შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
IBSU-ში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდულ რეჟიმში სრულდება
15/07/2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდულ რეჟიმში სრულდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ლექციები და გამოცდები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორიაში. სექტემბრიდან კი უნივერსიტეტი მზად არის სწავლა სრულად აუდიტორიებში განაახლოს. ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს, სტუდენტები და ლექტორები აფიქსირებენ.
ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტის, გიორგი ახალკაცის აზრით, უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, რადგან საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების აზრი იყოფა. „რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტთა ნახევარზე მეტი რაიონიდან ერთვებოდა ლექციებს. უნივერსიტეტის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება სტუდენტების უნეტესობას დისკომფორტს შეუქმნიდა, რადგან თბილისში ბინის ქირაობა მარტივი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, მე პირადად არასამართლიანად მინაჩნია სწავლის აუდიტორიაში გაგრძელება მეორე სემესტრის თითქმის ნახევრიდან, რადგან ვფიქრობ, რომ როგორც დავიწყეთ სწავლა ისე უნდა დამთავრდეს,“– ამბობს გიორგი.
გიორგის მსგავსად, მომავალ სასწავლო წლამდე ჰიბრიდულ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას სხვა სტუდენტებიც ემხრობიან. ეკონომიკის პროგრამის სტუდენტი, მარიამ გოლობიანი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს. „არიან ისეთი სტუდენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ კამპუსში სიარული დაიწყონ შუა სემესტრიდან. პირადად მე აუდიტორიაში სწავლას ვამჯობინებ, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას ვუჭერ მხარს.“
ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, აღნიშნავს აუდიტორებში გამოსვლასთან დაკავშრებულ პრობლემებს, როგორიცაა ოჯახების
ფინანსური მზაობა და რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოსვლა. „მე პირადად მოხარული ვიქნები თუ მომავალი სასწავლო წლიდან მთლიანად აღდგება სააუდიტორიო სწავლება, რადგან ეს უკეთესად აისახება ჩვენს სტუდენტურ ცხოვრებასა და აკადემიურ მოსწრებაზეც. თუმცა, ამჟამად ჰიბრიდული რეჟიმი და სტუდენტებისთვის თავისუფალი არჩევანის დატოვება, სწავლის უპრობლემოდ წარმართვის მიზნით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ყველას არ აქვს მოუმზადებლად დედაქალაქში გადმოსვლის საშუალება.“
არიან ისეთებიც, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ჟურნალისტიკის მიმართულების მეორეკურსელი დავით მათიაშვილი ფიქრობს, რომ სწავლა აუდიტორიებში უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ასე უფრო სრულფასოვან ცოდნას მიიღებდა. „პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის თავდაყირა დაყენება და ონლაინ ფორმატში არასრულფასოვანი განათლების მიღება ჩვენი განათლების დეგრადირების საწინდარი გახდა, ამიტომ სწავლის ოფლაინ ფორმატში გადატანას და აუდიტორიებში დასწრებას მივესალმები, რადგან თუ გვინდა ჩვენს პროფისიას სიღრმისეულად დავეუფლოთ და მივიღოთ საკმარისი ცოდნა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული, კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ და აუდიტორიებს დავუბრუნდეთ“-ამბობს დავითი.
ჰიბრიდული რეჟიმის სწავლის პერიოდი რამდენიმე სტუდენტმა საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობად გამოიყენა, პარალელურად ლექციებსაც ესწრებიან.
ანანო ბლიაძე ჟურნალისტიკის მიმართულების მეორეკურსელია, ამავდროულად იგი პოლონეთში ცხოვრობს, სადაც გაცვლითი მოხალისეობრივი პროგრამის მონაწილეა. მისი აზრით, ჰიბრიდული სწავლება მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია, პანდემიამ დაგვანახა, რომ სამყარო ახალ ონლაინ რეჟიმზე გადაწყობის წინაშე დგას, სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, უნივერსიტეტმა, სულ მცირე არჩევანის საშუალება დაუტოვოს სტუდენტს თუ რა ფორმატში სურს სწავლება.
„საბედნიეროდ მოვახერხე და პოლონეთში ცხოვრებასთან და მოხალისედ მუშაობასთან ერთად შევძელი სალექციო მეცადინეობებსაც დავსწრებოდი, მიმეღო საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება და არ გამეცდინა აკადემიური წელი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ონლაინ სწავლება საუკეთესო შესაძლებლობა იყო მეცხოვრა უცხოეთში და მიმეღო უმაღლესი განათლება საქართველოში, ეს სავსებით შესაძლებელი და მოსახერხებელია.“
ლექტორების აზრით, უნივერსიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „როგორც ითქვა, გამოცდებიც ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება, სტუდენტის სურვილის გათვალისწინებით, რაც, ვფიქრობ, სტუდენტისთვის ძალზე ხელსაყრელია. მთავარია მათი ინტერესები, მათ როგორც აწყობთ, ისე უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი. დამეთანხმებით ალბათ, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების ნება აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა და ასეც მოიქცა,“ – ამბობს ქეთევან გოდერძიშვილი.
„ეს გადაწვეტილება სწორედ სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარეობდა, რადგან ძალიან ბევრი მოუმზადებელი იყო სწავლების ცოცხალ რეჟიმში ჩართვისთვის. ეს ნაწილობრივ ფინანსურ მოუმზადებლობას გულისხმობს, ნაწილობრივ კი ფსიქოლოგიურს,“ – აღნიშნავს ოლიკო ცისკარიშვილი.
უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თეა კბილცეცხლაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა, მმართველმა საბჭომ ყველა შესაძლო დაბრკოლება და პრობლემა გაითვალისწინა და სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში დატოვება გადაწყვიტა. მისივე თქმით, უნივერსიტეტში არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ სექტემბრიდან სწავლა სრულად განახლდეს აუდიტორიებში და სტუდენტები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო რეჟიმს.
„აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან და ასევე სტუდენტებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, მოხდა სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (გაზრდილი ბინის ქირის საფასური, მკვეთრად მომატებული ფასები პროდუქტზე, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები, ა.შ.) მმართველმა საბჭომ გაითვალისწინა არსებული პრობლემები, სტუდენტების თხოვნა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც სტუდენტებს მიეცათ არჩევანის საშუალება – სწავლა და ასევე, დასკვნითი გამოცდები განაგრძონ დისტანციურად ან აუდიტორიებში მათივე სურვილის შესაბამისად,“ – ამბობს ვიცე-რექტორი.
ავტორი: მარიამ ეგაძე
ვიდეოზე იმუშავეს: ნინი შაორშაძე, გვანცა გოგიაშვილი
ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები