შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

გაცვლითი პროგრამები, როგორც დიდი ცვლილებების დასაწყისი

01/12/2022

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და სასწავლო სემესტრის დაფინანსება სკოლის ასაკიდან მარიამ თვარაძის ოცნება იყო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ უცხო ქვეყანაში განათლების მიღება სურდა. მარიამმა ბავშვობის ოცნება აისრულა, როცა Erasmus+ დაფინანსებული პროგრამით უნგრეთში, კერძოდ, სეგედის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

მარიამ თვარაძე: “თავდაპირველად ორი ალტერნატივა იყო – ამსტერდამის ან უნგრეთის უნივერსიტეტები. არჩევანი უნგრეთზე გავაკეთე, რადგან ეს უნივერსიტეტი 400 წელს ითვლიდა და პატარა სტუდენტურ ქალაქ სეგედში მდებარეობდა, რომლის ინფრასტრუქტურა, გარემო და სიტუაცია ჩემს ოცნებებთან ზუსტ თანხვედრაში მოდიოდა”. 

გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, მარიამი სრული დაფინანსებით ცხოვრობდა, რომელიც მოიცავდა საცხოვრებლის, ყოველდღიური საჭიროებებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. სეგედში სწავლების ფორმატიც განსხვავებული იყო. ლექციების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 90 წუთს შეადგენდა, საგნები დაყოფილი იყო პრაქტიკულ და თეორიულ კურსებად, შეფასების სისტემა 5 ბალიანი, რომელიც საერთოდ არ მოიცავდა შუალედურ გამოცდებს და ქვიზებს, ფინალურები კი თითქმის ყველა ზეპირი გამოცდის სახით ჰქონდა.

მარიამ თვარაძე: “გვქობდა 2 დღიანი კურსები-ტრენინგები, რომლებიც როგორც საგნები გვეთვლებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ გამოცდადად ბარდებოდა, რაც მოიცავდა თეორიულ და უხვად პრაქტიკულ სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში”.

მარიამმა სეგედში დიდი გამოცდილება უცხო ენის დახვეწის მხრივ მიიღო, რადგან იგი თბილისში ქართულ სექტორზე სწავლობდა. ეს გაცვლითი პროგრამა კი მას ენობრივი რესურსების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარა.

მარიამ თვარაძე: “ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემი ამ ნაბიჯის შემდეგ. პირველ რიგში გავხდი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. ის განცდა, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების, არჩევანის და მიმართულებების ბატონ-პატრონი, მეტად გამიძლიერდა და გამიუმჯობესდა საკომუნიკაციო უნარები. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია ძალიან მარტივად საერთო ენის გამონახვა, დავინახე მეტი შესაძლებლობები და პერსპექტივები”.

მარიამმა უნგრეთში ყოფნისას უამრავი მეგობარი შეიძინა, როგორც თანაკურსელები ასევე პროფესორები.

მარიამ თავაძე: “ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჩარჩო დაიმსხვრა ჩემს ცხოვრებაში და შემიძლია ვთქვა რომ სიხალეებისადმი კიდევ უფრო მეტად ღია და მიმღები გავხდი, გამიფართოვდა თვალსაწიერი როგორც ჩემს კონკრეტულ პროფესიაში, ასევე ზოგადად ადამიანური თვალსაზრისითაც. ენასთან დაკავშირებით ბევრი კომპლექსი მომეხსნა და ახლა ზუსტად ვიცი, როგორ ვიმუშავო საკუთარ თავზე უკეთესი შედეგების მისაღებად. გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ მაქვს განცდა, რომ ვიპოვე ჰარმონია, რადგან ზუსტად ვიცი რა მინდა,როგორ მინდა, სად და როდის”.

IBSU-ს სტუდენტებს მარიამი ურჩევს აქტიურად ჩაერთონ Iro IBSU-ს ფეისბუკის და ვებსაიტის კონტროლში, თვალი ადევნონ ერასმუსის ინსტაგრამ გვერდს და სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც უამრავი პროექტი ყოველდღიურად ქვეყნება.

მარიამის მსგავსად, IBSU-ს მეორეკურსელ ანი ქერაშვილს სკოლის ასაკიდან მიზნად ჰქონდა დასახული რომელიმე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის გაგძელება, რომლის შესაძლებლობა “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” ჩაბარების შემდეგ მიეცა.

ანი ქერაშვილი: “ვარშავაში, კოზმინსკის უნივერსიტეტში სუდენტური ცხოვრება მართლაც გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდიანრეობდა, უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კოორდინატორების მიერ სწორად დაგეგმილი აქტივობებით გავიცანი ლექტორები, კურსელები, ასევე ვისარგებლე უნივერსიტეტის საუცხოო ბიბლიოთეკით. სასწავლო პროცესი უმეტესად პრაქტიკული იყო, რაც უფრო სახალიხოხ და ეფექტურს ხდიდა მეცადინეობას. ლექტორები აქტიურად იყენებდნენ საბონუსე სისტემას, რომელიც საკმარისი ქულების დაგროვების საშუალებას იძლეოდა ფინალური გამოცდების ჩაბარების გარეშე, რაც კიდევ უფრო ნაკლებ სტრესულს ხდიდა სწავლის პროცესს”.

Erasmus+- ის პროექტის ფარგლებში ანის დაუფინანსდა ერთი სემესტრით კოზმინსკის უნივერსიტეტში სწავლა და საცხოვრებელი. ასევე, ჰქონდა სტიპენდია, რომელიც საკმარისი იყო უცხო ქვეყანაში სასიამოვნოდ დროის გასატარებლადაც.

ანი ქერაშვილი: “კოვიდ ეპიდემიის დროს ჩავედი პოლონეთში და მიუხედავად პანდემიისა, გავიცანი უამრავი ადამიანი და შევიძინე უცხოელი მეგობრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ცოდნით, აზროვნებით და წარმოუდგენლად თავისუფლები და შრომისმოყვარეები იყვნენ. მათთან ერთად ბევრი ვიმოგზაურე და  ულამაზესი ადგილები მოვინახულე. მართლაც, არაფერია იმაზე საინტერესო, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ეცნობი და ერთმანეთს უზიარებთ ინფორმაციას საკუთარი კულტურის თუ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხების შესახებ”.

ახლა ანი IBSU-ში მეოთხეკურსელია და თამამად ამბობს, რომ ვარშავადან დაბრუნების შემდეგ საქართველოში “გაზრდილი ანი” დაბრუნდა.

ანი ქერაშვილი: “ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. კოზმინსკის უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ სხვა, ახალი და გრძელვადიანი მიზნები დამისახა, დამეხმარა კარიერულ წინსვლაში, ბევრ საერთაშორისო კომპანიაში გამიღო კარი და გამაცნო ბევრი ახალი, საინტერესო ადამიანი. თუმცა მეტად საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მე, როგორც პიროვნება, საკმაოდ შემცვალა ამ ნაბიჯმა. მეტად ჩამოყალიბებული, გამბედავი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და მიმღები გავხვდი. ამ შინაგანმა ცვლილებებმა კი მომცა რწმენა იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არ მისცეთ ცხოვრებას იმის უფლება უბრალოდ ჩაიაროს, JUST DO IT!”

 

მასალის ავტორი: თიკა სიბოშვილი

IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი

 


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting