შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ოთო ქსოვრელი: “მაქსიმალურად ვეძებთ არაპრობლემურ კადრებს”
08/02/2023
– ოთო, სტაბილურად კარგი უძრავი ქონების სააგენტო თუ გეგულებათ – სადაც დარეკავ და მოგემსახურება ზუსტად ისე, როგორც ელოდები?
– ძალიან კარგი შეკითხვაა. ადამიანისთვის, როდესაც ქონების შეძენა ან გაყიდვა სურს, ყველაზე ხელსაყრელი გზა უძრავი ქონების სააგენტოს დახმარებაა. რა თქმა უნდა, განცხადების განთავსება ინტერნეტშიც შეიძლება. ჩვენს სააგენტოს თუ მომართავთ, საქმეში პროფესიონალი აგენტები ჩაერთვებიან და მათი წყალობით დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავთ. საქართველოში არის სერვისის პრობლემები, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია, ,,TBILISI BROKER”, რომელიც არსებობს თბილისში და არის წამყვანი, ზრუნავს საკუთარი სერვისის გაუმჯობესებაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია.
– ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ: ერთი მხრივ, სააგენტოები და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. დღეს რომელს სჭირდება მეტი განვითარება?
– არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. ამ სფეროს სპეციფიკის გამო, შეუძლებელია, რომ საქმე სახლიდან წარმართო. ამ საქმეს ოფისის გარემო სჭირდება. ყველა თანამშრომელი ისეთ გარემოშია, რომელიც მასზეა მორგებული და უზრუნველყოფილია მუშაობის ხარისხი. ოფისს მეტი იურიდიული უფლება აქვს, სახლიდან მომუშავე ადამიანები ნაკლებად პროფესიონალები არიან და მეტი განვითარება სჭირდებათ.
– სამი სეგმენტი რომ ავიღოთ – სააგენტოს დირექტორი, მენეჯერი და აგენტი – რამდენად სწორად არის მათი ფუნქციები გამიჯნული თქვენს ოფისში? ხომ არ არის დღეს უძრავი ქონების სააგენტოების მთავარი პრობლემა ამ სამი სეგმენტის ურთიერთობა?
– რაც შეეხება უფლება-მოვალეობებს ამ კომპანიაში, სამივე სეგმენტს თავისი როლი და საქმე აქვს. ყველას – დირექტორს, მენეჯერს, აგენტს, განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქცია სწორედ იმიტომ, რომ კომპანია იყოს წარმატებული. ყველამ უნდა იცოდეს თავისი საქმე. აგენტი დადის შეხვედრებზე; მე, როგორც მენეჯერი, მათ მოლაპარაკებებში ვეხმარები; დირექტორი ტექნიკურ მხარეს აგვარებს და ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– რამდენად დროულად სრულდება თქვენი სააგენტოს მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ?
მაქსიმალურად ვეძებთ ისეთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან, როდესაც ახალი კადრი მოგვყავს, გადის ერთთვიან მოსამზადებელ პერიოდს, ვაკვირდებით, თუ როგორ ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, იცავს თუ – არა დრესკოდს, კერძოდ, აცვია თუ – არა კლასიკურად, ემსახურება თუ – არა კლიენტს დროულად. ამის მიხედვით ვწყვეტთ, გააგრძელებს თუ – არა ჩვენთან მუშაობას. ამჟამად არსებული გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენს მოთხოვნებს დროულად ასრულებენ.
ოთო ქსოვრელი: “მაქსიმალურად ვეძებთ კადრებს, რომლებიც ნაკლებად პრობლემურები არიან”.
– ვთქვათ, მონდომებული ახალგაზრდა მოვიდა. რას აძლევს მას თქვენი სააგენტო?
– ჩვენი სააგენტო აგენტებს ყველანაირ კომფორტს უქმნის იმისთვის, რომ გამართულად იმუშაონ. როდესაც ამ საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდით, თუ რა პრობლემების წინაშეა არსებული სააგენტოები, რა უშლიდათ მათ მუშაობის დროს ხელს და ვეცადეთ, რომ უკეთესები ვყოფილიყავით. წარმატებული თანამშრომელი უზრუნველყოფილია ფინანსური თვალსაზრისით, საიტებზე დროულად ბალანსის შევსებით. ასევე, ხელს ვუწყობთ სტუდენტებს სწავლაში, ყოველთვის შეგვიძლია გავუშვათ ლექციაზე, რადგან ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან მომუშავე თანამშრომელების 40% სტუდენტია.
– როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ჯდება იმ პირობების მომზადება, იმ გარემოს შექმნა, რომ სააგენტოში აგენტებმა შეუფერხებლად იმუშაონ. დაახლოებით რამდენ წელში შეგიძლიათ თქვათ აგენტზე, რომ ის ამ საქმის პროფესიონალია?
– ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ამ სფეროს სჭირდება კადრი, რომელსაც არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, იცის უცხო ენები. კადრი თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ითვისებს საქმეს, თუნდაც, თავის შეცდომებზე სწავლობს, ერთი წელი არის ის დრო, რომ ჩვენ მას პროფესიონალი ვუწოდოთ. ერთი წლის შემდეგ, ურთულესი თუ მარტივი ოპერაციების წარმართვა აგენტს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია.
– რა პლუსები აქვს თქვენს სააგენტოს, სხვებთან შედარებით?
– გვაქვს კარგი სამუშაო გარემო, ვართ მეგობრულები. პრიორიტეტი ჩვენთვის არის თანამშრომლების სურვილები, თუმცა, ამასთანავე, ისინი არ ივიწყებენ საკუთარ მოვალეობებს. ბევრ სააგენტოს არ გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად: ტრანსპორტით უზრუნველყოფა, იურიდიული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებებში ჩვენი მხრიდან დახმარება, ბაზების შექმნა, ბალანსის დროულად შევსება, რომ აგენტმა ატვირთოს ბინები. ჩვენი სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი დეტალია ისიც, რომ საკომისიოს მხოლოდ გამყიდველისგან ვიღებთ. გამიგია, რომ სხვა სააგენტოები ფასს უმატებენ უძრავ ქონებას და მყიდველი არც თუ ისე რეალურ ფასს იხდის. ჩვენთან ეს გამორიცხულია.
– დიდი კონკურენციაა ამ სფეროში. გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება?
– რა თქმა უნდა, დაწყება არ იყო მარტივი, ურთულესი გზა გამოვიარეთ. ამ საქმის სულისჩამდგმელი, წამომწყები იყო ჩვენი კომპანიის დირექტორი, თორნიკე ქოჩლაძე. დავიწყეთ მინიმალური ინვესტიციებით. სხვა სააგენტოებმა თუ მარტივად გაიარეს ეს პროცესი, ჩვენთვის რთული იყო, აქამდე რომ მოვსულიყავით.
– თქვენ მუშაობთ როგორც ბინების, ისე მიწის ნაკვეთებისა და კომერციული ფართების გაყიდვაზე. ამ სამიდან რომელზე მუშაობაა შედარებით რთული?
– გამოვარჩევდი მიწის ნაკვეთების გაყიდვას. უფრო მეტად უნდა ერკვეოდე როგორც სამოქალაქო კოდექსში, ისე – მიწის სამართალში, რაც ერთ-ორ დღეში არ ისწავლება. მიწის ყიდვა-გაყიდვა რთულია, აგენტს შეიძლება წლები დასჭირდეს მიწის გასაყიდად. საჭიროა მუხლების ცოდნა, დამატებითი რესურსები, ეს არ არის ადვილად ათვისებადი. როგორც წესი, დამკვეთს მიწა კერძო სახლის, კორპუსის ან კომერციული ფართის ასაშენებლად სჭირდება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მიწას დეველოპერები ყიდულობენ და ამ დროს ქალაქის მერიის რეგულაციებს ვითვალისწინებთ. უნდა გავარკვიოთ, რამდენად მისაღებია იქ მრავალსართულიანი შენობის აგება, სეისმურად საიმედო არის თუ – არა ეს ადგილი, გეოლოგიურად თუ არის შესწავლილი.
– საქართველოში ძალიან ბევრი სააგენტოა. უძრავი ქონების საიტებთან სტაბილურად დაახლოებით რამდენი სააგენტო მუშაობს?
– დაახლოებით მუშაობს 200-მდე მოქმედი სააგენტო. მათი სამუშაო სფეროთი არ ვინტერესდები, რადგან მთავარი ჩვენი კომპანიაა. მათ არ ვუწევთ კონკურენციას. ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი დავიმკვიდროთ ხარისხით, სერვისით, სიახლეებით, რადგან ჩვენ ვართ შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს.
– ოთო, როგორც აღნიშნეთ, აგენტები დღის განმავლობაში ბევრ განცხადებას ტვირთავენ. როგორ ფიქრობთ, განცხადებების რაოდენობა სააგენტოს რეიტინგულობასა და პრესტიჟზე მეტყველებს?
– ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი. ასევე, საჭიროა ექსკლუზივებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე მუშაობს მხოლოდ ჩვენი სააგენტო და სხვებს არ აქვთ მასზე წვდომა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კლიენტი ჩვენს აგენტებთან თანამშრომლობდეს. მთავარია ხარისხი ბაზარზე. როდესაც დიდი კონკურენციაა, აგენტი უნდა აცნობიერებდეს, თუ რა სურს კლიენტს, რომ შეძლოს ქონების რეალიზაცია.
– ფინანსური ოპერაცია რომ წარმატებით დასრულდეს, აგენტს უამრავი დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება უწევს. როგორც წესი, დამკვეთს თავის მოთხოვნები აქვს. ფიქრობთ, რომ თქვენი სააგენტო ამ მხრივ გამორჩეულია?
– ვფიქრობ, რომ გამორჩეულია, რადგან ვართ სერვისზე ორიენტირებულნი. აგენტი ინტერესდება, რა სურს მომხმარებელს და მარტივია, თუ რა შესთავაზოს მას. თუ ჩვენ გვყავს ახალი თანამშრომლები, მე და კომპანიის დირექტორები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩავერიოთ და დავეხმაროთ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ჩვენ გვაქვს დიდი მონაცემთა ბაზა, ძალიან ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ და დამკვეთის ინტერესების მიხედვით ვეძებთ იდეალურ ვარიანტს. ამის შემდეგ ვადგენთ ორმხრივ ხელშეკრულებას, ვუწევთ კონსულტაციას და თუ მყიდველი თანახმაა, ისეთი ფართი გადაეცემა, როგორიც აინტერესებს. თითოეულ ჩვენს კლიენტს ვუხსნით, სასურველ უბანში რა ღირს 1კვ.მ., ვეუბნებით – როგორ ნაგებობაშია გასაყიდი ფართობი, ინტერიერი როგორი აქვს, რამდენი სველი წერტილია ბინაში, ან როგორი მასალით არის გარემონტებული და ამის მიხედვით ვაფასებთ გასაყიდ ობიექტს. პროცესში აუცილებლად გათვალისწინებულია მესაკუთრის ინტერესები.
ინტერვიუს ავტორი: ავთანდილ ზარნაძე
IBSU-ს სამაგისტრო პროგრამის “ციფრული მედია და კომუნიკაცია” სტუდენტი