შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
მიხეილ მეტრეველი: „პირველ რიგში, წარმატებული ექიმი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია”
15/02/2023
მიხეილ მეტრეველი კარდიოქირურგი და კლინიკა „ჯერარსი“-ს კარდიოლოგია – არითმოლოგიის, კარდიოქირურგიის, რეანიმაციის და ინეტრვენციული კარდიოლოგიის გუნდის ხელმძღვანელი. იგი საუბრობს მის განვლილ, სირთულეებით აღსავსე გზაზე, რომელმაც ის ახალგაზრდა ასაკში დიდ წარმატებამდე მიიყვანა. ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მეუღლეა, რომელიც მუდმივად ამხნევებს და სირთულეების გადალახვაში ეხმარება.
– როდის და რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
– ექიმობა მე-6 – მე-7 კლასში გადავწყვიტე. მოულოდნელად, მამა შეუძლოდ გახდა და ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა, დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინეს. მაშინ ვიფიქრე, რომ ექიმები ღმერთები იყვნენ და გადავწყვიტე, რომ მეც ეს გზა უნდა ამერჩია.
– მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ – როგორ მოხვედით აქამდე?
– მიუხედავად ჩემი ასაკისა, ძალიან დიდი და დამღლელი გზა გავიარე. დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, დავამთავრე ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც დავამთავრე, საზღვარგარეთ მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა, უცხოეთში წასვლა არ იყო ისე მარტივად ხელმისაწვდომი, როგორც დღეს არის. ერთადერთი ალტერნატული გზა იყო რუსეთი. მოსკოვში ჩავაბარე. ანესთეზიოლოგობა მინდოდა, განცხადებაც მქონდა დაწერილი, კადრების განყოფილებაში ჩასაბარებლად. მაგრამ ერთმა ფრაზამ მომენტალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, როდესაც უნივერსიტეტის თანამშრომელმა თქვა:
მიხეილ მეტრეველი: „აი, ჩამოვიდა კიდევ ერთი კაცი, ვინც ლეო ბოკერია უნდა გახდეს. “
მაშინვე დავხიე ჩემი განცხადება და დავთანხმდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე ბავშვთა თანდაყოლილი მანკების განყოფილებაში, შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადავედი (ბატონმა ლეომ თავის განყოფილებაში გადამიყვანა). ამის შემდეგ იყო კარდიომიოპათიის დეპარტამენტი. ნელ-ნელა გავიზარდე და ექიმად ჩამოვყალიბდი. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, მერე სადოქტორო თემაზე დავიწყე მუშაობა. როდესაც დავასრულე, დავბრუნდი საქართველოში, ბათუმში, გავაკეთე პირველი ოპერაცია ხელოვნური სისხლის მიმოქცევით გულის თანდაყოლილ მანკზე. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ, ჩემი კარიერა ისევ საზღვარგარეთს უკავშირდება, ამჯერად, პოლონეთის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ზაბჟის, სადაც ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კარდიოქირურგად.
საბოლოოდ, დავბრუნდი საქართველოში. მრავალი შემოთავაზება იყო სხვადასხვა კლინიკიდან, თუმცა, არჩევანი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრზე შევაჩერე. 2012 წლიდან დავიწყე ამ კლინიკაში მუშაობა. თავიდან პატარა განყოფილება იყო, თუმცა, ნელ-ნელა გაფართოვდა და გუნდი 118 თანამშრომლისგან შედგებოდა. დეპარტამენტი იღებდა უამრავ პაციენტს როგორც ქირურგიული, ისე ინტერვენციული, რეანიმაციული და კარდიოლოგიური მიმართულებით. 2019 წლიდან დღემდე ჩემი კარიერა გრძელდება ახალ გახსნილ კლინიკა „ჯერარსში“, სადაც ასევე 5 განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, სამუშაო პროცესი დილის 9 საათიდან იწყება და გრძელდება, ხანდახან, დღის დასრულებამდეც კი. ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვდა როგორც ფინანსური, ისე სხვა მრავალი კუთხით.
მიხეილ მეტრეველი: „მწვერვალებზე სანამ ახვალ, დიდი და სალი კლდეა გასავლელი.“
– თქვენ თქვით, რომ კარდიოქირურგიის მრავალი განხრით მიიღეთ გამოცდილება. რატომ მაინცდამაინც მოზრდილთა კარდიოქირურგია?
– თავიდან, 8 წლის განმავლობაში, ბავშვთა კარდიოქირურგი ვიყავი. თუმცა, შვილი რომ შემეძინა, ძალიან სტრესული გახდა ჩემთვის, ბავშებს რომ ვუკეთებდით ოპერაციას. საათების და ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ გამოვდიოდი რეანიმაციული განყოფილებიდან. შემდეგ მოზრდილთა კარდიოქირურგიაში გადამიყვანეს. ბავშვთა განყოფილებას რომ ჩამოვშორდი, სტრესიც მომეხსნა და ჩემთვის ბევრად კომფორტული გახდა სამუშაო პროცესი. საქართველოში რომ ჩამოვედი, აქაც ამ მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა.
– თუ შეგიძლიათ, თქვენი პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გაიხსენოთ – როგორ გაუმკლავდით სტრესს და ემოციას?
– გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს ოპერაცია. 2005 წელს ბავშვს გავუკეთე წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, ღმერთის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ეს დამეხმარა სტრესის დაძლევაში. მიუხედავად იმისა, რომ 5000-ზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული, დღემდე თითოეულ პაციენტზე ვნერვიულობ, რადგან, ინდივიდუალური მიდგომის მიუხედავად, ყველა რისკის გათვლა შეუძლებელია.
მიხეილ მეტრეველი: „ყველა პაციენტის უკან დგას გულშემატკივრების დიდი არმია, რომლებიც ნდობას გიცხადებენ.
– რისკი ახსენეთ, მაინტერესებს, ლეტალობის მაღალი რისკის გამო თუ გითქვამთ პაციენტისთვის უარი ოპერაციაზე?
– ზოგჯერ ეს რისკები სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ყველა ექიმი ვალდებულია, უარი თქვას ოპერაციაზე. სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი შანსი, ისიც მინიმალური, ოპერაციული ჩარევაა და გიწევს ამ რისკზე წასვლა.
მიხეილ მეტრეველი: „ყოფილა შემთხვევები, როდესაც უიმედო პაციენტები გადამირჩენია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც დავმარცხებულვარ.“
– რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ ექიმს?
– პირველ რიგში, წარმატებული ექიმი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია. სიყვარული აერთიანებს სიკეთეს, დახმარებას, თანადგომას. თუ ამ ყველაფრით არის ექიმი გამსჭვალული, იგი სიტყვითაც და საქმითაც უკვე მკურნალია. ექიმის წარმატება მარტო ის არაა, რომ კარგად ისწავლო, აიღო წითელი დიპლომი და სერტიფიკატები, ჩამოიკიდო ჩინ-მედლები და ამით შემოიფარგლო. პირველ რიგში, დიდი ადამიანი უნდა იყო.
– კარგი ექიმის ეტალონად დიდი ადამიანი მოგყავთ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს საკმარისია?
– დიდ ადამიანს შეუძლია პაციენტის გადარჩენა, რადგან უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს თავისი სიტყვით, თანადგომით, კეთილგანწყობით, ეხმარება და ბრძოლის უნარს უმაღლებს მას. ბევრი სუპერპროფესიონალი ექიმი მინახავს, რომელსაც სიტყვით „მოუკლავს“ პაციენტი. როცა ამ პროფესიით ცხოვრობ, მთელი გულით ხარ ჩართული ამ საქმეში და ზემოდან არ უყურებ პაციენტს, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად გამოგდის.
– ვინ და რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ცხოვრებაში?
– ვფიქრობ, ყველა ადამიანს ჰყავს მოტივატორი. ჩემს შემთხვევაში ეს ოჯახია, მეუღლე და 5 შვილი. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს – მათი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის. ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მედგა, არასდროს დავუტოვებივარ მარტო, წაქცეულს მამხნევებდა და ფეხზე დადგომაში მეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში იყო დიდი ღალატი მეგობრებისგან, რაც რთულად გადავიტანე. ამის გადალახვაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა.
– ძალიან მძიმე და საინტერესო თემას შეეხეთ, მეგობრებისგან ღალატს. საბოლოო ჯამში, შეძელით პატიება?
– ზოგადად, მიმტევებელი უნდა იყოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი ადამიანი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვაპატიე, რადგან არ ვმტრობ მათ, თუმცა, მეგობრობის გაგრძელება რთულია. მე არაფერი დამკლებია მათი უღირსი საქციელით, მათ კი, ჩემი სახით, ერთგული მეგობარი დაკარგეს. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას გახდის ფასეულს. ფული ქაღალდია შეიძლება გქონდეს, ან არ გქონდეს, მაგრამ კაცობა და ნამუსი არასდროს უნდა დაკარგო და ასე გაატარო წუთისოფელი.
– ერთდროულად ბევრ რამეს ეჭიდებით, პირველ რიგში ხართ მეუღლე და 5 შვილის მამა, ასევე წარმატებული კარდიოქირურგი, რომელსაც უამრავი გადარჩენილი და გადასარჩენი სიცოცხლე აქვს. ამასთან ერთად, ხართ კლინიკა „ჯერარსის“ კარდიოლოგია-არითმოლოგიის, რეანიმაციის, კარდიოქირურგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის წარმატებული გუნდის ხელმძღვანელი. როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან?
– ძირითად დროს სამსახურში ვატარებ. სამწუხაროდ, ჩემს თავს შვილებს ხშირად ჩემი მეუღლე უვსებს. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემს შვილებს საჭირო დროს ვერ ვუთმობ.
– ურჩევთ თუ არა შვილებს ექიმობას?
– მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს, რომ ექიმობა აერჩიათ. ისინიც მოიკლებენ შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობას.
მიხეილ მეტრეველი: „ეს არის პროფესია, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, მსხვერპლი ხარ თავად და, ასევე, შენი ოჯახი.“
– თუ აქტიურად ადევნებთ თვალს ჯანდაცვის სისტემაში განვითარებულ ცვლილებებს და სიახლეებს, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის სიტემა?
– ჯანდაცვის სისტემაში ბევრი ხარვეზია. ზოგიერთი ოპერაციის ღირებულება იმ ძვირად ღირებული მასალის ხარჯსაც ვერ ფარავს, რომელიც პაციენტს სჭირდება. მეორე დიდი პრობლემა არის ექიმის ლიცენზირების საკითხი. მხოლოდ ტესტირება არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს, გახდება თუ არა ექიმი. მრავალი ნიუანსია, რომელიც უნდა შეფასდეს. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი და შეეძლოს დახმარების გაწევა ნებისმიერი რიგითი მედიცინის მუშაკისთვის, რომელსაც ეს სჭირდება.
– სხვადასხვა ქვეყნის ექიმებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. რით გამოირჩევა ქართველი ექიმი სხვებისგან?
– ქართველი ექიმები გამოირჩევიან გმირობით. ჩვენ გაუსაძლის პირობებში მუშაობა გვიწევს. არის ნიუანსები, როცა ოპერაციის დროს მეტი ტექნიკური მხარდაჭერა გჭირდება და არ გაქვს. ხელფასებზე აღარ ვლაპარაკობ, მინიმუმ 10-ჯერ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით.
– ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეთ. ეს ყველაფერი საკმარისია, თუ კვლავ აგრძელებთ სწავლას?
– ექიმმა ყოველდღიურად უნდა იფიქროს განვითარებაზე და განათლებაზე. ყველა რესურსი უნდა მიმართოს ცოდნის ამაღლებისკენ. ამას ყოველდღიურად ვცდილობ და ვახერხებ კიდეც.
– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ექიმი, რომ თქვენი დიდი და წამატებული გუნდის წევრი გახდეს?
– პირველ რიგში, პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს, აგრეთვე, სხარტი, მცოდნე და თავმდაბალი. თავმდაბლობა გაცილებით მომგებიანია.
– რას ურჩევდით დამწყებ ექიმებს, ვინც ეხლა უნდა შეუდგეს ამ გრძელ და რთულ გზას?
– კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ექიმობა არ არის მხოლოდ თეთრი ხალათი ან ბიზნესი, არის ცხოვრების დიდი და რთული გზა, რომელიც უამრავ მსხვერპლს მოითხოვს. პირველ რიგში, ისწავლონ დიდი და უანგარო სიყვარული.
ინტერვიუს ავტორი: ანანო რუხაძე
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და ინოვაცია” სტუდენტი