგებდა და მიგებს. ეს ის კაცია, რომელიც მთელი ბავშვობა პარკებსა და სკვერებში მასეირნებდა, სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა, ცდილობდა ჩემს სახეზე ღიმილი ყოველთვის ყოფილიყო. ჩემს გამხიარულებას ახლაც ცდილობს, მაგრამ რაღაც მთავარი მაინც შეიცვალა, ადრე მის თვალებში სევდას ვერ ან არ ვხედავდი, ახლა კი როცა ვუყურებ, მისი ნაღვლიანი თვალები ყოველთვის გულს მტკენს და მეც მასევდიანებს. ეს ბაბუაჩემია, სიცოცხლით სავსე, კეთილი, მოსიყვარულე, მაგრამ მაინც სევდიანი.
ფოტორეპორტაჟის ავტორი: ანა ლეჟავა
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი