შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

კახა აბუაშვილი: „მინდა, მოვუწოდო ყველა მომღერალს, რომ არ შეიძლება „პოსლეზე“ სიმღერა“

17/02/2023

მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, საზოგადოებამ 90-იან წლებში გაიცნო. მის გამოჩენას როგორც თეატრის, ასევე, მუსიკალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კახა აბუაშვილი საზოგადოებაში დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს. კაბუმ მსმენელს და მაყურებელს თავი საინტერესო როლებით და სოციალურ თემატიკაზე სიმღერით დაამახსოვრა. ის დღემდე აქტუალურია, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ცხოვრების უცნობი ფაქტები ბევრმა არ იცის.

– კაბუ, რომ არა მსახიობი და რეპერი, ვინ იქნებოდი დღეს?

– აზრზზე არ ვარ, ალბათ, ქუჩის ბიჭი ვიქნებოდი.

– ბევრმა არ იცის – ბავშვობაში ჭიდაობაზე დადიოდი. რამ შეგიშალა ხელი, სპორტს გაჰყოლოდი?

– ჩემს წონაში ვერავინ ნახეს ჩემხელა. 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ვჭიდაობდი მესამე კლასელი ბავშვი და მჩაგრავდნენ. თან, არც მოსწონდათ უფროს სპორტსმენებს, როცა ხედავდნენ, რომ პატარა მძიმე ბავშვს ეჭიდავებოდნენ. ბოლოს, ვიღაც ბავშვმა ჭიდაობის დროს შემაგინა, ჰოდა, მე და ჩემმა კლასელმა მთელი დარბაზი ვცემეთ.  მეორე დღეს მამაჩემი დაიბარეს. მწვრთნელმა უთხრა, ნახეთ, რას დაამსგავსა ბავშვები, ამას გავაგდებთო. რას გამაგდებთ, ამათთან როგორ ვიჭიდავებ-მეთქი – ეს იყო ჩემი რეაქცია, რის გამოც მამა ჩამეხუტა და მაკოცა. შემდეგ ცხენოსნობაზე ვიარე.

– მაშინ, როდესაც  ტელევიზიაში გამოჩენა ბევრის ოცნება იყო, შენ პოპულარობის ზენიტში იყავი. შეინარჩუნე, რასაც მაშინ მიაღწიე?

– მაშინ მივაღწიე იმას, რომ ადამიანებმა გამიცნეს. შემდეგ ხალხს შევუყვარდი და ამან ძალიან გამახარა. ბოლოს მაგას უფრო მივაწექი, ვიდრე იმას, რომ მე კაბუ ვარ. ადამიანს რომ უყვახარ, ყველაზე დიდი ჰონორარი ეგ არის. ჰონორარი არ გაწყენს, მაგრამ მთავარი ხალხის სიყვარულია. ხანდახან, როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და ჩემს მეორე მე-ს ვეკითხები, რა გაგიკეთებია-მეთქი, მეორე მე მეუბნება, რა არ გაგიკეთებია, ნახე, რამდენ ხალხს უყვარხარო (იცინის). მახარებს ეს ამბავი, ესაა ჩემი მთავარი მიღწევა და ის, რაც შევინარჩუნე.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, ხალხის ტაში კარგია, მაგრამ პატარა ბიჭი არ ვარო… შენს შემთხვევაში, სად დამთავრდა ენთუზიაზმი?

– როცა მივხვდი რომ ტაში აღარ მიმიყვანდა სახლში, მანდ მქონდა დიდი პროტესტი იმის გამო, რომ მსახიობს ფული არ აქვს.

– კაბუ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდი, სადაც დედის დაბადების დღეს გაიპარე. რამ გადაგაწყვეტინა?

– უბნელებმა ვთქვით, წავიდეთო და ასე წავედით ომში. მხედრიონს მივყვებოდით, დაგვაგვიანდა. იმ რეისს უნდა გავყოლოდით, რომელი თვითმფრინავიც ააფეთქეს, უბრალოდ დაგვაგვიანდა.  გავიგე, რომ იპოდრომზე იყო დისლოკაციის ადგილი. არ უყომანიათ ბევრი, იარაღი მომცეს, რომლის გამოყენება წესიერად არც კი ვიცოდი და მეორეკურსელი წავედი ომში. მეცვა ჯინსები, „ინსპექტორები“, ბენდენა და „ქამელეონი“ მეკეთა. მაგრად მახსოვს, შავი მაიკა და თხელი კურტკა მეცვა. ეზოში ვმოძრაობდი, ვიღაც ტიპი მოვიდა, სად იღებენ იარაღსო. ვკითხე სად ხარ ნაომარი-მეთქი და სანამ  ჩამოთვალა, მე გავიპარე (იცინის). ეს მებრძოლი აღმოჩნდა ჯონი, რომელმაც მთელი ბატალიონი გადაარჩინა. მაგარი ბიჭი იყო. როცა ჩაიცვა, დამბურძგლა. ბიჭებთან დავახლოვდი გზაში, ჯონიმ ვიღაცებზე მითხრა, მაგათ ნუ ენდობიო.

კინდღში როცა შევედით და პირველი ყუმბარა გვესროლეს, მანდ მივხვდი, მართალი იყო ჯონი. ნახევარი გაიპარა.

– მეუღლესთან – ანუკასთან დღემდე ცივილური ურთიერთობა გაქვს. რა არის ამის საიდუმლო?

– ბავშვების თემაა, ალბათ. მე ძალიან მიყვარს ადამიანები. ანუკა რაც წავიდა, იმის მერე კონფლიქტი არ გვქონია. თვითონაც კარგი გოგოა. იცის, რა შეიძლება და რა არა. ბავშვობაში რაც ვერ გამოვიჩინეთ, ახლა გამოვიჩინეთ და დავალაგეთ ურთიერთობა.

– პოპულარობის დროს გაგიტაცეს. როგორ მოხდა ეს ამბავი?

– გოგოებმა რომ გამიტაცეს, მაგას გულისხმობ? მაშინ 20 წლის ვიყავი, პირველი ალბომიც არ მქონდა გამოშვებული. მეგობარი გოგონა მყავდა და მასთან ერთად ვიყავი კლუბში. როცა სიმღერას მოვრჩი, გოგოები შემოვიდნენ. ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი დეიდაშვილის ქორწილში მომეწონა და მითხრა, გარეთ წითელი ტაქსი გელოდებაო. გამოვედი და გოგოებმა მომიტაცეს.   ვუთხარი, რას აკეთებთ, გოგოსთან ერთად ვარ და ისიც წამოვა-მეთქი. წრე დავარტყით და ლალიჩკაც ჩაგვიხტა. წავედით და ისეთი გარყვნილობები ვნახე… ძაან გამთანგეს და ბოლოს გვერდზე ვიჯექი. არ მავიწყდება ის დღე. მაგრად გამისწორა.

– საფრანგეთს შევეხოთ. ციხეში გატარებულმა დრომ თუ მოახდინა შენს ცხოვრებაში გარდატეხა?

– რომ გითხრა, რაღაც შესამჩნევად შეცვალა-მეთქი, არა. ერთადერთი ის შეცვალა, რომ ენა ვისწავლე. ვვარჯიშობდი, კუნთები გამიჩნდა და იქაური სისტემა გავიცანი. ერთი მხრივ, რომ შევადაროთ რუსული და ფრანგული სისტემა, ეს ადვილია, თითქოს, მაგრამ ვიღაცებს ნანახი ჰქონდათ რუსული სისტემა და მაინც უჭირდათ. რადგან თუ ხარ ბოსი და პირამიდის თავში გაქვს ადგილი, უფრო პრივილეგირებული ხარ. იქ არიან ქართველები, რომლებიც 10 წელი სხედან სამარტოო საკანში.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ შვილებს ღირსეულ მამობას ვერ უწევ. ახლა, როცა აქ ხარ და უფრო მეტი დრო გაქვს, იმავე აზრზზე ხარ?

– მაშინ მდგომარეობა მქონდა ისეთი, ფიზიკურად არ მინდოდა, დავენახე. ახლა კი არის მამა დალაგებული სახით, მაგრამ თვითონ არიან სხვა ასაკში. როცა ვეუბნები, მამიკო, აბა, რამე მომიყევი-მეთქი, მეუბნებიან, რა მოგიყვეო. მაინც ვერ მოვახერხე ის, რომ დამეძმაკაცებინა, მაინც აქვთ რაღაც ბარიერი და ვერ მივხვდი, საიდან მივიდე მათთან. ვხედავ, ბავშვიც კედელს ეხეთქება, უნდა, ჩემთან მოვიდეს, მაგრამ ვერ მივუდექი. მოვა მაგის დროც. უბრალოდ, მეშინია, ძალიან გვიანი არ იყოს.

– ლევან წულაძესთან თავს დამნაშავედ თვლი?

– თვითონ არ თვლის, ალბათ, რომ დამნაშავე ვარ. ერთადერთი, მხოლოდ იმაში მთვლის დამნაშავედ, რომ ჩემს თავს დავუშავე. წყინდა, რომ არასწორად ვექცეოდი ჩემს თავს. ლევანი არის ჩემი მასწავლებელიც და ყველაფერი. ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის. მე რომ დავიხვეწე, როგორც მსახიობი, ჭოლას და „სარდაფის“ დამსახურებაა. დიდი დრო გავატარე თეატრში. უფრო მსახიობად ვთვლი თავს, ვიდრე რეპერად. არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე გავხდი რეპერი. პოპკულტურა არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ყვები, რა ხდება რეპში. ახლა მგონი ცოტაა პოეტი რეპერი, უფრო სხვანაირად განვითარდა რეპი. აბსოლუტურად განსხვავებულია. მაშინ სხვა პრობლემები გვქონდა. ახლა ფულზე, მანქანებზე და ქალებზე რეპავენ.

– როგორი უნდა იყოს  ჭეშმარიტი მსახიობი?

– უზრუნველყოფილი. მსახიობი როცა ამბობს: „ფული არ მაინტერესებს“, არის ჭეშმარიტი მონა. მსახიობი სახლში რომ მიდის და ჩაი არ აქვს, იმას ტაში არ აინტერესებს. თავისი საქმე უნდა უყვარდეს. ჭოლამ მაგარი რაღაც იცოდა, ვინც სამსახურში დადიხართ, ნუ დადიხართო, გვეუბნებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა და შემდეგ მივხვდი. მსახიობი საკუთარ საქმეს ისე არ უნდა უყურებდეს, რომ, თითქოს, სამსახურში მიდის. უფრო მეტსაც გეტყვი, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. როცა ყველა ქუჩის ბიჭი და მსახიობია, საქართველო არ გაბრწყინდება.

– საფრანგეთში შეხვედრისას მითხარი, რომ შემოქმედებითი ჩავარდნა გქონდა. ახლა როგორ ხარ?

– მგონია, რომ ღმერთთან ნაკლები კონტაქტი მაქვს და ეგ არის ყველაფრის საწყისი. ჩემი სათქმელი არ ამომიწურავს. კი მაგრამ, უნდა ამ ხალხს შენი პრობლემები? რაზე ვიმღერო? გადავწყვიტე, სიბნელეზე ვიმღერო. რაღაც უნდა ვთქვა და ვიტყვი. ერთი დაწყება მინდა და დავანახებ, რომ ვყარვართ, ცუდ დღეში ვართ და პროსტა ვიკიდებთ. გეგონება, ჩვენ არ ვართ აქ; გვგგონია, მხოლოდ რუსია ჩვენი მტერი. ვამბობთ, აფხაზეთი დავიბრუნოთო და პლეხანოვი გვაქვს დასაბრუნებელი. გოგოები გვყავს დასაბრუნებელი, მაგრამ ეგ როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. შაჰ-აბასმა ხმლით რაც ვერ გაგვიკეთა, მაგის ნათესავმა გაგვიკეთა ფულით და ფალოსით.

– ლექს-სენი თუ ბერა?

– ბერა. ბერას ნაფიქრი აქვს, ხარისხი აქვს და – ადე ზეზე, გამო მზეზე დამახიე აგერ – ეს საერთოდ ვინ არის, ვერ გავიგე.

– სამომავლო გეგმებზე რას ფიქრობ?

– ალბომი უნდა გავაკეთო. დაბრუნება მინდა და თან მინდა, ჩემი სათქმელი ვთქვა. ისიც მინდა ვთქვა, ასე ნუ გვექცევიან. მინდა, მოვუწოდო ყველა მომღერალს, რომ არ შეიძლება „პოსლეზე“ სიმღერა. მე რომ არ ვმღერი, მერე გეძახიან თქვენ.

 

ინტერვიუს ავტორი: კოკა კობალაძე 

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting