შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

როგორ ავიღოთ სასმელი წყალი ონკანიდან? – გურამ აბაშიძის ექსპერიმენტი

10/02/2023


გურამ აბაშიძე, წლებია თბილისში ცხოვრობს, დიდ დიღომში. იგი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, საგანი – „ციფრული მედია და კომუნიკაცია“. გურამმა, საგნის „ციფრული თხრობის“ ფარგლებში ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა და მოამზადა მასალა სასმელი წყლის შესახებ, რომლის გმირი თავადვე გახდა. 

გურამ აბაშიძე: “მე, მაინტერესებდა როგორ სასმელ წყალს ვსვამთ. ამიტომ, თავდაპირველად სამზარეულოს ონკანიდან წყალი პლასტმასის ბოთლში ავავსე და შესაბამისი კვლევისთვის თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წავიღე.  იქ, ეს წყალი არ ჩაიბარეს და მომცეს ინსტრუქცია, თუ როგორ შემეგროვებინა წყალი ონკანიდან, რომელსაც მთელი პროცედურები სჭირდებოდა და რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვებით”.

ნაბიჯი 1

ონკანიდან წყლის სინჯის აღებამდე, მილი უნდა გაასუფთავოთ და ცეცხლის ალი მოავლოთ.

ნაბიჯი 2 

როგორც აღმოჩნდა, თუ წყალი სასმელად ვარგისი გინდათ იყოს, სულ მცირე 15 წუთი მაინც უნდა ადინოთ. თან, ონკანი ბოლომდე მოუშვათ.

გურამ აბაშიძე: “ამ ექსპერიმენტის დროს დამაინტერესა, რამდენი ლიტრი წყალი შეგროვდებოდა იმ 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე ონკანი მოშვებული მქონდა და ამიტომ დავთვალე. ამ დროში, 477 ლიტრი წყალი შევაგროვე. სწორედ მაშინ, ასეთი კითხვა გამიჩნდა – თუ სუფთა წყალი მინდა დავლიო, თუნდაც ერთი ჭიქა, ამისათვის 15 წუთის განმავლობაში წყალი უნდა ვადინო? და თუ რამდენჯერმე მომინდება ონკანიდან წყალის დალევა, რა დრო და ფული დასჭირდება ამას?”

როგორც ცნობილია, GWP-ს ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას არის 0.500 ლარი 1მ3-ზე.

ნაბიჯი 3

ვიდრე წყალი ონკანიდან უწყვეტად მოედინება, ჭურჭელი უნდა მოამზადოთ. ეს, აუცილებლად შუშის ქილა უნდა იყოს რკინის თავსახურით და არა პლასტმასის.

ნაბიჯი 4

წყალი კარგად უნდა ადუღდეს, ვიდრე მასში ჭურჭელია მოთავსებული.

ნაბიჯი 5

გამოხარშულ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ სულ მცირე ნახევარი ლიტრი წყალი ონკანიდან, თავსახური კარგად მოუჭიროთ და ლაბორატორიაში მიიტანოთ, წყლის აღებიდან მაქსიმუმ ერთი საათის შუალედში.

ნაბიჯი 6

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელწიფო ლაბორატორიაში, 2 ტიპის კვლევა ტარდება: წყლის სასმელად ვარგისიანობაზე და ქიმიური.

გურამმა 96 ლარი გადაიხადა პირველ კვლევაში, მეორე გაცილებით ძვირი ღირს. პასუხი 5 სამუშაო დღეშია.

ნაბიჯი 7

დიდი დიღმიდან აღებული წყალი, ლაბორატორიამ შეაფასა როგორც სასმელად ვარგისი.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სასმელი წყალი უნდა იყოს ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით უსაფრთხო, ხოლო ქიმიური შემადგენლობით უვნებელი იმისათვის რომ სანიტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

უვარგისი სასმელი წყალი ხშირად ხდება ინფექციური დაავადებების მიზეზი, რომლის დროს ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, ჭიებით და სხვა. წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით, რომელთა შორის ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რასაც ძირითადად დიარეა ახასიათებს.

სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მომხმარებლებზე განაწილება.

თბილისს წყლით „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“ GWP ამარაგებს. წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია. თუმცა, ვიდრე წყალი სასმელად ვარგისი გახდება რთულ ტექნოლოგიურ პროცესს გადის.

GWP-ს ინფორმაციით, დედაქალაქში წყალი წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელის საშუალებით ნაწილდება, საიდანაც  მომხმარებელების ონკანებამდე სასმელი წყლის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.თბილისისთვის წყალს მოიპოვებენ მდინარე არაგვიდან, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის ზღვიდან, ღრმაღელესა და სამგორის სათავე ნაგებობების საშუალებით.

წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება.

თბილისში წყალმომარაგება 24 საათიანია.

 

 

მასალის ავტორი: გურამ აბაშიძე, IBSU-ს სამაგისტო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაციის” სტუდენტი

მასალის რედაქტორი: ეკა ფირცხალავა, IBSU-ს “მედია ცენტრის” ხელმძღვანელი

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting