შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
“თოვდა… და თბილისს ეხურა თალხი” – ეთა სულუხიას ფოტორეპორტაჟი
27/01/2023
დილით ჩვეულ დროს დარეკა მაღვიძარამ.
საათი 7:30-ს აჩვენებს, ვცდილობ გამოვფხიზლდე და გრძელი, დამღლელი დღისთვის მოვემზადო. ჩვევად მაქვს გაღვიძებისას ჯერ მაღვიძარას ვუთიშავ ხმას, შემდეგ კი ფანჯარაში ვიხედები, რომ გავარკვიო როგორი ამინდია. გარეთ ვიყურები და ვხედავ ირგვლივ ყველაფერი თეთრი საბნით შემოსილა.
თბილისში თოვს…თან რა ლამაზად თოვს…
როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, ჩავიცვი და სამსახურში წავედი. ცივა, თოვლის ფიფქები გზააბნეული დაფარფატებენ ცაში. მე ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ სამსახურისკენ, მაგრამ უეცრად ვჩერდები და გაყინული ხელით ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ. ვცდილობ გადავიღო თეთრად შემოსილი ნაძვები, გზა, რომელზეც ჯერ არავის გაუვლია მანქანების გარდა. და აი ისიც , გადავიღე…ულამაზესია, ენით აღუწერელ სილამაზეს ვუცქერ და მინდება უფრო მეტი გადავიღო, გადავუღო თოვლიან თბილისს, მის ყოველ კუთხეს და ყველას გავუზიარო, თუ რაოდენ ლამაზია ჩვენი დედაქალაქი თოვლში გახვეული.
ვუღებ ძველი თბილისის ქუჩებს, ვუღე ყველაბ ყველას დაფერს… იქვე ხეზე ყინულის ლოლოები ხელოვნების ნიმუშებს ჰქმნის, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად, ხელოვნურად შექმნაო. მიუხედავად სიცივისა და თოვლის მოსვლისა, ხალხი მაინც განაგრძობს ჩვეულ საქმეებს, ძველი თბილისის ქუჩებში კი ისევ გამოფენილია თბილისელთა ნახატები.
მივდივარ, ამდროს კი რაღაც იდუმალი, უხილავი ხმა ჩამჩურჩულებს კოლაუ ნადირაძის ლექსიდან „ 25თებერვალი“ სიტყვებს: „თოვდა… და თბილისს ებურა თალხი“.
დღეს 12 იანვარია, თბილისს თეთრი ქურქი ჩაუცვამს, თავს იწონებს ისე, როგორც სჩვევია…
ფოტორეპორტაჟის ავტორი: ეთა სულუხია