შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
საქველმოქმედო საღამო „ვერთიანდებით უკრაინისთვის“
08/04/2022
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ზაპოროჟიედან და მარიუპოლიდან ომის დაწყებამდე ჩამოსული უკრაინელები. ისინი, ცნობილი მიზეზების გამო, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. თუმცა, მათ იპოვეს ძალა, რომ ქართველი ხალხისთვის წარმოდგენა შეეთავაზებინათ და თავიანთი განცდები გაეზიარებინათ.
“არაერთი შემოქმედებითი აქცია გამართულა, მაგრამ დღეს, რასაც ვესწრები, განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს სხვაგვარი მხარდაჭერაა. მინდოდა, აქ მოსვლით, ჩემი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამომეხატა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჩვენთვისაც იბრძვიან”, – აღნიშნა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მემანიშვილმა.
დამსწრეებმა მოისმინეს მუსიკალური ნომრები ეროვნულ სამოსში გამოწყობილი უკრაინელი ბავშვების შესრულებით, გაიყიდა სუვენირები, სამახსოვრო ნივთები უკრაინის დროშის ფერებში.
ორგანიზატორების თქმით, ნივთები საქველმოქმედო საღამოს შემდეგ კვლავაც გაიყიდება და შეგროვებული თანხა გაიგზავნება უკრაინაში, მედიკამენტების შეძენის მიზნით.
ავტორი: ნინი შაორშაძე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი