შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
“1+4” პროგრამა – საშეღავათო პოლიტიკა?
02/02/2023
„თუ სტუდენტს ქართული ენის შესასწავლად ერთი დამატებითი წელი სჭირდება, მაშინ პროგრამა თავადვე ცხადყოფს სისტემურ პრობლემას. გამოდის 12 წელი სკოლაში არასრულყოფილ განათლებას ვიღებთ“, – გოჰარ აღჯოიანი. თავად 24 წლისაა, ეთნიკურად სომეხია, წარმოშობით ნინოწმინდის სოფელ დიდი არაქალიდან, თუმცა რამდენიმე წელია დედაქალაქში ცხოვრობს. 2017 წელს, „1+4“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 2022 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოში არაქართულეონოვან სკოლას ამთავრებს, განათლების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ძირითადად ორი არჩევანი აქვს – ჩააბაროს ეროვნული გამოცდები მიღებული ფორმატით ან ჩააბაროს მხოლოდ უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე.
პროგრამაზე მოსახვედრად საჭიროა აბიტურიენტი იყოს საქართველოს მოქალაქე, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ამოწმებს მსურველის ეთნიკურ წარმომავლობას.
უნარების გამოცდის ჩაბარების შემდეგ სტუდენტი ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, სადაც გადის ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას ქართულ ენაში და კურსის დახურვის შემდეგ, ირჩევს სასურველ პროფესიას, რომელზეც სწავლობს დარჩენილი ოთხი, ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია პროგრამის ხანგრძლივობაზე.
„აღნიშნული პროგრამა მოქმედებს, როგორც აზერბაიჯანულ და სომხურ, ისე ოსურ და აფხაზურენოვანი სტუდენტებისთვის. სწორედ ამაში გამოიხატება საშეღავათო პოლიტიკა ერთნიკური უმცირებობისთვის“, – ამბობს ნინო წერეთელი, საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
როგორც ნინო აღნიშნავს, კიდევ ერთი შეღავათი არის ის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კონკურენციაში არ შედიან ეთნიკურად ქართველებთან. უფრო ზუსტად კი, ეთნიკურად აზერბაიჯანელები საგრანტო კონკურსზე მხოლოდ ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, ისევე, როგორც სხვა უმცირესობების წარმომადგენლები.
„საშუალება გვაქვს უნარები მშობლიურ ენაზე ჩავაბაროთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგი გამოცდილებაა. ადრე ძალიან ბევრი სტუდენტი ტოვებდა საქართველოს და სომხეთში ან აზერბაიჯანში აბარებდა. ხოლო ახლა უამრავი ადგილობრივი ირიცხება ქართულ უნივერსიტეტებში“, – ამბობს გოჰარი.
გოჰარ აღჯოიანი: “ხშირად გვესმის, როცა ჩვენზე ამბობენ, რომ არ გსურს ქართული ენის სწავლა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის! მე, ვმონაწილეობ ამ ქვეყნის ყველა სოციალურ და საზოგადოებრივ, მნიშვნელოვან მოვლენაში და ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მეც ვარ ამ ქვეყნის და ამ კულტურის პატარა ნაწილი და მეც მაქვს ვალდებულებები ამ ქვეყნის წინაშე”.
როგორც გოჰარ აღჯოიანი გვიყვება, დადებითთან ერთად “1+4” პროგრამას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
იმის გამო, რომ სოფლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობაა, მოსწავლეებს უწევთ ქალაქში იარონ მოსამზადებლად, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის საშუალება კი რეგიონში მცხოვრებ ყველა ადგილობრივს არ აქვს.
აგრეთვე, უნარებში მიღებულ ქულაზეა დამოკიდებული, როგორც მოსამზადებელი, ისე საბაკალავრო პროგრამის დაფინანსება. თუ აბიტურიენტმა გრანტი ვერ მიიღო ყოველწლიურად, მოსამზადებელი პროგრამის ჩათვლით, უნდა გადაიხადოს 2250 ლარი.
კანონში „სახელმწიფო ენის შესახებ“ წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება სახელმწიფოს მოსთხოვოს, სახელმწიფო ენის შესწავლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. აღნიშნული ვალდებულების სათანადოდ შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში.
„ამის გათვალისწინებით ეთნიკური უმცირესობების მიმართ პირველ წელს ქართული ენის სწავლაში დადგენილი გადასახადი არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღნიშნულ ვალდებულებებს და აფერხებს მათ შესრულებას“, – მარი კაპანაძე, GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამის დირექტორი, იურისტი და ადამიანის უფლებათა სასამართლოს სპეციალისტი.
„ჩვენთვისაც, რომ იყოს უფასო ფაკულტეტები ხელმისაწვდომი, უფრო მეტი სტუდენტი ჩააბარებდა ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის პროგრამებზე. რეგიონში ამ საგნების პედაგოგები, ფაქტობრივად, არ გვყავს“, – აღნიშნავს გოჰარი.
2013 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისის ბრძანებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების უფასო პროგრამების დაფინანსება აიკრძალა.
როგორც მარი კაპანაძე აღნიშნავს, უფასო ფაკულტეტებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის გადახდის ვალდებულების არსებობა, შეიძლება მივიჩნიოთ დისკრიმინაციულ პოლიტიკად, რომელსაც არ აქვს რაციონალური გამართლება.
„თუ ქართულენოვან სტუდენტებს უფასო ფაკულტეტებზე სწავლისათვის არ უწევთ, გადაიხადონ გადასახადი, იგივე მიდგომა უნდა იყოს „1+4“ პროგრამის მონაწილეებისთვისაც“, – მარი კაპანაძე.
გოჰარი გვიყვება, რომ მიუხედავად ფასიანი მოსამზადებელი კურსისა, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნული პროგრამა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და შიდა სასწავლო გამოცდები ვერ ადგენს მიღებული ცოდნის დონეს. ინტერესის ნაკლებობის გამო, სტუდენტები ხშირად აცდენენ ლექციებს.
სერიოზული პრობლემებია ჯავახეთის რეგიონებშიც. ადგილობრივებს არ აქვთ ურთიერთობა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.
„როცა პატარა ვიყავი ქართულს, როგორც მხოლოდ უცხო ენას, ისე ვსწავლობდი. მაგრამ ქართველებთან უშუალო შეხების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ენა, ქვეყანა, კულტურა ჩემთვის უცხო არ არის. მეც მისი ნაწილი ვარ და მინდა საქართველოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – გოჰარ აღჯოიანი.
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში ქართული ენის და მოსამზადებელი კურსის მიმართ ინტერესი დიდია.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მონაცამებებით 2022 წელს ქართული ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა 1392 სტუდენტი, საქართველოში არსებულ 15 სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ჩარიცხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც აზერბაიჯანულენოვანი 339, სომხურენოვანი 265, ხოლო ოსურენოვანი 3 სტუდენტი ჩაირიცხა. (წყარო: edu.aris.ge)
„ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური მასწავლებლები, ხარისხიანი განათლება, როგორც სკოლებში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. უნდა შეგვეძლოს საკუთარ ქვეყანაში განვითარება და სხვაგან წასვლაზე ფიქრი არ უნდა გვიწევდეს“, – ამბობს გოჰარი.
ჯავახეთში არსებულ სკოლებში მომუშავე მასწავლებლების უმრავლესობას განათლება სომხეთში ან აზერბაიჯანში აქვს მიღებული. საქართველოში ჩამოსვლისას კი ქართული ენის ერთწლიანი გადამზადების კურსს გადის. როგორც გოჰარი ამბობს, ერთ წელში ვერ შეისწავლი ქართულ ენას ისე, რომ სხვებს ასწავლო.
მწირია ენის ასათვისებლად საჭირო სხვა საშუალებებიც, ბიბლიოთეკა მხოლოდ ნინოწმინდაშია.
„მასწავლებელი ყოველთვის გვავალებდა სომხური წიგნების წაკითხვას არდადეგებზე, მაგრამ ქართული ენის პედაგოგის მხრიდან იგივე მოთხოვნა არ ყოფილა. არ ვიცი ნინოწმინდის საჯარო ბიბლიოთეკაში არის თუ არა ქართული წიგნები, მაგრამ დიდი ალბათობით მხოლოდ სომხური ან აზერბაიჯანული ლიტერატურაა. რეგიონში საინფორმაციო გადაცემებიც კი არ გვაქვს ქართულ ენაზე“, – გოჰარ აღჯოიანი.
გოჰარი ამჟამად სამცხეთ-ჯავახეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ წევრია. თანამშრომლობს ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციასთან „საფარი“, რომლის დაფინანსებით სოციალურ ქსელში შეიქმნა პლატფორმა „განძი“, სადაც ამზადებენ მასალებს ქალთა უფლებებზე, თემში არსებულ სტერეოტიპებსა და ეთნიკური უმცირესობების გარშემო არსებულ გამოწვევებზე.
ამ ყველაფერში ძალიან დაეხმარა ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა. ენის ცოდნამ სოციალური ინტეგრირებისა და კარიერული წინსვლის საკითხებში დიდი როლი ითამაშა.
ავტორები: მარიამ მერლანი, ანო ტვილდიანი
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები