შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ინტერვიუ ნატალი აბესაძესთან

14/02/2023

ნატალი აბესაძე, 25 წლის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2022 წელს წარმატებით ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდა, სპეციალური მომზადების გარეშე. ამჟამად არის  ორგანიზაციის „მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში“ პედაგოგი. ასევე, ამეცადინებს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის. არის არაერთი საინტერესო ბლოგის, სტატიის და ლექსის ავტორი. უახლოეს მომავალში გეგმავს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას.

– 25 წლის ხართ და უკვე გაქვთ არაერთ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებარატომ გადაწყვიტეთ, ეს პროფესია აგერჩიათ?

– დიახ, ჩემთვის მეოთხე სკოლაა “მაარიფის ინტერნაციონალური სკოლები საქართველოში”. ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, განმარტოებით ვიჯექი და წიგნების სამყაროში ვცხოვრობდი. თანატოლებთან თამაშიც მიყვარდა, მაგრამ წიგნებში  სხვა სამყარო მქონდა ნაპოვნი. სულ მინდოდა, რომ ეს სამყარო ჩემი თანატოლი ბავშვებისთვის გამეზიარებინა. ეს თვისება დღემდე მომყვება. სულ მინდოდა, რომ ის ავტორები და წიგნები, რომლებიც მართლა საოცარია და, ამ დროს, ბავშვებს დასაწყისიდანვე ბეზრდებათ, მათთვის უფრო საინტერესო და ახლობელი გამეხადა.

ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შევძელი, რადგან, მაგალითად, ბევრ ჩემს აბიტურიენტს შევაყვარე “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ახლა მათი სამაგიდო წიგნია. თითქოს, მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც არსებობს, დაფარული საუნჯესავით არ უნდა იდოს, მე კი შუამავალი ვარ მაგ სამყარომდე. ასე ვხედავ ჩემს თავს მასწავლებლის პროფესიაში. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე.

– არასდროს გინანიათ, ან გიფიქრიათ, რომ სხვა სფეროში, შეიძლება, უფრო რეალიზებული ყოფილიყავით?

– საინტერესო კითხვაა. მინანია იმ მხრივ, რომ მასწავლებლის შრომა ჩვენს საუკუნეში ურთულესია. წარმოიდგინეთ ოცამდე ბავშვი, რომლებიც ბევრად უფრო საინტერესო სხვადასხვა რამეზე ფიქრობენ, ვიდრე ეს გაკვეთილია. შენ კი უნდა შეძლო, რომ გაკვეთილი გახდეს მათთვის, თუნდაც, კომპიუტერულ თამაშებზე საინტერესო. ბავშვობაში სულ ვმღეროდი და კაბებს ვკერავდი, ეს ორი რამ ოცნებად დღემდე მაქვს.

– შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რა სირთულეებს აწყდებით პროფესიული საქმიანობის დროს?

– როცა მასწავლებელი ხარ, ყველას უნდა მოსწონდე. ძალიან რაფინირებული უნდა იყო. აღარ გაქვს ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის თავისუფლება.

ნატალი აბესაძე: ჩვენს საზოგადოებაში ბევრს ისიც არ მოსწონს, როცა ადამიანს რაღაც საკითხებზე საკუთარი, ინდივიდუალური აზრი აქვს. 

– თუ განსხვავებული ადამიანი ხარ, ცხოვრება გაცილებით რთულია. ბევრად ადვილია, შენი არც ხმა ისმოდეს და არც მოსაზრება. გარკვეულწილად, საზოგადოება „გშტამპავს“ და მანამდე გააგრძელებს ამას, სანამ შენ მისცემ უფლებას. იყო პერიოდი, როცა საზოგადოებისთვის საკუთარი ლექსების და მოთხრობების გაზიარებაც მიჭირდა.

– ზუსტად რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, თუ ადამიანს ინდივიდუალური აზრი აქვს?

– “ჩვენ გვძულს ერთმანეთი, იმიტომ, რომ გვეშინია ერთმანეთის, იმიტომ რომ, არ ვიცნობთ ერთმანეთს” – მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებია, რაც არსებულ სიტუაციას ესადაგება. საზოგადოებისთვის საშიშია ყველაფერი, რაც უცხოა და რასაც არ იცნობს; ამიტომ, ამ უცნობის მიმართ აგრესია უჩნდება. დაცულობის შეგრძნებას საზოგადოებას ერთფეროვნება უფრო უქმნის, ვიდრე განსხვავებულობა და ეს ბუნებრივია. თუმცა, ძალიან მოსაწყენია ერთფეროვნება.

ჩვენ, საზოგადოების მოსაწონები რომ ვიყოთ, ხშირად უარს ვამბობთ ჩვენს განსხვავებულობაზე, რამაც განვითარებულ გარემოში შეიძლება წარმატება მოგვიტანოს. ადამიანები ემსგავსებიან ყველას და ხშირად მალავენ საკუთარ ინდივიდუალიზმს. არადა, ინდივიდუალიზმი, შეიძლება, სწორედ ის არის, რაც პროგრესს სჭირდება.

ლიტერატურაც, ფაქტობრივად, ასეთ პერსონაჟებზეა აგებული, რომლებიც განსხვავებული იყვნენ. მათ არ იღებდა საზოგადოება, რადგან, თითქოს, მომავლიდან იყვნენ და მაინც, მათი იდეები მომავალში ხორციელდებოდა.

განსხვავებულობა ემპათიის, ჰუმანურობის, ლოიალობის მხრივაც ხშირად მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან მას თავისი და ხშირად სასტიკი წესები აქვს.

– მადლობა ასეთი საინტერესო პასუხისთვის. მოდით, ისევ სკოლას დავუბრუნდეთ. ორი წელი პანდემიის გამო ყველა ვსწავლობდით და ვმუშაობდით ონლაინ. როგორ აისახა მსგავსი ტიპის სწავლების პროცესი მოსწავლეებზე?

– ძალიან რთული ორი წელი იყო. ამ ორი წლიდან ერთი წელი მთლიანად კომპიუტერთან გავატარე. პირველი კლასის დამრიგებელი ვიყავი და ანბანი, წერა და კითხვა ვისწავლეთ ამ რეჟიმში. ონლაინ რეჟიმში სწავლა ფსიქოლოგიურადაც რთულია ბავშვისთვის და მოზარდისთვის. მყავდა პატარა გერმანელი მოსწავლე, რომელსაც კომპიუტერთან გაკვეთილები ინგლისურად უტარდებოდა. ბავშვი ძალიან ღიზიანდებოდა და საბოლოოდ, მშობლებმა უარი თქვეს ონლაინ გაკვეთილებზე.

– ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ აბიტურიენტებსაც ამზადებთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად რა მიმართულებით სჭირდებათ მათ მუშაობის გაძლიერება?

– თითქმის ყველა კუთხით. როგორც ლიტერატურის ცოდნის, ისე მართლწერის კუთხით. ბევრ აბიტურიენტთან სიახლე იყო ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ სკოლაში უნდა ესწავლათ. თითქმის არაფერი იცოდნენ რუსთაველის, ილიას, ვაჟას, ბარათაშვილის შესახებ, რაც ნამდვილად სამწუხაროა. უფრო მეტია საჭირო, რადგან, უბრალოდ, დასანანია, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების დრო რომ უშედეგოდ იკარგება. არ ვამბობ, რომ ლიტერატურა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საგანია,

ნატალი აბესაძე:ავის და კარგის გარჩევას ლიტერატურითაც ვსწავლობთ, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერთი საერთო კანონი აქვს:ლიტერატურა არასოდეს არის ბოროტების მხარეს. 

– თქვენი დაკვირვებით, რა ხარვეზებია განათლების სისტემაში?

– მთლიანად, განათლების სისტემა ფეხს ვერ უწყობს აწმყოს და მომავლის გამოწვევებს. მსოფლიო გამუდმებით ახლდება, ჩვენ კი შეიძლება ისეთ რამეებს ვსწავლობდეთ წლები, რაც არასოდეს გამოგვადგება.

ყველა ადამიანში არის მიდრეკილება, ინტერესი და ნიჭი, მაგრამ ბავშვებს ყველაფრის სწავლას ვაძალებთ და ბოლოს გამოდის, რომ, არაფერი რჩება მახსოვრობაში. კარგია ზოგადი განათლება, რა თქმა უნდა, ის ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესო იყოს მასთან საუბარი. მაგრამ, არსებითია ისიც, რომ მოსწავლეები იმ კუთხით განვითარდნენ, რაც მათი შინაგანი მოწოდებაა. ამ დროს შეიძლება მათ ვაიძულებდეთ, 12 წელი გაატარონ მერხთან და წლები ისწავლონ არასასურველი საგნები. ბევრი ადამიანი ოცნებობს, შეეძლოს იმის კეთება, რაც გულით უნდა და რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. ადამიანს რომ უფრო თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს გარკვეული ასაკიდან, ალბათ, უტოპიურად კარგ სამყაროში ვიცხოვრებდით.

– პროფესიის გარდა, მინდა, სხვა თემებსაც შევეხო. წავიკითხე თქვენი ბლოგები, გადავხედე თქვენი სოციალური ქსელის გვერდს და ხშირად პირდაპირ ან ირიბად წერთ პატრიარქალურ საზოგადოებაზე. რა გახდა თქვენთვის ამ თემაზე წერის მთავარი მიზეზი?

– შეიძლება, ქალად დაიბადო ჩვენს ქვეყანაში და ეს თემა არ გაწუხებდეს?

– უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

 – ჩვენს ქვეყანაში ქალს თავისი ქცევის კოდექსი აქვს, როცა კაცს, შეიძლება, არც ჰქონდეს ეს კოდექსი. ალბათ, ქალად უნდა დაიბადო, რომ მიხვდე, რა რთულია გაწერილი კოდექსით ცხოვრება. ადამიანის ზოგადი უფლებები, როგორიც არის პატივის, ღირსების ხელშეუვალობა, პიროვნების განვითარება, – ქალთან მიმართებით ხშირად ირღვევა. ქალს ბუნებრივადაც უფრო მეტი ბარიერი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს და თუ ამას გადაჭარბებული პატრიარქატის კანონები დაემატა, ფაქტობრივად, მისი გზა ჩახერგილია. ეს, რა თქმა უნდა, არის უსამართლობა, ადამიანის სახლში გამოკეტვა და მისი სამუშაოდ არგაშვება, ცემა, ძალადობა, შანტაჟი. ამ ჩამონათვალის არც ისე ცოტა შემთხვევა ვნახეთ დღემდე. საზოგადოების განვითარება თვითონ მოიტანს დისკრიმინაციის აღგვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს განვითარება მიდის ტაატით.

ემპათიის უნარის გამომუშავება, ზოგადად, ქალის მიმართ, თვითონ სხვა ქალებსაც უჭირთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ემპათია ოდნავ მაშინ იღვიძებს, თუ კაცს წარმოვიდგენთ ქალის დღეში. ამ ყველაფრის ფონზე გარშემო მომრავლდნენ ქალები, რომლებიც უარს ამბობენ ქორწინებაზე. მშობლებისგან ბევრ ქალს თითქმის არანაირი ქონება არ რჩება და ეს ხდება ეკონომიკურად ისედაც რთულ რეალობაში, სადაც ოჯახის დაგეგმვა გართულებულია.

– თქვენთვის რას ნიშნავს გენდერული ბალანსი?

– პირველ რიგში, გენდერული ბალანსი არის იქ, სადაც არის სამართლიანობა. ალოგიკურია, საზოგადოება მიიჩნევდეს თავის თავს განვითარებულად და უსამართლოდ ექცეოდეს ქალს, ბავშვს, მოხუცს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელს…

გლობალიზაციას აქვს უარყოფითი მხარე – ინდივიდუალური კულტურების საბოლოოდ მოშლას და ასიმილაციას იწვევს. მაგრამ დადებითი მხარე ნამდვილად ის აქვს, რომ ჩაკეტილი საზოგადოებები, თუნდაც, ინტერნეტის მეშვეობით იგებენ, თუ როგორი მიუღებელია განვითარებულ ქვეყნებში მათი შეხედულებები. როცა კაცობრიობის წინააღმდეგ მიდიხარ, კაცობრიობა აღარ მიგიღებს. იმედია, ამას მალე გაიაზრებს ყველა ის საზოგადოება, სადაც ადამიანთა უფლებებს უხეშად არღვევენ.

– პირადად თქვენ როგორ აღიქვამთ ქალის როლს ჩვენს სამყაროში?

– ქალის მისია არ არის მხოლოდ შვილების გაჩენა და მათი აღზრდა. მე იმას ვგულისხმობ, რომ ქალი ამით არ შემოიფარგლება. მაგრამ ბევრგან მოისმენთ დღეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს ასეა. ამ დროს, უამრავ ინტელექტუალ, ძლიერ და ავთენტურ ქალს ვიცნობ.

პირველ რიგში, გოგონების აღზრდისას უნდა გაითვალისწინოს ყველამ,  რომ ის დამოუკიდებელი ადამიანია. მას აქვს თავისი მისია, რომ საკუთარ თავზე სრულად უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის აღება. უდიდესი დანაშაულია, როცა გოგონას ზრდი სუსტ არსებად, აჯერებ, რომ ის სუსტია იმიტომ, რომ ქალია. და ზრდი ასეთად – სად? გარემოში, სადაც მთელი ცხოვრება შეიძლება ძალადობის მსხვერპლი იყოს და ვერც კი გაუმკლავდეს და ვერ გაექცეს ამ ძალადობას მარტო იმიტომ, რომ უამრავი კლიშეთი შემოზღუდო მისი პიროვნება.

– ზემოთ თქვით, რომ ადამიანს  უფრო თავისუფალი არჩევანი რომ ჰქონდეს გარკვეული ასაკიდან, ეს, ალბათ, უტოპიურად კარგი სამყარო იქნებოდაო. თქვენთვის რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება?

– თავისუფლება შეიძლება ნახო ყველგან, შემოქმედებაში, მუსიკაში, ჰობში, საკუთარი თავის განვითარებაში. თავისუფლება ძალიან ფაქიზი ცნებაა. ვფიქრობ, ადამიანი თავისუფალი არის მანამ, სანამ აქვს საშუალება, თავისი თავი გამოავლინოს ისეთად, როგორიც არის. ადამიანი ყოველთვის  საზოგადოებაზე თავისუფალია, ამის დასტურია “ალუდა ქეთელაური”. ტყუილად არ არის ეს ნაწარმოები კლასიკა, ყველა დროში აქტუალური იქნება, ალბათ. ცოტა ხნის წინ წავიკითხე აინ რენდის “პირველწყარო”. საკუთარი ხედვის ერთგულება, თუნდაც, ფიზიკური და მორალური მოსპობის ხარჯზე – მთავარი გმირის სიძლიერე სწორედ ამაშია. ასეთი ადამიანი რთულ გზას გაივლის, მაგრამ ყოველთვის გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, ყველას არ შესწევს ძალა, ასეთი იყოს.

თქვენ თავისუფალი ხართ?

– თავისუფლება ასე ადვილად არ მოდის. დღეს ის წმინდად მატერიალური ცნებაც კი შეიძლება იყოს. ადამიანმა ბევრი უნდა იშრომოს, რომ თავისუფლებას მიაღწიოს. ძალიან დიდი ნებისყოფაც არის საჭირო, დაუზარებლობა. ყველა ადამიანის ოცნება არის თავისუფლება და ქვეცნობიერად ყველა ამისთვის იბრძვის.

“ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია” – ძალიან სწორად აქვს ნათქვამი ოთარ ჭილაძეს. ამ ქვეყნის წარმატება და თავისუფლება იქნებოდა ჩემი დიდი ოცნება, რადგან გვქონდა მაგალითი, რომ როცა ასეთი იყო ეს ქვეყანა, ადამიანის თავისუფლებამ გენიალური ნაწარმოები შექმნა. ადამიანები მართლაც იმ ქვეყანას ემსგავსებიან, რომელსაც მათი სამშობლო ჰქვია. თუ ჩვენი ქვეყანა დიდი შემოქმედებისა და წარსულის მქონე და დღეს დაფარული საუნჯეა , ადამიანებიც ასეთები არიან დღეს აქ. ქვეყნის თავისუფლება განაპირობებს ყველა ადამიანის, მათ შორის, ჩემს თავისუფლებას.

– და ბოლოს, რა არის თქვენი ერთი მთავარი რჩევა ახალგაზრდებისთვის?

– არასოდეს შეგიპყროთ უიმედობამ, არ იფიქროთ, რომ ერთადერთი ხართ, ვისაც შეიძლება, რთული ეტაპების გავლა უწევდეს. არასოდეს დაივიწყოთ საკუთარი შინაგანი მოწოდება. თუნდაც, ჰობის სახით ყოველთვის გქონდეთ, რადგან ეგ იქნება ის, რაც ყოველთვის გაპოვნინებთ საკუთარ თავს სიცოცხლის ბოლომდე.

 

ინტერვიუს ავტორი: ანა მოსაშვილი 

IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting