შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
„მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა“- სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან
10/02/2023
22 წლის ლაურა პაპასქუა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დაიბადა და სკოლაც იქვე დაამთავრა. მისი ოჯახი დღემდე გალში ცხოვრობს, რაც მუდმივ მონატრებასთან და არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ლაურა გალში გატარებულ ბავშვობაზე, აფხაზებთან ურთიერთობასა და იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს ხვდებათ.
– მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ მოხვედი აქამდე?
– სკოლა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში დავამთავრე. ჩვენთან 11 კლასია, რადგან იქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისტემაა, ამიტომ 16 წლის ასაკში უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავასრულე და მაგისტრატურას პიარის მიმართულებით ვაგრძელებ. ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვმუშაობ საქველმოქმედო პროექტებზე, ხშირად დავდივარ ახალგაზრდულ ბანაკებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ვმონაწილეობ. პირველივე კურსიდან ვმუშაობდი ჩემს უნივერსიტეტში, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, სადაც 5 წლიანი გამოცდილება დავაგროვე. ამჟამად კი, ევროპის უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ, პარალელურად, სპორტული სააგენტო SBM-ის სოციალურ მედიას ვმართავ.
– როგორი იყო გალში გატარებული ბავშვობა?
– როდესაც იქ ვცხოვრობდი, მეგონა, რომ ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და ჩემს გარემოს განსხვავებულად ვერ აღვიქვამდი – ვთამაშობდით და ვერთობოდით, როგორც ყველა. თუმცა, სკოლის დამთავრებისა და თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მკაფიო კონტრასტი დავინახე. აქაურ ბავშვებს, სულ მცირე, კომპიუტერებთან მაინც ჰქონდათ შეხება, აკეთებდნენ პრეზენტაციებს, კონფერენციებში მონაწილეობდნენ, რითაც საჯარო გამოსვლებს ეჩვეოდნენ. ჩვენ კი ამ ყველაფერს მოკლებულები ვიყავით. არ გვქონდა ისეთი ტექნიკური აღჭურვილობაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ქიმიის ლაბორატორია, შესაბამისად, არასდროს ჩაგვიტარებია ქიმიური ექსპერიმენტი. აქაური ბავშვები, ჩვენგან განსხვავებით, უფრო გახსნილები, თავისუფლები და ნაკლებად კომპლექსიანები იყვნენ.
– რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რასაც აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტები აწყდებიან?
– ყველაზე დიდი პრობლემა ენის ბარიერია. მართალია, მე სკოლა ქართულად დავამთავრე და მშობლიურ ენაზე ვსწავლობდი, თუმცა ბევრი ბავშვი რუსულად გადის პროგრამას და თბილისში ჩაბარების შემდეგ, ქართულად კომუნიკაცია უჭირს, დიდად ვერ ახერხებს სოციალიზაციას და თავის სოციუმში იკეტება.
– აფხაზ ბავშვებთან რამდენად გქონდა კონტაქტი?
– გალის რაიონში, ძირითადად, მეგრელები ვცხოვრობთ და ქართველობა მაინც შენარჩუნებული გვაქვს. აფხაზეთში არის არასამთავრობო ორგანიზაციები (Unicef, World Vision), რომლებიც აფხაზური და მეგრული სოფლებისთვის საერთო აქტივობებს გეგმავენ, რათა ერთმანეთთან ინტეგრაციას ხელი შეუწყონ. მაგალითად, ერთხელ, სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში სამდღიანი ვორქშოპი დაიგეგმა, სადაც ბავშვები აფხაზეთის შვიდივე რაიონის სკოლიდან წაგვიყვანეს. საერთო პრეზენტაციებს, დადგმებს, ფლეშმობებს გვაკეთებინებდნენ, ცდილობდნენ, რომ საერთაშორისო დღეები ერთად აღგვენიშნა, იყო „ხელოვნების დღე“, „სუფთა ხელების დღე“… ცდილობდნენ, რომ აფხაზ და მეგრელ ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონოდა.
– როგორ მუშაობდა ეს პროექტები, მეგობრობდით, თუ მაინც არსებობდა თქვენ შორის დისტანცია?
– ძირითადად, მაინც დისტანციაზე ვიყავით, თან ენის ბარიერიც გვქონდა. ისინი რუსულად საუბრობდნენ, ჩვენ კი ყველამ გამართული რუსული არ ვიცოდით. თუმცა სოხუმში ყოფნის დროს, უკვე შედარებით დიდებიც ვიყავით და იქ ღამღამობით ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით ხოლმე.
– როგორი იყო მათი დამოკიდებულება პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ?
