შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

თათია ჯანიაშვილი: „სიახლეებს არასდროს ჩამორჩებით“

17/02/2023

– თათია, გთხოვთ წარგვიდგინოთ საკუთარი თავი.
– მოგესალმებით, მე ვარ თათია ჯანიაშვილი, 31 წლის. ამჟამად ვარ დასაქმებული შპს „ნესტლე საქართველოში“ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. დამთავარებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტის ადმინისტრირების განხრით, ხოლო მოგვიანებით ცოდნა გავიღრმავე უფრო ვიწრო სპეციალობით, კერძოდ, განათლება მივიღე თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ოპერაციათა მენეჯმენტის მიმართულებით. სწორედ აღნიშნული მაგისტრატურის გავლის შემდეგ შევიცვალე სამუშაო ადგილი და 2016 წლის 1 ივნისიდან დასაქმებული ვარ შპს „ნესტლე საქართველოში“. ბოლო 2 წელია, ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ.

– რას მოიცავს აღნიშნული მიმართულება თქვენს კომპანიაში და რამდენად რთულია ამ მიმართულებით მუშაობა?
– თქვენს კითხვაზე პასუხს დავიწყებ კითხვის მეორე ნაწილით. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობა არის საკმაოდ სტრესული, დამღლელი და მოითხოვს 24/7-ზე ჩართულობას. მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველდღიური რუტინაც კი არ ჰგავს სტანდარტულ რუტინას. ყოველდღიურ საქმიანობაში გვხდება არაერთი არასტანდარტული სიტუაცია და ფორსმაჟორი. ყოველი დღე გამოწვევაა, დღის ბოლოს კი ხვდებით, რომ კიდევ ერთ გამოწვევას გაუძელით და საკუთარი თავისთვისაც საინტერესო აღმოჩენები გააკეთეთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნულ პროფესიაში სირთულეები გეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში, პრობლემების მოგვარებისას შეძენილი ინფორმაცია კი თქვენთვის ცხოვრებისეულად გამოსადეგი იქნება.
რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქართულ ბაზარზე, ლოჯისტიკის დეპარტამენტი ზრუნავს შერჩეული პროდუქციის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე – სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს შესაბამის ლოკაციებამდე. უფრო დეტალურად კი – პროცესი იწყება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შერჩეული პროდუქტის დეტალური შემოწმებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტი ვალდებულია, იცნობდეს ქართულ კანონმდებლობას, რომ შემოტანილი პროდუქცია არსებულ რეგულაციებს შეესატყვისებოდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვამოწმებთ საიმპორტოდ შერჩეული პროდუქციის რეცეპტურას, შემდგომ – მათ შეფუთვებს და თუ ყველა მახასიათებელი აკმაყოფილებს ქართულ კანონმდებლობას, იწყება საიმპორტო დოკუმენტაციის დამუშავება. ამ უკანსაკნელი პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანიას აღარაფერი აბრკოლებს, რომ პროდუქციის იმპორტი დაიწყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გადაზიდვის საშუალებები, საიმედო გადამზიდი კომპანიები და სატრანზიტო რისკები. სწორედ სატრანზიტო პროცესი არის სიურპრიზებით სავსე და ხშირად რთულია გაითვალისწინო ყველა ის რისკი, რომელიც, შესაძლოა, უდროო დროს გამოჩნდეს დაბრკოლებად.

