შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

როგორ ამოვიცნოთ ფოტომანიპულაცია?

02/12/2022

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ნინი შაორშაძემ “მედიის განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ისწავლა – როგორ ამოიცნოს ფოტომანიპულაცია. ამის საილუსტრაციოდ, მან მოამზადა ინფოგრაფიკა რომელიც ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ფოტომანიპულაციას, თითქოს ზალუჟნი ნაცისტურ სამაჯურს ატარებდა. 

კრემლის მხარდამჭერი მედიები, ზემოთაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ავრცელებდნენ ზალუჟნის სამაჯურიან ფოტოსაც და სტატიაში აღნიშნავდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის სამაჯური რამდენიმე რგოლისგან შედგებოდა რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტთან ერთად გამოსახული იყო ნაცისტური სიმბოლო – სვასტიკა. იგივე ფოტო, ქართულმა და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს.

გავრცელებული ინფორმაცია ფოტომანიპულაციაა. სინამდვილეში, სამაჯურზე არა სვასტიკა არამედ სკანდინავიური სიმბოლოა გამოსახული. ფოტო ავთენტურია, თუმცა სამაჯურის გამოსახულების დაბალმა რეზოლუციამ ინტერნეტ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარი ფოტო, სადაც მას სწორედ ზემოთაღნიშნული სამაჯური ეკეთა, მართლაც გამოაქვეყნა Twıtter-ზე. მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების  ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა (შტირლიცი) იმის საჩვენებლად, თუ როგორ სამაჯურს ატარებდა ზალუჟნი, Twitter-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამაჯურის ფოტო  ისეთი რეზოლუციით გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ეს სიმბოლო არა სვასტიკა, არამედ სკანდინავიური (კელტური კვანძის მსგავსი) ნიშანი იყო.

მსგავსი სამაჯურის ნახვა მაღაზია Pakabone-ის საიტზეა ხელმისაწვდომი, სადაც სლავური, სკანდინავიური და ტომობრივი ატრიბუტების ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ზალუჟნის სამაჯურის ის სიმბოლო, რომელიც მანიპულაციურად გაავრცელეს და სვასტიკას დაუკავშირეს.

 

ნინი შაორშაძის კვლევის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ “მითების დეტექტორის” ვებგვერდზე.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting