შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
ქართველი მოსწავლე ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა
11/04/2022
ანასტასია ლელაძე ქალაქ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლეა, რომელიც წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების განხრით 95% დაფინანსებით ჩაირიცხა. იგი ამ მნიშვნელოვან მოვლენასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და განვლილ გზაზე საკუთარ ემოციებსაც გვიზიარებს.
ანასტასიას თქმით, ამერიკული და ქართული განათლების სისტემები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, სწორედ ამიტომ მომზადების პერიოდი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. „მთელი გათვლა არის იმ უნარებზე, რომელიც ამერიკულ სკოლებში თორმეტი წლის განმავლობაში ყალიბდება. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკადემიურ მხარესთან ერთად ამაზეც მოგვიწია მუშაობა.“
აღსანიშნავია, რომ ჰარვარდში, ბაკალავრიატის საფეხურზე მოხვედრა ძალიან რთულია, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია. „უმაღლესი განათლების ზედა საფეხურებზე, როგორიცაა მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ნაკლები კონკურენციაა და მეტი შანსია მოხვედრის. ბაკალავრიატზე კი შედარებით რთულია. თავიდანაც, რომ დავიწყეთ ეს საქმე ცოტა წარმოუდგენელი იყო. ჯერ ბაკალავრიატზე და მერე ჰარვარდში აპლიკაციის გაგზავნა. კომპეტენტური ადამიანებიც კი მეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაბალი იყო მოხვედრის შანსი. სანამ შედეგები ცნობილი გახდებოდა, ცოტა იმედიც გადამეწურა. ახლაც არ მჯერა, რომ ეს საქმე გამოვიდა.“ – ამბობს ანასტასია.
ანასტასია ლელაძე აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა მსგავს საკითხებზე მუშაობის გამოცდილებისა და რესურსების ნაკლებობა იყო. სწორედ ამ თვალსაზრისით დაიკარგა ყველაზე მეტი დრო და ენერგია. სურს, მიღებული ცოდნა სხვა ბავშვებსაც გაუზიაროს და მიზნების ასრულებაში დაეხმაროს. „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უნდა ვთქვა, რომ ეს პრობლემა აღარ ექნებათ მომავალ თაობებს. ჩვენს სკოლაში გვინდა შევქმნათ კარიერული განვითარების კლუბი, სადაც დეტალურად მივყვებით სააპლიკაციო პროცესს და ყველა ბავშვს დავეხმარებით ინდივიდუალურად. ეს იქნება ძალიან კარგი რესურსი. მთავარია, მოსწავლემ გადაწყვიტოს, რომ უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა და დანარჩენში ჩვენ დავეხმარებით, რადგან ვიცით რამდენად რთულია ეს ყველაფერი.“
როგორც ანასტასია გვიამბობს, ამ წარმატებაში ყველაზე დიდი როლი მის სკოლასა და მასწავლებლებს მიუძღვით. არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც.
„ფსიქოლოგიურად ეს პროცესი არ ყოფილა მარტივი. ხშირად მქონდა მომენტი, როცა უკვე აღარ მინდოდა გაგრძელება, როცა საკუთარ თავში ძალას ეძებ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სწორედ, ასეთ დროს მასწავლებლები მედგნენ გვერდით. ამ საქმეში ჩართული იყო მთელი ჩემი სკოლა და როდესაც ვიაზრებდი, რომ არ ვიყავი მარტო ეს იყო ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის, რომ ბოლომდე მიმეყვანა საქმე.“
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მათემატიკის მასწავლებელმა, მურათ ულუირმაქმა ურჩია და სწორედ ის დაეხმარა საგამოცდო სამზადისში. „მახსოვს, მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც მურათ მასწავლებელმა მათემატიკის გაკვეთილიდან გამიყვანა და ეს იდეა გამაცნო. როდესაც, გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა, სწორედ, ამ დროს დაიწყო პანდემიაც. ამიტომ დავიწყეთ ონლაინ მზადება გამოცდებისთვის.“
ანასტასია თანატოლებს მრავალმხრივ განვითარებას ურჩევს, რაც წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პოლიტიკური მეცნიერებების კარგად შესწავლის გარდა მას სკოლის პერიოდში კლასგარეშე აქტივობებით მიღებული ცოდნაც დაეხმარა. „სკოლაში აკადემიური სწავლების გარდა, წახალისებულია კლასგარეშე აქტივობებიც, რადგან სწორედ ეს აყალიბებს პიროვნებას. აღმოაჩინეთ რა გაინტერესებთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი ღირებულებები. განვითარდით ყველანაირად, რადგან აპლიკაციის შეფასების პროცესშიც დიდი ყურადღება ექცევა თავად პიროვნებას.“
ავტორები: ანა ჩალაშვილი და დავით მათიაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები