შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

„იპოვე ის რისი კეთებაც გსურს, მაშინაც კი თუ ძებნა დიდ დროს წაიღებს“- იეკუბ ჩეპუი, პროგრამისტი პოლონეთიდან

30/05/2022

არაფორმალური განათლების გზით მიღწეულ წარმატებებსა და შესაძლო დაბრკოლებებზე 20 წლის იეკუბ ჩეპუი გვესაუბრება. იგი პოლონეთში, ქალაქ ზაბჟეში ცხოვრობს. იეკუბი დისტანციურად პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ განვითარებად კომპანიაში ფრონტენდ დეველოპერის (კომპიუტერული კოდირების სპეციალისტი) პოზიციაზე მუშაობს, თუმცა, კლასიკური განათლება არასოდეს მიუღია. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ინფორმაცია განსხვავებული, არაკლასიკური წყაროებიდან მიეღო და სწავლა ასე უფრო უმარტივდებოდა.

„პროგრამირების შესწავლის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ეს იყო რაც, მართლაც, კარგად გამომდიოდა და რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მსურდა,“ – გვიყვება ახალგაზრდა დეველოპერი და გვიმხელს, რომ პროგრამირების შესწავლისთვის დრო სწორედ სასკოლო პროგრამის მარტივად დაძლევისა და უამრავი დროის გამოთავისუფლების ხარჯზე შეძლო.

როგორც პოლონელი პროგრამისტი გვიამბობს, მისი მიზანი სულაც არ ყოფილა ბევრი ფულის გამომუშავება და ყველაფერი გასართობად დაიწყო. თუმცა, ეს ახალი საქმიანობა ფინანსურადაც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა და ახლა ის წლიურად საკუთარ მშობლებზე ორჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონური განათლების სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ სასკოლო ასაკში ახალგაზრდები დაეუფლონ პროგრამირების საბაზისო საფუძლვლებს, ამგვარი გამოცდილება ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პროგრამისტისთვის საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდა და ლამის სულ დააკარგვინა სფეროსადმი ინტერესი: „სკოლაშიც მქონდა შესაძლებლობა გამევლო პროგრამირება, როგორც არჩევითი საგანი, მაგრამ ეს სასარგებლო გამოცდილება სულაც არ იყო. პირიქით, მაშინ გაკვეთილებს ვერაფერი გავუგე და რაღაც პერიოდში ინტერესიც კი დავკარგე, დამეზარა.“

რესპონდენტის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ოჯახის წევრების დიდი ნაწილი მის არაკლასიკური განათლების გეგმას, სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა, ამას საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვაში ხელი არ შეუშლია. არც მისი „უდიპლომობა“ აღმოჩენილა არასდროს პრობლემა დამქირავებლებისთვის. იეკუბი იმასაც აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, მიუხედავად კომპანიების ახალ სტანდარტზე გადასვლის მცდელობისა, ბაზარზე კვლავ რჩებიან ინსტიტუციები, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია ტრადიციული, კლასიკური განათლება. მათთვის დიპლომიც და გამოცდილებაც ერთნაირად მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდა პროგრამისტი კი ფიქრობს, რომ არაფორმალურ განათლებას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდერე ფორმალურს. „უნივერსიტეტები და სხვა ფორმალური სასწავლებლები ცდილობენ შექმნან ადამიანები რომლებიც იფიქრებენ ერთი და იმავე მეთოდით, ერთსა და იმავე გზას გაივლიან გადაწყვეტილების მისაღებად. ისინი ასწავლიან როგორ უნდა გადაჭრას პრობლემა ყველამ ერთნაირად, ამით კი კრეატიული აზრის გამოთქმის საშუალება იკლებს, სიახლის შექმნის ალბათობა მცირდება. ყველა ჩარჩოებში ფიქრობს და ვიცი ეს სულაც არაა განზრახ გამიზნული, ურალოდ როცა გყავს მენტორი და გაძლევს მითითებებს, შენ აღარ ცდილობ გამოიგონო ბორბალი თავიდან, რადგან ამას მზად მორთმეულს იღებ, თუმცა ასეთ დროს ბორბლის ახალი ვარიაციების შექმნის ალბათობას კლავ. სწორედ, დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ გახდე ყველაზე მიმზიდველი ბაზარზე, შენ გჭირდება უფრო მეტი დროის ინვესტირება საკუთარ თავში იმისთვის, რომ მიაღწიო მეტს.“

ახალგაზრდებს  კი რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებას, და შესაძლოა გრძნობენ ზეწოლას სოციუმის, ოჯახისა თუ გამოცდების სტრესის გამო, იეკუბი ურჩევს მიჰყვნენ საკუთარ ინსტინქტს

„იპოვე ის რისი კეთებაც გსურს, მაშინაც კი თუ ძებნა დიდ დროს წაიღებს.“

 

ავტორი: ანანო ბლიაძე

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი

მასალა მომზადდა სასწავლო კურსის ფარგლებში “საუნივერსიტეტო მედიაპლათფორმის პრაქტიკუმი I”

ლექტორი – მარიამ ძაგოევი


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting