შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
,,წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და ყველა ხავსი, ზანდურის სახლისკენ მიმავალ გზაზე მყარი შემხვდა“ – მანონი ახვლედიანი
11/05/2022
,,წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და ყველა ხავსი, ზანდურის სახლისკენ მიმავალ გზაზე მყარი შემხვდა“
მანონი ახვლედიანი
ზანდურის სახლის დამფუძნებელი
მოგვიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ?
მე ვარ მანონი ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშიდან. ვარ პედაგოგი. სხვადასხვა საქმიანობას ვეწევი, მაგრამ ყველაზე პირველი საამაყო საქმე ბავშვებთან და სკოლასთან ურთიერთობაა. ვარ ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ღვირიშისა და ნაკურალეშის თემიდან. კიდევ ვარ ,,ზანდურის სახლი“-ს დიასახლისი, დამფუძნებელი და შემქნელი. ,,ზანდურის სახლი“ ჩემი მესამე შვილია.
რა არის ზანუდრი და რატომ ,,ზანდურის სახლი“?
ზანდურის სახლი ტურისტული სივრცეა, რომელიც მოიაზრებს ეთნოგრაფიულ საოჯახო მუზეუმს ხორბლისას და ღვინისას. აქ არის საოჯახო მეურნეობა, სადაც სტუმრებს ვაცნობთ ლეჩხუმურ ტრადიციებს, ლეჩხუმურ ყოფა-ცხოვრების წესს. ,,ზანდურის სახლში“ ვეწევი უძველესი ხორბლის ენდემური სახეობების აღდგენა-პოპულარიზაციას. მსოფლიოს 20 სახობის ხორბილიდან 5 ქართულია და ხუთივეს საცდელი-სადემონსტრაციო ნაკვეთები მაქვს. როდესაც სტუმრები მოდიან, ხორბლის შესახებ ინფორმაციას ვუზიარებ. ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ 5 ქართული სახეობიდან 4 ლეჩხუმის ენდემური სახეობაა. რას ნიშანავს ეს, იცით? როდესაც დაიყწეს მისი შესწავლა და კლასიფიკაცია, მხოლოდ ლეჩხუმში აღმოაჩინეს, თორემ, ცხადია, რომ ეს სახეობა ასე ვიწრო არეალში ვერ ჩამოყალიბდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ზანდური ხორბლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა და მის აღდგენა-პოპულარიზაციას ვეწევი, ჩემმა მეგობარმა და გულშემატკივარმა მითხრა, მეურნეობას ზანდურის სახლი დაარქვი, ყველაზე ლამაზი ეს იქნებაო.
,,ღვირიშს რომ მოხვიდოდი და იტყოდი ფარის ცოლიკოური, უნდა დაგალევინოო-ეს ნიშნავდა, რომ ღვინო იქნებოდა საუკეთესო“
როგორია „ზანდურის სახლში“ ცოხვრების ერთი დღე, სტუმართან ერთად და სტუმრის გარეშე?
როცა სტუმრები არ გვყავს, ეს არის შრომით, ფიზიკური აქტივობებით დატვირთული დღე. ამ დღეს ვუვლი ბაღს, ვენახს, ბოსტანს. ვალაგებთ, სამზარეულოსა და მარნის მოწესრიგებას ვუთმობთ დროს. ვცდილობთ, გავიხსენოთ ლეჩხუმური სამზარეულოს ნიუანსები, რაც ძველია და ტრადიცულია და ახლებურად მივაწოდოთ სტუმარს. მარნის მოწყობა კიდევ ცალკე საკითხია. შარშან და შარშაწინ რამდენიმე სახეობის ცოლიკოური დავაყენე ფარის, ლატაფის და ჩემი ეზოს ყურძნით. მოვიწონებ თავს და მინდა გითხრათ, რომ დავწურე ორბელური ოჯალეშიც. მაქვს ალუბლის ღვინო, რომელმაც განაასკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში ერთი ადამიანი წერდა, რომ მისი სტუმარი ალუბლის ღვინომ დააბრუნა საქართველოში და ეძებს მას. მეც ვუპასუხე და ვუთხარი, რომ თუ მოვიდოდა, ვაჩუქბდი. მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა, გავუგზავნე, სანაცვლოდ კი პასუხი მოვიდა, რომ 6 ბოთლი ღვინის შესყიდვას გეგმავს.
როცა სტუმრები მოდიან, უკვე სხვა კუთხით ვარ დატვირთული. ამ დღეს მთელი ემოციით და განცდით ვცდილობ, რომ სტუმარს ,,ზანდურის სახლი“ მოვაწონო. უკვე გიდობაც შევისწავლე. ჩემი საუბრის ფონზე ვატარებ სტუმრებს ეზოში, მარანში, ბეღელში და ვუყვები ისტორიას, როგორ შევქმენი ,,ზანდურის სახლი“, ისტორიას, რომელიც ცხადად გადამხდა თავს და ეს მათ ძალიან მოსწონთ. ერთმა სტუმარმა მითხრა, მე შენ გამო დავბრუნდი აქო. პირველად ცოტა მეწყინა, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, მთლად არც საწყენი იყო. მინდოდა, ,,ზანდურის სახლის“ სანახავად დაბრუნებულიყო, თუმცა, მითხრა, რომ შენ ხარ ზანდურის სახლიო და მომეშვა.
ხშირად უსვამთ ხაზს ლეჩხუმისთვის დამახასიათებელ ენდემურ ნიშან-თვისებებს, გაქვთ თუ არა რაიმე ხელშესახები ნივთი უძველესი დროიდან ,,ზანდურის სახლში“?
დავიწყოთ იმით, რომ ,,ზანდურის სახლი“ – ხორბლის მუზეუმი, ბეღელი და ღვინის ეთნოგრაფიაა. რადგან ზანდურის სახლია და ძირითადი მიმართულება ხორბალია, შემიძლია გესაუბროთ ზანდურის მოყვანა-წარმოებაზე. ზანდურის ყანას ამუშავებდენენ კავით. ის არ იყო დიდ ტერიტორიაზე დათესილი, რადგან რთული მოსაყვანია, კილიდან რთული გამოსაღებია. თუმცა, ზანდურის პური ითვლებოდა სამეფო პურად. ერთმა მეზობელმა მითხრა, ლეჩხუმში რაც ზანდურის პური მოჰყავდათ, მოსკოვში, კრემლში სტალინთან მიდიოდაო. მე ვფიქრობ, რომ ეს მითი არ არის და სინამდვილეა. ზანდურის პურს ისეთივე შემცველობა აქვს, როგორც ფუტკრის რძეს.
ამ კუთხით, ჩემი ბეღელი ძალიან საინტერესოა. მაქვს ,,საცეხველი“, რომლითაც პურს ცეხავდნენ. ეს არის უძველესი ქვა, რომელიც თასისებრი ფორმისაა და განსაკუთრებულად დამუშავებულია. აქვე მაქვს ,,შნაკვი“, ზანდურის ასაღები არქაული ხელსაწყო, რომელიც ჩვენ და ბასკებს გვქონდა, თურმე, ესპანეთში მცხოვრებ ხალხს. ხორბლის ასაღები მარტივი და გენიალური ხელსაწყოა. ორი ჯოხისგან შედგება, რომლებიც ძაფით არის გადაბმული და დღესაც კი ამ შნაკვით ვიღებ ზანდურს. მაქვს ხორბლის გასაცხრილი საშუალებები, ,,ძღავი“ და ,,კაკაბა“. ამ ნივთების სახელწოდება დღეს ქართულ ენაში დაკარგულია, თუმცა, მე უკვე 5 ცალი მაქვს, მართალია დაზიანებული, მაგრამ სანიმუშოა. მაქვს განსაკუთრებული ნივთი ,,წისქვილის უძველესი წინაპარი“, ფორმით ლავაშს ჰგავს. როდესაც პირველი ინგლისელი სტუმარი მყავდა, რომ ნახა ჩვენი ლეჩხუმური ფორმის ქვა, თქვა, რომ ეს იყო წისქვილის ქვის უძველესი წინაპარი, რომლის ანალოგი მექსიკისა და თბილისის მუზეუმში ჰქონდა ნანახი. ბეღელში ასევე ვინახავ ქოთნებს, ხის გობებს, ბათმანს, ყურიანას. განსაკუთრებით მიყვარს ,,წიფღა“ რომელიც მხოლოდ ჩვენთვის, ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი საწყაო ჭურჭელია.
სოციალურ ქსელში თქვენთან დაკავშირებით გაჩნდა ასეთი ფრაზა: ,,საუბრიდანვე ჩანს, რომ ეს ლეჩხუმელი ქალი გმირია.“ თავად როგორ შეაფასებთ ლეჩხუმში თქვენს საქმიანობას, არის თუ არა ,,ზანდურის სახლი“, სკოლაში მუშაობა, სათემო საქმეებში ჩართულობა და ტურიზმის პოპულარიზაცია გმირობის ტოლფასი?
…რა ვიცი, გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრჯერ მოვისმინე ჩემი მისამართით ეს სიტყვები და… ასე ვფიქრობ ხანდახან, ძალიან გაზვიადებული ხომ არ არის, ან ზდმეტი ქება ხომ არ გამოდის-მეთქი. მაგრამ თუ გადავხედათ, რა ტიტანური შრომა გავწიე, ალბათ, შეიძლება ამას გმირობა ეწოდოს. 3 წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, ამდენი რამ გექნებაო (რაც დღეს მაქვს), ვერაფრით ვერ დავიჯერებდი. თუ ფული გაქვს და უკეთესი საყრდენი გყავს, საოცრებებსაც გააკეთებ. მაგრამ იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც მე მაქვს, მათ შორის, ვგულისხმობ ჩემს განათლებას ტურიზმის სექტორში, რაზეც არანაირი წარმოდგენა არ მქონდა; ასევე, არ მქონდა წარმოდგენა მშენებლობაზე, ეზოს დიზაინზე, არ ვიცოდი, ხორბალი როგორი იყო. პირველად ხრობალი ვნახე, ჩემს ეზოში რომ ამოვიდა. თუნდაც, ვაშლის ბაღი რომ გავაშენე, – ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა. მე, როგორც არაპროფესიონალი, ყველა ნაბიჯზე ვაწყდებოდი დაბრკოლებებს, რომლებიც უნდა გადამელახა. თორემ, რა ხარჯსაც გავწევდი, იქ თუ წარუმატებლობას მივიღებდი, ჩემთვის, დაქცევის ან გაკოტრების ტოლფასი იყო.
ჩემი ყველაზე დიდი გმირობა, იცით, რა იყო? მეფუტკრეობა რომ დავიწყე. ისე მეშინოდა ფუტკრის, რომ მამა თუ მეტყოდა, მომეხმარეო, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვერ ვეხმარებოდი. გათხოვების შემედგ, მამამ მაჩუქა ფუტკარი, რომელსაც ჩემი მეუღლე უვლიდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მეუღლე გარდაიცვლა, 4 ოჯახი ფუტკარი დამრჩა. მეხმარებდნენ მეგობრები და ბოლოს გადავწყვიტე, რომ დიდი მეფუტკრე გავმხდარიყავი. დავძლიე ყველა შიში. ფუტკრის შიში ვისაც არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, ეს რა არის. ინტერნეტის დახმარებით მოვიპოვე ცოდნა და ერთ წელში ,,დედების გამოყვანა“ დავიწყე, შედეგად, 65 ოჯახი მივიღე. დამოუკიდებლად ტონა-ნახევარი თაფლი მოვიწიე.
,,პიროვნულად მომეხსნა გარკვეული კომპლექსი, რამაც სულიერი თავისუფლება მომანიჭა“
როგორი იყავით „ზანდურის სახლის“ დიასახლისობამდე და როგორი ხართ ახლა? რა ცვლილებას ხედავთ საკუთარ თავში, როგორც ქალში, დედაში, დიასახლისში?
დიდი პიროვნული ცვლილებები მოხდა ჩემში. ადამიანი არის ხასიათი და ემოცია. მანამდე ვიყავი ძალიან მორიდებული და თავმდაბალი. თავმდაბალი ახლაც ვარ, ვფიქრობ, თავმდაბლობა ჩემი ყველაზე ლამაზი თვისებაა. აქამდე კომპლექსებით ვიყავი დახუნძლული, მორიდებული, მოხათრებული. საუბრისაც კი მეხათრებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩუმად ყოფნას ვამჯობინებდი. მიზანსწრაფული სულ ვიყავი და ვარ, რომ არ ვყოფილიყავი ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. როდესაც სტუმრების მიღება დავიწყე, მივხვდი, რომ უნდა გადამელახა ეს სიმორცხვე. როდესაც გადავწყიტე, რომ გიდობა გამეწია სტუმრებისთვის, ჩემთვის ძალიან ძნელი და ემოციურად მძიმე იყო. პირველ ეტაპზე, სტუმრების გამასპინძლების შემდეგ, მკვდარ-ცოცხალი ვიყავი ემოციური დაძაბულობისგან. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ჩემი თავი არ მომწონდა ფიზიკურად. რაღაც დროის შემდეგ, მომეხსნა გარკვეული კომპლექსი, რამაც სულიერი თავისუფლება მომანიჭა. ახლა მარტივად შემიძლია გადაყვწტილბების მიღება. ,,ურემი რომ გადაბრუნდება გზა გამოჩნდებაო“ – ახლა გზა ჩანს და უფრო იოლად შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება, ადრე მეგონა, რომ ჩემი ამბიციები, სხვებთან შედარებით, ჭიანჭველის ღოღვასავით იყო.
რა არის 3 მთავარი მიღწევა და 3 მთავარი მარცხი, რაც ბოლო პერიოდში განგიცდიათ?
ზანდურის სახლი რომ მაქვს, პირველი წარმატება ეს არის, მეორე წარმატება არის ის, რომ მაქვს ალუბლის ღვინო. როგორც პიროვნებამ რომ განვიცადე ტრანსსფორმაცია და ევოლუცია – და მყარად ვდგავარ მიწაზე – ესეც კიდევ ერთი დიდი მიღწევაა.
ალუბლის ღვინო დედაჩემის მოკითხული ალუბლით გავაკეთე, ჩემით ,,მოვიწამე“ მოვისაზრე პროპერციები და დავაყენე ღვინო. სახელად კი,,მიზე“ დავარქვი – მიწის სურნელი და ზეცის ჰაეროვნება.
მარცხს ვერ დავარქმევ მაგრამ გამოწვევა კი ბევრი მაქვს. მიზნებს როცა ვისახავ, ჩემს შესაძლებლობებს ვითვალისწინებ, შესაბამისად, დიდი მარცხი, ჯერჯებით, არაფერი მქონია. მაგალითად, საქანელის გაკეთება მინდოდა მთაზე და ვერ მოვახერხე. ეს თუ შეიძლება მარცხად ჩაითვალოს, მაშინ ეს არის.
სანამ „ზანდურის სახლის“ დიასახლისი გახდებოდით, თქვენს შვილებთან ერთად განიხილავდით, ღირდა თუ არა ამხელა საქმის წამოწყება. გარისკეთ და შედეგიც მიიღეთ. რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს, რომლებიც ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან?
ჩემმა რისკმა გაამართლა. მოგებაზე ნელ-ნელა გავდივართ, მაგრამ ცნობადობა თავიდნავე გვქონდა. ხალხისთვის მოტივაციაც ვარ. სტუმრები მყავდნენ რაჭიდან, რომლებმაც მითხრეს: ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, თბილისში ამინდს ვქმნით, მაგრამ გვინდა, ვისწავლოთ თქვენგან, როგორ ააშენეთ ეს ყველაფერიო. შესაბამისად, მათთვის ლეჩხუმში ამინდს მე ვქმნი. თუკი რამე გინდა ადამიანს მთელი გულით და იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ. როცა ეს საქმე დავიწყე, უკან დასახევი გზა არ მქონდა. რაღაცას რომ ვაშენებდით, დეტალებში ვიცოდი, რა უნდა გაგვეკეთებინა. წარმოუდგენელი რაღაცები მაფიქრდებოდა, რის გასაკეთებლადაც ცოდნა არ მქონდა, მაგრამ ინტუიციის წყალობით მივაღწიე იმას, რაც დღეს მაქვს. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და ყველა ხავსი, რომ ვთქვათ, ამ გზაზე მყარი შემხვდა.
მეწარმეობის კუთხით, განვითარების რა ეტაპზე ხართ ახლა?
აგერ, ახლა, ახალი იდეა დამებადა, დედაჩემს და მამაჩემს გავუზიარე: ჩემთან რომ ტყის ფერდობია, იქ მინდა გავაკეთო გამოქვაბულები-მეთქი. მინდა მიწა გამოვიღო და ტერსებზე გამოქვებულები გავაკეთო, დაახლოებით ისე, როგორც ვარძიაა. ახლა ვაკეთებ ტერასას. სანამ ზანდურის სახლს დავიწყებდი ბეღლის მხარეს, სულ ვფიქრობდი, ნეტავ, აქ ტერასა გამაკეთებინა-მეთქი. აქ იქნება ღია კაფე, ფერადი ჭურჭლით, კოქტეილებით… ეს იქნება სადეგუსტაციო სივრცე. ჩემი ეზოს ვარდებით გაკეთებული კოქტეილი კი მინდა, ჩემი ერთ-ერთი მიმართულება იყოს. ყოველთვის ვცდილობ, რომ დაბრუნებული სტუმრებისთვის მქონდეს სიახლე. ამასთან ერთად, მეღვინეობის დარგში, პროგრამის ,,აწარმოე სქართველოში“ გრანტი მოვიპოვე, 20 000 ლარის ოდენობით. შევიძინე ჭურჭელი, რაც ღვინის
წარმოებასთან არის დაკავშირებული, შევიძინე ყურძნის საჭყლეტი და ღვინის ჩამოსასხმელი აპარატები. ახლა უკვე მზის პანელებიც გვაქვს.
რა ფერი აქვს თქვენთვის ,,ზანდურის სახლს“ ?
ზანდურის სახლი ჩემთვის ოქროსფერია, აქ ყველაფერი სინათლით არის სავსე. თვითონ ზანდურიც ოქრსფერია და ჩემთვისაც აქ ყველაფერს ხორბლის ფერი აქვს.
ავტორი: მარი შაშიაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ციფრული მედია და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
ინტერვიუ მომზადდა სასწავლო კურსის “ინტერვიუ ციფრულ მედიაში” ფარგლებში (პროფ. ია ანთაძე)