– რა გავლენა იქონია პანდემიამ და უკანასკნელმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოჯისტიკის მიმართულებაზე თქვენს კომპანიაში?
– რეზიუმირებულად რომ გითხრათ, პანდემიამ და, მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ „ნესტლეზე“, არამედ სხვა მსგავს იმპორტიორ კომპანიებზეც. ორმხრივ ზეგავლენაში ვგულისხმობ როგორც პოზიტიურ, ასევე უარყოფით მხარეებს. ერთი მხრივ, პანდემიამ იქონია უარყოფითი გავლენა ბაზარზე – მოხდა ტოტალური კოლაფსი, შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების გართულებით; ხოლო მოგვიანებით გაჩაღებულმა ომმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპორტზეც. მეორეს მხრივ კი – რთული სიტუაციიდან გამოსვლისთანავე, დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა ათწლეულში იყო და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
რაც შეეხება გამოწვევებს – იყო არაერთი, საკმაოდ მრავალმხრივი და დროში სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემა. საიმპორტო კომპანიებისათვის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდგომ, რაც დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, საერთაშორისო ბრენდებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს. არც „ნესტლე“ იყო გამონაკლისი და რუსეთში წარმოებული ქვებრენდების 90% ლიკვიდირდა. მარტივად რომ ვთქვათ – წარმოება შეჩერდა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული 85-90% პორტფელისა უნდა ჩანაცვლებულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფო წესით გახდა საჭირო, ალტერნატიული ქარხნები რუსეთის გარეთ მოგვეძებნა.

ჩვენს კომპანიას გაუმართლა, რადგან საერთაშორისო კომპანია ვართ და გაგვიმარტივდა ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ქარხნის მოძიება, რომლებიც ალტერნატიულ პროდუქტებს მოგვაწვდიდნენ. პროდუქტების შერჩევის შემდგომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულმა მათგანმა გაიარა რეცეპტურის ტესტირება და ძალიან ინტენსიური, სწრაფი და დაუღალავი მუშაობის შედეგად, 3-4 თვის ჭრილში შევძელით პორტფელის 100% იმპორტის განახლება ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სიტუაცია რომ შევაჯამოთ, უარყოფითი მხარეები, გარდა საოპერაციო საქმიანობისა, მოიცავს ბაზარზე პროდუქციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და, მოგვიანებით, ფასების ზრდას. დადებითი მხარე კი ნათელია: დღეს ქართული ბაზარი გაჯერებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოებული, ბევრად უფრო ჯანსაღი შემადგენლობისა და  გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების პროდუქტით.

–  რა მომავალი ელის ჩვენს ქვეყანას ლოჯისტიკის და ეკონომიკის მხრივ?
– არ განვმეორდები იმის მოთხრობით, თუ რაოდენ რთულ სიტუაციაში იყო ლოჯისტიკა არსებული ბოლო ვითარებების გამო. თუმცა, ამჟამად ლოჯისტიკა საქართველოში ბევრად უფრო განვითარდა, ვიდრე წინა წლებში. როგორც იმპორტიორებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, არა მხოლოდ ამ სირთულეების გადალახვით, არამედ, ახალი პრიორიტეტების გაჩენის გამოც. დღეს ლოჯისტიკის სფეროში მომსახურეობის სტანდარტები ძალიან დაიხვეწა. უახლოეს პერიოდში, არაერთი ცვლილება იგეგმება.

თათია ჯანიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, ყველას სმენია საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევის ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, სატესტო გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს და არაერთმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო საქართველოს ტრანზიტად გამოყენება. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ცვლილება სულ მინიმუმ მოიცავს ბიუჯეტში შესულ თანხებს, თუნდაც, მხოლოდ ტრანზიტის გადასახადს. შესაბამისად, სამომავლო პერპსექტივები ამჟამინდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პოზიტიურ მხარეს ავლენს”.

– თუ საიდუმლო არ არის, დღეს არჩევანის საშუალება ხელახლა რომ მოგეცეთ, ლოჯისტიკას აირჩევდით თუ არა თქვენი საქმიანობის სფეროდ?
– ლაკონურად რომ გიპასუხოთ, დიახ, დაუფიქრებლად ავირჩევდი. აღნიშნული სფერო არის ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო, იდეალურია რუტინის არმოყვარული ადამიანებისათვის და, რაც მთავარია, მუდმივად გაწვდით ინფორმაციას მსოფლიო საბაზრო მოვლენებზე. ამიტომ, სიახლეებს არასდროს ჩამორჩებით (რესპონდენტი იღიმის).

ინტერვიუს ავტორი: გიორგი ჭოხონელიძე

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting