შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

მედიადაიჯესტი – უკრაინა

09/06/2022

უკრაინაში ომის 106-ე დღეა. ამ სტატიაში გაგაცნობთ 3 ქართულ ონლაინ-მედიასაშუალებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაშუქებულ ახალ ამბებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთი

  • UK-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ M270 სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კილომეტრამდე სამიზნეებზე დარტყმა, რაც „მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ძალებს“. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
  • „როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე, უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რასაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების მიწასთან გასასწორებლად“, — განაცხადა ბენ უოლესმა.
  • გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელმა მერკელმა დუმილი დაარღვია და უკრაინაში რუსეთის ომს “ბარბაროსული“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მერკელმა პირველ ივნისს ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. Reuters-ის წყარო, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, ამბობს, რომ მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებისკენ გადასადგამ მომდევნო ნაბიჯებს. როგორც Tagesschau წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბერბოკს ღიად არ განუცხადებია კიევისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერა, ამ მხრივ მკაფიო სიგნალი გაგზავნა. “საკმარისი არაა ვთქვათ, თქვენი ადგილი ევროპაშია, თქვენი ადგილი ევროკავშირშია”, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა უკრაინასთან დაკავშირებით.
  • რუსეთის პრეზიდენტი იმუქრება, რომ რუსეთი ახალ სამიზნეებს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.
  • საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეზღუდული და ლოკალიზებული, მაგრამ წარმატებული კონტრშეტევების განხორციელებას რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ მთელ უკრაინაში, მათ შორის, დაიბრუნეს დიდი ტერიტორია სევეროდონეცკში — ლუგანსკის ოლქის ქალაქში, რომლის აღებაზეც კონცენტრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი. ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ გამოიყენონ სევეროდონეცკზე რუსეთის ფოკუსირება, რათა განახორციელონ კონტრშეტევები სხვა მიმართულებებზე, ხარკოვის ჩათვლით.
  • უკრაინა “ჯალათების წიგნის” გამოცემას გეგმავს, რომელშიც თავმოყრილი იქნება მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და დამნაშავეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გუშინ, 7 ივნისს განაცხადა.

რადიო თავისუფლება

  • აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება. პრეზიდენტს კონკრეტული სარაკეტო სისტემა არ დაუსახელებია, თუმცა, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს.
  • აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების ნებისმიერი მიწოდება, მიუხედავად ვაშინგტონის არგუმენტებისა, ზრდის რუსეთის და აშშ-ის პირდაპირი შეტაკების რისკებს – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.
  • 3 ივნისს მეასე დღე გახდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროის მონაცემებით, რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ. ამის შესახებ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
  • ამჟამად რუსეთის არმიის ინტენსიური იერიშების სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მის დიდ ნაწილს უკვე რუსეთი აკონტროლებს, უკრაინა წინააღმდეგობას განაგრძობს.
  • პუტინის თქმით, ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულით უკრაინული გემების გავლის გარანტიას იძლევა, თუ კიევი ნაღმებისგან გაასუფთავებს ფარვატერს. პუტინი პირობას დებს, რომ ამ ვითარებას მოსკოვი სამხედრო შეტევისთვის არ გამოიყენებს. პოლიტიკოსი უარყოფს, რომ სურსათის ბაზარზე სიტუაცია რუსეთის გამო გაუარესდა და აცხადებს, რომ ნეგატიური დინამიკა საერთაშორისო ბაზარზე ომამდე დაიწყო.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ინტენსიურ შეტევას დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით.
  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს შეახსენებს ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანმხლებ მოვლენას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას რუსეთის მიერ. ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა გემსაწინააღმდეგო შეიარაღებას ვერ მიიღებს, შემოდგომისთვის 75 მილიონი ტონა მარცვლეული ვეღარ გავა ექსპორტზე უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.

ფორმულა

  • ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა, რათა დაეხმაროს უკრაინას “გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს”.
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ცნობით, უკრაინაში ომი ინფლაციას გაზრდის და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას მინიმუმ შედეგი წლის ბოლომდე შეანელებს.
  • უკრაინაში ომის 105-ე დღეა. საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ბომბავენ ქვეყნის აღმოსავლეთ ოლქებს. ტყვედაყვანილ უკრაინელ მებრძოლებს კი სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლებით ემუქრებიან. 100 ჯარისკაცი მარიუპოლიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. უკრაინა კი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.
  • 438 მომხრე, 65 წინააღმდეგი – ევროპარლამენტი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. “ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი”, – ამბობს ზელენსკი.
  • ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ახლა რუსები აკონტროლებენ.
  • ეროვნული გვარდიის მეთაურის, პეტრო კუზიკის თქმით, უკრაინულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის კონტროლისთვის იბრძვიან, კატასტროფულად აკლიათ საარტილერიო იარაღი.
  • სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტრიუკის თქმით, უკრაინული ძალები ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ.
  • ოკუპირებული ხერსონის ე.წ ლიდერმა, ვლადიმერ სალდომ Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთში ინტეგრაცია მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ ეგაძე, ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting