შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

გოგონა ფერადი სახლების ქვეყნიდან

24/05/2022

ნუცა ფურცელაძე

გადაშლილ წიგნზე გაშლილი ფერადი სახლების ქალაქი, რომელსაც პატარა, თავგადასავლების მაძიებელი, მწვანეკაბიანი გოგონა, უზარმაზარი გასაღებით ხელში, აღტაცებით შესცქერის. 15 წლის გოგონას სწორედ ეს ნახატი გახდა ამ სტატიის ინსპირაცია.  „წიგნი და ჯადოსნური სამყარო“ ასე ჰქვია ნახატს, რომელმაც ნუცა ფურცელაძეს ფერად, ჯადოსნურ სამყაროში მომახვედრა და თქვენთვის გაცნობის სურვილი გამიჩინა.

ნუცა თავისი ნახატებიდან შემოსული თანხის უმეტეს ნაწილს ბერი ანდრიას ფონდში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად რიცხავს. დარჩენილ თანხას კი საღებავებისა და ტილოების შესაძენად იყენებს.

ოჯახი, რომელშიც ნუცა გაიზარდა ხელოვნებასთან ყოველთვის ახლოს იყო, ბებია – ელისო მარგველაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, ყოფილი მსახიობი, ყოველთვის აქტიურად იყო გორის კულტურულ ცხოვრებაში ჩართული, ნუცას დედა – სოფო ნარიაშვილი წლების განმავლობაში მრავალი კულტურული ღონისძიების, თეატრალური დადგმის ავტორი და ორგანიზატორი  გახლდათ. „ხელოვნება, თეატრი ყოველთვის ახლოს იყო ჩვენს ოჯახთან“ – ამბობს სოფო, როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ისიც, რომ ნუცას სამომავლო პროფესიად მსახიობობა აქვს შერჩეული. მისი დებიუტი სცენაზე 10 წლის ასაკში შედგა, როცა სოფოს ერთ-ერთ დადგმაში მთავარი როლის შემსრულებელმა გოგონამ, ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, თამაშზე უარი თქვა, ნუცა კი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ყველა რეპეტიციას ესწრებოდა და მიუხედავად იმისა, რომ თავად სოფოს არ უნდოდა მისსავე დადგმაში საკუთარი შვილისთვის მიეცა მთავარი როლი, მოცემულობამ სხვა გზა არ დაუტოვა, ასე ახდა ნუცას ოცნება. სცენაზე გასვლის მომენტს თვალებანთებული იხსენებს ნუცა – „სცენაზე გასვლისთანავე დამავიწყდა, რომ მე ნუცა ვარ, მაშინვე როლში შევედი და რეალურ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი, როცა წარმოდგენა დასრულდა და ტაშს მიკრავდნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ კარგი გოგო ვარ, ფოტოს გადაღება უნდოდათ, ძალიან კარგი გრძნობა იყო.“  წარმატებული დებიუტის შემდეგ იყო სხვადასხვა როლი, მათ შორის, ტყის ფერია „ზაფხულის ღამის სიზმარში“, შვიდფერა ყვავილი, და დიდი სიყვარული მაყურებლისგან. ნუცა ფიქრობს, რომ მსახიობობა, მისი ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი რამის სწავლასა და აღმოჩენაში დაეხმარება, მისი საოცნებო როლი კი დღეისათვის, ანა ფრანკია.

„მე და ნუცა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ნუციკოსთვის რეალობა არასდროს გამიმარტივებია, მინდოდა ყოველთვის რეალურად შეეხედა სამყაროსთვის. ალბათ აქედან გამომდინარეა, რომ ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძებნა რთულ სიტუაციებში. ერთ-ერთ სპექტაკლზე, ბავშვს ტექსტი დაავიწყდა, ნუცა ამას მიხვდა, მე სცენაზე ვერ გავიდოდი, ბუნებრივია. წესით, იმ მომენტში ნუცას გამოსვლა არ იყო, მაგრამ როცა მიხვდა, რაც ხდებოდა, ერთი კულისიდან მეორეში, სცენის გავლით, ჩემამდე ცეკვა-ცეკვით მოვიდა, მითხრა ტექსტი მიკარნახე, დაავიწყდა, ჩავჩურჩულებ, შევახსენებო, ისევ ცეკვით გაბრუნდა და უხერხულობას გადაგვარჩინა.“ – იხსენებს სოფო.

 

ნუცას განსაკუთრებით სახლების ხატვა უყვარს, „ჩვენი კეთილი ქოხი“ თავად ელისო ბებოც ასე უწოდებს მათ სახლს. როგორც სოფო ამბობს, როცა ნუცა სახლს ხატავს ორ მნიშვნელოვან დეტალს ითვალისწინებს, საკვამურიდან აუცილებლად უნდა ამოდიოდეს კვამლი და ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდეს.

„ფერადი სახლების ქვეყანა“ ასე ერქმევა ნუცას გამოფენას, როცა ამის დრო მოვა…“

ნუცას ფერადი სახლების ქვეყანაში ყველა ბედნიერია, ყველას აქვს თბილი კერა და ყველას სახლის ფანჯრიდან გამოდის სინათლე, ამიტომაა რომ მას თავის ნიჭისა და შრომის შედეგად მიღებული სარგებელი უანგაროდ ემეტება ყველასთვის, განსაკუთრებით,  მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. არ ავიწყდება და მადლიერია ადამიანების, რომლებიც მის კეთილ წამოწყებაში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის, მისი პირველი სტიმული – აფხაზეთიდან დევნილი, ნონა ვიკანი და მისთვის შესრულებული ნახატი – აფხაზური მიმოზები და დედის მეგობარი – თამთა გოგიძე, რომელიც ხის პალიტრებით ამარაგებს.

მისი ოცნება ეიფელის კოშკის დახატვაა პარიზის რომელიმე შენობის ფანჯრიდან, საკურებზე შეყვარებულს, იაპონიის მონახულება ძალიან უნდა, განსაკუთრებით ყვავილობის დროს. ხატვის გარდა სხვადასხვა ნივთის მოხატვა, ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

„ნუცას რაღაც სხვანაირი ქარიზმა აქვს“ – ამბობს ელისო ბებო. ამ ქარიზმის დამსახურებაა, რომ ის ერთდროულად ახერხებს იყოს წარჩინებული მოსწავლე, მოხატოს სკოლის კედლები, დახატოს შესანიშნავი ნახატები, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროექტში, აქტიურად იყოს ჩართული ქალაქის ახალგაზრდულ ცხოვრებაში, ამ ყველაფრისთვის დრო სწორად გაანაწილოს, ენერგია არ დაიშუროს და წარმატებასაც მიაღწიოს, ასეთია ნუცა. როგორც ელისო ბებო ამბობს  „თუ შენს ნიჭს შრომასა და გარჯას არ მოაკლებ, წარმატება აუცილებლად მოვა.“

 

ავტორი: გვანცა გოგიაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.


რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting