შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი
„ტყვიისგან გიცავთ სიფრთხილე“- ლელი ბლაგონრავოვა ომის ფოტოგრაფიაზე
28/03/2022
ლელი ბლაგონრავოვა ფოტოგრაფი 17-წლიანი გამოცდილებით. გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ომში ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ.
ლელის თქმით, ომში ფოტორეპორტიორობა მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მზაობას. ამასთან მნიშვნელოვანია იყოთ კარგად ინფორმირებული, ზოგადი სიტუაციის შესახებ.
„არ უნდა დაზიანდეთ. უნდა გეცვათ შესაბამისად, გამოიყენეთ ბრონის ჟილეტი. წაიღეთ ნაკლები ეკიპირება. უნდა იცოდეთ წესები, თუ არ იცით ჰკითხეთ უფრო გამოცდილს. არ შეიძლება საზღვრების გადაკვეთა“. აქვე, გვაფრთხილებს, რომ ფოტორეპორტიორებს ხშირად უწევთ სირბილი და სწრაფი გადაადგილება.
2008 წლის ომის გადაღება მისთვისაც პირველი გამოცდილება იყო, რომელმაც შემდგომში ფსიქოლოგიური და ემოციური გართულებები გამოიწვია. „ჩემთვის, პირადად, რთული იყო. ჩემს თავზე ზრუნვასაც არ ვგრძნობდი. იმდენად შოკისმომგვრელი გარემოა, რომ მაგის დრო არ გაქვს. ფიზიკურადაც და ემოციურადაც ცუდად ვიყავი. თბილისში დაბრუნებისას დამჭირდა ფსიქოლოგიური დახმარებაც. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი სამი დღე, მქონდა შიში, კანკალი. იმის გააზრება თუ სად ვიყავი უფრო საშიში იყო, ვიდრე იქ, იმ მომენტში ყოფნა.“
ფოტორეპორტიორები საგანგებო სიტუაციებში მუშაობის დროს ხშირად აწყდებიან ეთიკურ დილემებს და საზოგადოებისგან განკიცხვის ობიექტებიც ხდებიან. ამის ცნობილი მაგალითია 1993 წელს სუდანში გადაღებული ფოტო „გოგონა და სვავი“. ფოტორეპორტიორმა, კევინ კარტერტმა გადაიღო კადრი, რომელშიც გამოსახული იყო შიმშილისგან მომაკვდინებელი გოგონა და მის გვერდზე მჯდარი სვავი. კარტერმა ამ კადრისთვის უმაღლესი ჯილდო, პულიტცერის პრემია მიიღო, თუმცა საზოგადოებამ იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა გულგრილობის გამო.
ლელი ბლაგონრავოვას თქმით, სამხედრო კონფლიქტის გადაღებისას ფოტორეპორტიორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ნებისმიერი ზიანის მქონე ადამიანების დახმარების დროს, რადგან შესაბამისი განათლება არ აქვთ. „ჩვენ არ ვართ ექიმები და ჩვენი საქმეა გადავიღოთ. როდესაც ხედავ დაჭრილს, მასთან მისვლა ნიშნავს ამ ადამიანის დაიმედებას, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია. ვერ შევაფასებთ რა დაზიანება აქვს ადამიანს, რომ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და შეიძლება უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად გავლილი უნდა გვქონდეს პირველადი დახმარების ტრენინგი.“
ფოტოგრაფსა და ფოტორეპორტიორს შორის სხვაობაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ ფოტორეპორტიორი იგივე ჟურნალისტია. გადაღებისას უნდა ფლობდეს ინფორმაციას, როგორიცაა ადგილმდებარეობა, სახელი, გვარი, როდისაა გადაღებული, რა მოხდა და ა.შ. და თუ ფოტოგრაფს შეუძლია მეტი დრო დაუთმოს კადრის კომპოზიციას, რეპორტიორებს ამის ფუფუნება არ აქვთ.
„მოხდა, დაინახე, გადაიღე, გააგზავნე. პლუს, ეს ინფორმაციებიც უნდა დაურთო.“
რაც შეეხება ომის ფოტოგრაფიასა და მის განვითარებას, ლელი აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიის ეს მიმართულება ნაკლებად პოპულარულია და ძალიან ცოტამ იცის როგორ უნდა გადაიღოს და იმოქმედოს ომში, რა ენაზე ილაპარაკოს, ვისთან ჰქონდეს კონტაქტი. „ეს მიმართულება პოპულარულია ომის პერიოდში. ჩემი გორის თემაც მაშინ ხდება პოპულარული, როცა კონფლიქტია რეგიონში. განსაკუთრებით, როდესაც მეგობარ ქვეყანას ბომბავს იგივე მტერი, რომელმაც შენ დაგბომბა. ამიტომ, დღეს უფრო ხშირად მიკავშირდებიან გორის ომთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა დღეებში.“
ფოტოგრაფი გვესაუბრება ტექნიკის განვითარების როლზეც ომის ფოტოგრაფიაში. 2008 წელს პირველი იყო, ვინც ქართულ მედიას ომის კადრები გააცნო. მისი თქმით, ფოტორეპორტიორი უნდა იყოს ოპერატიული, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხია ინტერნეტის საშუალება ჰქონდეს ან იცოდეს ვის გაატანოს მასალა. „დღეს ფოტოაპარატიდან და ტელეფონიდანაც შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოტოები, თუმცა სხვა საკითხია არის თუ არა ინტერნეტი ან იცოდე ვის გაატანო ეს მასალა. შეიძლება დღეების განმავლობაში იღო ფოტოები, მაგრამ ვერ გააგზავნო და მერე აქტუალურიც აღარ იყოს.“
„თუ შენი ფოტოები არ არის კარგი, ე.ი. საკმარისად ახლოს არ ყოფილხარ“ ეს სიტყვები ომის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერტ კაპას ეკუთვნის. ლელიმ საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა. „არის კიდევ ასეთი გამონათქვამი „მკვდარი ფოტოგრაფი არავის სჭირდებაო“. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ახლოს მისვლა კარგია, მაგრამ გააჩნია სად. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მაინცდამაინც არ უნდა შეუვარდე მტერს კამერით. არ გეგონოთ, რომ კამერა დაგიცავთ ტყვიისგან. თქვენ ტყვიისგან გიცავთ სიფრთხილე. ომში გადაღებული ფოტოები არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე. ომი ჩანს ადამიანების სახეებზე, ოჯახებზე, იძულებით გადასახლებულებზე, დაბომბილ სახლებსა და საავადმყოფოებზე.“
ავტორი: ანა ჩალაშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი