შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
,,განათლება არის ყველაზე დიდი პოლიტიკა“
05/05/2022
პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების იდეად განათლების პროპაგანდას და დეოკუპაციას თვლის, პროფესიით ჟურნალისტია და მიაჩნია, რომ პოლიტიკაში მისი წარმატების ერთერთი ფორმულა სწორედ ჟურნალისტიკაა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეზე, თამარ ბელქანიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში განათლებისა და კულტურის საკითხებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სპორტსა და დეოკუპაციას კურირებს. პარალელურად კი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურის კვლევათა დოქტორია.
- წლებია საზოგადოება გიცნობთ, როგორც ჟურნალისტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს. სიახლეები და ახალი გამოწვევები ყოველთვის თქვენი თანმდევია, გაიხსენეთ ის მომენტი, როცა საკუთარ თავს უთხარით, რომ პოლიტიკის დროა.
დავიწყებ იმით, რომ ყოველთვის ვინტერესდები სტუდენტების პრობლემებით, ანუ რა უშლით მათ ხელს, რომ ეფექტურად ისწავლონ. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ერთი სტუდენტი ლექციებს აცდენდა, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან გამიკვირდა. მითხრა, რომ ის არის საოკუპაციო-გამყოფი ხაზიდან და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება შეუწყდა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე სწავლობენ. დავინტერესდი, რატომ შეწყდა დაფინანსება, რადგან ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია, მოცემულობა არ შეცვლილა. ჩავედი ფახულანში, ეს არის სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზზე, ურთულესი ადმინისტრაციული ერთეული, რადგან იქ 2008 წელს რუსის ჯარი იდგა და ადამიანები სერიოზული სტრესის ქვეშ ცხოვრობდნენ. როდესაც დავიწყე ამ ყველაფრის სიღრმისეულად კვლევა, გავიგე, რომ 2013 წელს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების სწავლის დაფინანსების შესახებ და 2019 წელს დაფინანსება შეწყდა. გავარკვიე, რომ ეს მექანიზმი კორუფციის წყაროდ იყო ქცეული. ეს იყო პირველი ბიძგი, რამაც მაფიქრებინა, რომ უფრო მეტი იყო გასაკეთებელი, ვიდრე მხოლოდ გადაცემის შექმნა და სამეცნიერო ცხოვრებაა.
როდესაც შემოთავაზება მივიღე ,,ლელოდან“, მათ ვუთხარი, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა, თუ ეს პოლიტიკა არ მოიცავდა განათლების, დეოკუპაციის ფრაგმენტს და მათგან მივიღე სრული მხარდაჭერა, რომ სწორედ ის, რასაც ვაკეთებდი, მათთვის იქნებოდა საინტერესო. ასე აღმოვჩნდი პოლიტიკაში. მთელი ორწლიანი პოლიტიკური მუშაობის ფონზე, მთავარი ინიციატივები და პლატფორმა იყო განათლება, განათლების პროპაგანდა, განათლების მხარდაჭერა და დეოკუპაცია.
- თვალს ვადევნებდი თქვენს საარჩევნო კამპანიას თვითმმართველობის არჩევნების დროს, თითქმის ყველა ადამიანს, ამომრჩეველს პირადად შეხვდით და არწმუნებდით, რომ ცვლილებების დროა და ამ პროცესში პოლიტიკოსების ხალხთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს როგორია მერის მოადგილისა და წალენჯიხელი ხალხის ურთიერთობა?
როდესაც ვიყავი კანდიდატი, 24-საათიან რეჟიმში ვხვდებოდი ადამიანებს, დილით 8 საათზე გავდიოდი და სადამდეც შემეძლო, კარდაკარ დავდიოდი. არ არის მარტივი, წახვიდე ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორმე მივსულიყავი ადამიანებამდე და მიმეტანა იდეა, რის გამოც არცთუ ისე პატარა ასაკში პოლიტიკაში ჩავერთე. ამ ადამიანებს ვეუბნებოდი, რომ მთავარი ჩემი მიზანი, რის გამოც დედაქალაქში მივატოვე ყველაფერი და წამოვედი წალენჯიხაში არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, მივიღოთ ისეთი განათლება, როგორიც ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას გამოადგება; გვაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღოთ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში; გვაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღოთ ბიუჯეტის დამტკიცებაში; გვაქვს უფლება, როგორც მოქალაქეებს, ყველაფერი ვიცოდეთ ჩვენ ირგვლივ, ჩვენ შესახებ, ის, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არაა სამშობიარო სახლი, ის, რომ მუნიციპალიტეტში 29 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 26 ათასი მუდმივად; ქალებს აქვთ უფლება, არსებობდეს ისეთი ცენტრი, სადაც მივლენ და შეიმოწმებენ ჯანმრთელობას, არ არის რადიოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ქირურგი… ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ, იცხოვრონ, არ აქვთ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ამის გამო დავდიოდი კარდაკარ. სადღაც სამ თვეში 50-მდე ფეხსაცმელი გავცვითე და სამაგიეროდ შედეგიც მივიღე, დღეს ვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კოალიციურ მმართველობაში და ვარ მერის მოადგილე. წელიწადნახევრიანი პოლიტიკური აქტივობის ფონზე, მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ დიდი გამართლება და პასუხისმგებლობაა.
- როგორია თქვენი საქმიანობის ყოველდღიური რუტინა?
დღის განმავლობაში კორესპონდენციას ვმართავ, შემოსულ წერილებზე რეაგირებას ვახდენ, ასევე, მოქალაქეებს ვხვდები, ვარ სოციალური კომისიის ხელმძღვანელი, სოციალური დაფინანსებები, სამედიცინო დახმარებები, სახელმწიფო პროგრამები განათლების, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის – ყველაფერი შედის მერის მეორე მოადგილის კომპეტენციაში. უფრო მეტი საქმეა, მეტი პასუხისმგებლობაა, რადგან ადამიანები მენდნენ და ხელისუფლებაში მომიყვანეს, ბუნებრივია, ეს ნდობა უნდა გავამართლო.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, ,,წალენჯიხა არის მოდელი – თუ როგორაა შესაძლებელი, რომ კოალიციური ხელისუფლება იდგეს ხალხის სამსახურში, რომ ხელისუფლება დავუბრუნოთ თავად ხალხს“. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში რამ გამოიწვია წალენჯიხის ასეთი განსაკუთრებულობა?
არ იყო მარტივი, ხელისუფლება იყენებდა ყველა რესურსს და ამის ფონზე რაიმე შედეგის მიღწევა ფანტასტიკის სფეროდ ჩანდა. როდესაც წალენჯიხაში ჩავედი, ერთმანეთს შევხვდით ,,ნაციონალური მოძრაობის“, ,,ლელოს“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“, ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და შევთანხმდით, რომ ცალ-ცალკე გამარჯვება მთლიანობაში მარცხი იქნებოდა, ამიტომ თუ გავერთიანდებოდით, თუ ადამიანებს ვანახებდით პირველ პრეცედენტს, რომ რეალურად ვართ გაერთიანებული, ხალხს გაუჩნდებოდა იმედი, რომ ხელისუფლებაში ერთპარტიული დიქტატი დასრულდებოდა.
მმართველობის კოალიციური სისტემა გამორიცხავს კორუფციულ სქემებს, ნეპოტიზმს, რადგან ყველა ერთმანეთის მაკონტროლებელია. გარდა ამისა, მივიღეთ წალენჯიხის თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს თვითმმართველობის გააქტიურებას, ორპალატიანი სისტემაა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ყველა პროცესში ერთვებიან.
ამის გარდა, ბუნებრივია, დამეხმარა ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, რადგან ყველა აქტივობა, ყველა პრობლემა ონლაინრეჟიმში იყო ხალხისთვის ხელმისაწვდომი. წარმატების ერთერთ ფორმულად განვიხილავ სწორედ იმას, რომ ჩემი პროფესია ჟურნალისტიკაა.
- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 20 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ადგილობრივი დემოკრატიის კრიზისზეა საუბარი. საკრებულოების საქმიანობების ჩაშლა, ბიუჯეტით მანიპულირება, ოპონენტზებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები, რატომ არ სურს ხელისუფლებას თანამშრომლობა?
გაირკვა, რომ ხელისუფლებას მართვა მხოლოდ ერპარტიულ რეჟიმში შესძლებია. ზუგდიდის მაგალითი ავიღოთ, ზუგდიდის მერის ხელფასი არის 5600 ლარი და მან საახალწლოდ პრემია გამოიწერა, დაახლოებით, 11 ათას ლარამდე, იმ დროს, როდესაც ზუგდიდსაც საოკუპაციო ხაზი გააჩნია, განათლებაზე წვდომა დაბალია, სოციალური სიდუხჭირეა, ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. შეიძლება ასეთ რეალობაში შენი ხელფასი რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის ბიუჯეტს აღემატებოდეს? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ბიუჯეტიც ჯიბეზე იყო მორგებული და მთავარი იდეა საკუთარი კომფორტის უზრუნველსაყოფად ერთპიროვნული მართველობის შენარჩუნება იყო.
წალენჯიხის მერისთვის საწვავის ლიმიტად ერთი ტონა ფიქსირდებოდა, ჩართულიც რომ დატოვო ძრავი, თვეში ვერ დახარჯავ ამდენს, ანუ სად მიდიოდა? მათ ჯიბეში. თუმცა ხელისუფლებას თანამშრომლობა მაინც მოუწევს, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა.
- „ოპოზიციური წალენჯიხა განათლების და კულტურის ცენტრად იქცევა“-განათლებაზე აქცენტი იყო თქვენი მთავარი მესიჯი საარჩევნო კამპანიისას, როგორ ხედავთ თქვენს კონკრეტულ როლს ამ პროცესში?
ძალიან სერიოზული პროექტები უკვე მოქმედებაშია. შეიქმნა წალენჯიხის მეგობართა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულები არიან ცნობილი და ფინანსურად წარმატებული ადამიანები, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე, თემურ ჭყონია, მამუკა ხაზარაძე. მათ ირწმუნეს, რომ წალენჯიხა შეიძლება, წარმატების მოდელი იყოს.
,,საქართველოს უნივერსიტეტმა“ წალენჯიხელ სტუდენტებს, რომელთაც სოციალური სიდუხჭირის გამო სტატუსი შეუწყდათ, ეს სტატუსი აღუდგინა.
წალენჯიხაში იქნება ,,კემბრიჯის სკოლა“, ეს გულისხმობს ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე, მოზარდებისთვის. სპორტის პედაგოგებისთვის, მწვრთნელებისთვის სასერტიფიკატო გადამზადება იგეგმება.
,,ფორმულა ჯგუფის“ მხარდაჭერით წალენჯიხის ცენტრში მდებარე ჭადრაკის სასახლის სრული რეაბილიტაცია და მედიაჰაბად გარდაქმნა მიმდინარეობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს კომპიუტერით, ულიმიტოდ გამოიყენოს ინტერნეტი და ისწავლოს.
,,ფორმულა ჯგუფის“ ინიციატივაა და 200 ათასი ლარია ჩადებული ქალაქ ჯვარის სტადიონის რეაბილიტაციაში.
ასევე, მამუკა ხაზარაძის იდეაა, რომ სქურში სტუდენტური კემპინგი ჩამოყალიბდეს. მისივე ინიციატივაა, რომ წალენჯიხაში აღდგეს დოღი და კავკასიის ჩემპიონატი ჩატარდეს სოლიდური პრიზით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საჯინიბოები, მათ შორის, აფხაზეთიდან. ეს იქნება გარკვეული ხიდი ჩვენსა და აფხაზებს შორის.
თებრვლის ბოლოს იგეგმება წიგნის ოთხდღიანი ფესტივალი, აფხაზურენოვანი წიგნის პრეზენტაცია.
იგეგმება მუსიკალური ცენტის, ჩრდილების თეატრის შექმნა. ოთარ ეგაძე აპირებს, რომ თეატრალური სარდაფი გააკეთოს.
გამოიცემა უნიკალური ალბომი ,,ტერენტი გრანელის უცნობი ჩანახატები“, რომელიც ჩვენი მერის, გიორგი ხარჩილავას ინიცირებით იქნება ხორცშესხმული.
განათლების მიმართულებით სერიოზული პროგრამაა გაწერილი.
- ზემოთაც აღვნიშნეთ და ვიცი, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან სტუდენტების დაფინანსების საკითხს განათლების სამინისტრო სწავლობს, რა ეტაპზეა ეს პროცესი, უფრო მეტი ინფორმაცია რომ გვითხრათ.
ხომ იცით, სტერეოტიპია, რომ თუ ჟურნალისტს დაელაპარაკები, შეიძლება შენ, შენს მშობლებს, ან ახლობლებს რამე პრობლემა შეგექმნათ, მაგრამ, როდესაც ფახულანში სიარული დავიწყე, მათ ვუხსნიდი, თუ ხმას არ ამოვიღებთ, თუ პრობლემის არსამდე არ ჩავალთ, თუ არ გამოვავლენთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი საქმე გააფუჭეს, ახალგაზრდებში დაპირისპირება გამოიწვიეს, მაშინ ამით პრობლემა გაღრმავდებოდა და არ მოგვარდებოდა. ერთი წლის განმავლობაში დავდიოდი ფახულანში, ჭალეში, ვეძებდი ადამიანებს, რომლებიც დამელაპარაკებოდნენ, ნელ-ნელა ასე გავიცანი ფახულანი და მთელი საოკუპაციო ხაზი, რამდენიმე სიუჟეტი გავაკეთეთ, სახელმწიფოს ავუხსენით მედიით, რომ ეს პრობლემაა, როდესაც ასე ხისტად იღებ გადაწყვეტილებას, თუმცა სახელმწიფო მოხელეებმა სახელწიფოს სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს, 180-კაციანი სია გააგზავნეს დასაფინანსებელი ბავშვების, ბუნებრივია, რეინტეგრაციის სამინისტროში დაინტერესდნენ, განა, რა სკოლაა ფახულანში ასეთი, რომ 180 მეთორმეტეკლასელი სწავლობს. ამიტომ მათ ხისტად ჩახსნეს დაფინანსება. დაზარალდა იდეა და ეს ძალიან კარგი ინიციატივა. კარგი იქნებოდა, შესწავლილი ყოფილიყო სიღრმისეულად, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს და მათ სტატუსი დაბრუნებოდათ. ამ ეტაპზე მივაღწიე იმას, რომ ფახულანში აღდგა დაფინანსება და ვიბრძვი იმისთვის, რომ ჭალესაც აღუდგეს.
- როდის მოვა ის დრო, როცა „ ახალგაზრდების სიტყვა ბანზე ასაგდები აღარ იქნება“?
ჩემი პოლიტიკური აქტივობა იმითაცაა საინტერესო, რომ გუნდში ვინც მყავდა, ყველა იყო 25 წლამდე. ისინი დღეს წალენჯიხის აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან. ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ეს მუნიციპალიტეტი მათ განკარგონ. განათლება არის ყველაზე დიდი პოლიტიკა.
ავტორი: ნელი ვერულაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ციფრული მედია და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
ინტერვიუ მომზადდა სასწავლო კურსის “ინტერვიუ ციფრულ მედიაში” ფარგლებში (პროფ. ია ანთაძე)