– გააჩნია რაიონს. მაგალითად, ოჩამჩირედან მაინც ნეიტრალურები იყვნენ, რადგან ეს რაიონი გალთან ახლოს არის და, ალბათ, ამას მაინც აქვს გარკვეული გავლენა. სოხუმელებს მთლიანად დამოუკიდებლობა უნდოდათ. ზოგადად, ყველანი ვცდილობდით, რომ ეს პროცესები ნეიტრალურად განგვეხილა და იქ დავა არ დაგვეწყო, თუმცა პოზიციები მაინც იყოფოდა – ზოგი ფიქრობდა, რომ აფხაზეთი მთლიანად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ზოგს არც რუსეთი უნდოდა და არც საქართველო, ზოგს კი მოსწონდა რუსეთის ჯარი, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მათ იცავდნენ.
– ახლა როგორი მდგომარეობაა, უკრაინის ომმა აფხაზებში განწყობა შეცვალა?
– არა, პირიქით. აფხაზურ სკოლებში მეგრელი დირექტორები მოხსნეს, ყველგან აფხაზები დანიშნეს და თუ ვინმესთან, სოციალურ ქსელში, უკრაინის მხარდასაჭერ პოსტებს ნახავენ, ორსაათიან ლექციებს უკითხავენ – როგორ შეიძლება, რუსეთი ჩვენი მოძმე ერია, ვერ ხედავთ, რომ ყველაფერში გვეხმარებაო?
– ომის დროს შენი ოჯახი იქ იყო?
– პირველად, როცა სიტუაცია დაიძაბა, მთელი ოჯახი წამოვიდა – ხან სად იყვნენ დევნილებად, ხან სად. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ და მეორედ რომ დაიწყო არეულობა, ბებიაჩემი სოფელში დარჩა, რასაც შეეწირა კიდეც – აფხაზებმა მოკლეს. ამ ამბის მერე, ჩემები იქიდან აღარ წამოსულან. ძალიან რთული პერიოდი გაიარეს, როდის დაადგებოდნენ თავზე და როდის დააყაჩაღებდნენ, ან მოკლავდნენ, არავინ იცოდა.
– რა მარშრუტს გადიხარ გალში წასასვლელად?
– ზუგდიდიდან სამარშრუტო ტაქსით მივდივართ სოფელ რუხამდე, საიდანაც ე.წ. საზღვრამდე მანძილი, დაახლოებით, 10 კმ-ია, რასაც ან ფეხით, ან სამარშრუტო ტაქსით გავდივართ. შემდეგ, გამშვებ პუნქტში გავდივართ კონტროლს და იქიდან ტრანსპორტი უკვე ჩემს სოფლამდეც დადის.
– აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სოხუმში უფრო მიდიხართ, თუ ზუგდიდში?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფლიდან სოხუმი და ზუგდიდი, თითქმის, თანაბარი მანძილით არის დაშორებული, სოხუმში საერთოდ არ დავდივართ. რაიმე პროდუქტი ან ტანსაცმელი თუ გვჭირდება, ზუგდიდში ვყიდულობთ, რადგან ბევრად იაფია და ჩვენთვისაც უფრო ხელსაყრელია.
– 22 წლის ასაკში რომ ასეთი წარმატებული ხარ, არის განპირობებული იმით, რომ აფხაზეთიდან ხარ? რამდენადაა ეს შენთვის მოტივაცია?
– პირიქით, ვფიქრობ, ეს მოცემულობა რომ არ იყოს, უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. მე რაღაცების სწავლა დაგვიანებით დავიწყე, მაგალითად, კომუნიკაციისა და მუშაობის უნარები გვიან გამოვიმუშავე. სხვა ბავშვებს კლუბები რომ ჰქონდათ სკოლებში და პროექტების ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას, ეგ ყველაფერი მეც რომ მქონოდა, ალბათ, ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუმცა, გარკვეული მოტივაცია იყო უნივერსიტეტში ჩაბარების დროს. აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს სწავლას 100%-ით გვიფინანსებენ და ხშირად ეს „წამოყვედრების“ მიზეზი ხდება. მინდოდა, ეს ყველაფერი თავიდან ამერიდებინა და გამოცდებში მაინც კარგი ქულები ამეღო. სწორედ მაგ მოტივაციით, რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, 50%-იანი გრანტი მოვიპოვე.
– როგორ წარმოგიდგენია ცხოვრება გაერთიანებულ ქვეყანაში, რა შეიცვლება?
– გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ქართველის ოცნებაა. ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს საზღვარი რომ არ არსებობდეს და მგონია, სასწავლებლად სოხუმში წავიდოდი, იქაურობა ბევრად განვითარებული იქნებოდა და შევძლებდი, ჩემი თავის რეალიზება ჩემს მხარეში მომეხდინა. მიმოსვლის პრობლემა აღარ იარსებებდა, იქაური ხალხი მოძრაობას, მუშაობას ან, თუნდაც, ვაჭრობას მეტად თავისუფლად შეძლებდა.
ინტერვიუს ავტორი: სოფო კედელაშვილი
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი