შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მედია ცენტრი

ქართველი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერი შრიფტები

28/06/2021

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების შრიფტების შექმნის იდეა თავდაპირველად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაჩნდა და მან სამი ეტაპი მოიცვა.

პირველ ეტაპისთვის გადაწყდა შექმნილიყო ათი საზოგადო მოღვაწის ხელნაწერი შრიფტი. იდეის ავტორები გახლდნენ ნიაზ დიასამიძე, დავით მაისურაძე და ზვიად კორდაძე, რომლის საადვოკატო ფირმამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შრიფტების შექმნის იდეის რეალობაში მოყვანას. პირველ ეტაპზე შეიქმნა ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების შრიფტები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ამბროსი ხელაია და ლუარსაბ ანდრონიკაშვილი.

ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მეორე ეტაპი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებულობის ასი წლის იუბილეს, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა იმ ხუთი მოღვაწის შრიფტი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობაში და შემდეგ ემიგრაციაში, საქართველოს ინტერესების დაცვაში. მეორე ეტაპზე შეიქმნა ვიქტორ ნოზაძის, მიხაკო წერეთელის, ივანე ნანუაშვილის, გრიგოლ რობაქიძის და გიორგი კვინიტაძის ხელნაწერი შრიფტები.

ხელნაწერთა შრიფტის შექმნის მესამე ეტაპი კი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შრიფტების შექმნის  პროცესში ჩაერთო ჯეპრა. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ოთხი ხელნაწერი შრიფტი: ნიკო ნოკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასი.

,,ხელნაწერი შრიფტების შექმნას ორი მთავარი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ქართველი საზოგადო მოღვაწეები სხვა კუთხით დავანახოთ საზოგადოებას, რადგან ხელნაწერები ბევრს ამბობენ მათ ხასიათზე, განწყობაზე და შეხედულებებზე. მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს ქართული დამწერლობის და ქართული შრიფტების მეტად პოპულარიზაციაა”- აღნიშნა ჯეპრას წარმომადგენელმა რუსკა უსტიაშვილმა.

ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. სირთულეს წარმოადგენს უშუალოდ ხელნაწერებისა და წერილების მოპოვება, რადგან ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის არქივთან წვდომა ძნელია და ამ პროცესში მრავალ ორგანიზაციას უწევს ჩართვა.

როგორც დავით მაისურაძე ამბობს, რომელიც უშუალოდ შრიფტის შექმნაზე მუშაობს, შრიფტის შექმნამდე იწყება ხელნაწერების კარგად და საფუძვლიანად შესწავლა, შემდეგ, სწორედ ხელნაწერიდან გამომდინარე, უნდა შეისწავლო თვითონ ხელნაწერის ავტორი, მისი ბუნება, რამდენად ცვალებადია მისი კალიგრაფია სხვადასხვა დროს, ასაკში, სხვადასხვა ნაწარმოების ან თუნდაც პირადი წერილების წერისას.

,,ხელნაწერი შრიფტების შექმნის პროცესში სირთულე არის, ასევე გრაფიკული ნახაზების აგება, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეს არცერთი ასოს ვარიაცი, ამით იმას ვგულისხომ, რომ განსხვავებით სტანდარული შრიფტებისა, ხელნაწერ შრიფტებში ჩვენ ასოთა მეტი სიმრავლე გვაქვს. ერთ ასოს შესაძლოა ოთხი ან მეტი სხვადსხვა ფორმა ჰქონდეს. შესაძლბელია ისიც, რომ სიტყვაში ერთი და იგივე ასო საწყის, შუალედურ და საბოლოო პოზიციაში განსხვავებულად დაიწეროს, რაც ქმნის განწყობას თითქოს კითხულობ ნამდვილად ხელით დაწერილს და არა კომპიუტერის მიერ შედგენილს”.

 

 

ავტორი:
მარიამ მერლანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, მედია ცენტრის ჟურნალისტი

რადიო IBSU

Free Shoutcast HostingRadio Stream Hosting